Accessibility links

logo-print
ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მისდამი და, შესაბამისად, მთავრობის წევრებისადმი ნდობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე წარდგა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის შემდეგ მთავრობაში მეშვიდე მინისტრი იცვლება და დღის წესრიგში დგება მინისტრთა კაბინეტისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი. ზურაბ ჭიაბერაშვილმა კომიტეტის წევრებს საკუთარი ხედვა გააცნო, თუმცა ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობა 20 მარტს დანიშნულ საპარლამენტო სესიაზე მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს.

ჯანდაცვის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, იმ დეპუტატებს, რომელთაც 20 მარტს მას და მთავრობის მთელ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამომავლო მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო:

”ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი მივიდეს მოქალაქე ახლად გახსნილ სამედიცინო დაწესებულებაში და რამდენად შეუძლია მას თავად ფინანსურად მიიღოს ეს სამედიცინო მომსახურება და, იმავდროულად, რამდენად შეესაბამება იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია იმას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ კარგი სამედიცინო მომსახურება.”
თუ ყველა ჩვენი ინიციატივა გათვალისწინებული იქნება და ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებთან გვექნება საქმე ...

ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ, მიუხედავად სფეროში არსებული წარმატებებისა, რჩება რეფორმების ადგილი. მან დასძინა, რომ გადაიხედება სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტებიც და შესაძლოა ის სხვადასხვა სოციალურ ფენებზე უფრო მორგებული გახდეს.

ამ და სხვა ინიციატივების მიუხედავად, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა უკვე იცის, რომ მისი საპარლამენტო გუნდი ზურაბ ჭიაბერაშვილს და მასთან ერთად მთელ სამთავრობო გუნდს ნდობას არ გამოუცხადებს. ნდობის გამოუცხადებლობა ამჯერად ჯანდაცვის ახალ მინისტრს ყველაზე ნაკლებად ეხება, ის უფრო მთავრობის ძველ წევრებს შეეხებათ:

”თუ ყველა ჩვენი ინიციატივა გათვალისწინებული იქნება და ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებთან გვექნება საქმე, არ ვიცი, მაგრამ წინასწარ ასეა, რომ ნდობას არ გამოვუცხადებთ.”

მაგდა ანიკაშვილის მსგავსად, მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხთან კითხვის ნიშანს სვამს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გურამ ჩახვაძეც. 19 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის დასმულ შეკითხვებზე თუ შესაფერის პასუხს არ მიიღებს, მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს.

აქვე ვთქვათ, რომ 15 მარტს გამოცხადებული საკადრო ცვლილება, - პრეზიდენტის მიერ ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილის დანიშვნა, - კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურას საჭიროებს. ეს იმიტომ, რომ 2010 წელს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობის ბოლო დამტკიცების შემდეგ მინისტრების 1/3 შეიცვალა.

Write Your Quote Hereეს უპირატესობა მეტი იქნება რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, ვიდრე ოქტომბერში არჩევნების შემთხვევაში, მაშინ სავსებით შესაძლებელია ეს ნაბიჯი გადადგან ...
მაშინ როცა სხვადასხვა სახელისუფლებო თანამდებობის პირები ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე საუბრობდნენ, საპარლამენტო უმცირესობისთვის უმოტივაციო ჩანს ამ სფეროში ახალი მინისტრის დანიშვნა.

თუმცა კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ეს ფაქტი აფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას საკადრო ცვლილება სულ სხვა მოტივაციით სჭირდება, მიუხედავად პროცედურის სირთულისა. თუკი ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული მიზნები არ ამოძრავებს, პარლამენტი აუცილებლად გამოუცხადებს ნდობას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას. თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება შეიძლება გაზაფხულზე სწორედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებელ ნიადაგს ამზადებდეს. საქმე ის არის, რომ თუკი პარლამენტმა 3-ჯერ არ გამოუცხადა ნდობა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი უფლებამოსილია შეცვალოს პრემიერ-მინისტრი და დაითხოვოს პარლამენტი.

” თუ მიაჩნიათ, რომ არსებული სიტუაცია მათ აძლევთ უპირატესობას და ეს უპირატესობა მეტი იქნება რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში, ვიდრე ოქტომბერში არჩევნების შემთხვევაში, მაშინ სავსებით შესაძლებელია ეს ნაბიჯი გადადგან. მე აბსოლუტურად არ გამიკვირდება ამ ხელისუფლებისგან, რომ ერთბაშად მაინც წავიდნენ რიგგარშე არჩევნების დანიშვნაზე”, ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

აქ გავიხსენოთ, რომ გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ინიციატივით რამდენიმე ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა- ახალი ინიციატივა” გამოდიოდა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასაც აპირებდა. მაშინ ორგანიზაცია საკონსტიტუციო ვადების დარღვევაზე აპელირებით აცხადებდა, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით პარლამენტს საქმიანობის ვადა უხანგრძლივდება, მაგრამ მოგვიანებით მან სარჩელის შეტანაზე უარი თქვა.

პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ”GEPRA”-ს უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, როგორც პიარტექნოლოგი, ამბობს, რომ გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ხელისუფლების ინტერესში არ შედის და ამას რამდენიმე კონკრეტული მიზეზიც აქვს: ბევრი ღონისძიება, რომელიც წინასაარჩევნო ქულების მიღებაზეა გათვლილი, შემოდგომაზე იგეგმება, მათ შორის, პენსიის გაზრდის საკითხიც:

”ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება დაგეგმილია სექტემბერ-ოქტომბერში - ეს არის ახალი ესტაკადების გახსნა, სხვადასხვა ე.წ. წინასაარჩევნო თვალსაჩინოების გახსნა, სხვადასხვა ობიექტების გახსნა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ასეთ რისკზე არ წავა და გაზაფხულზე არჩევნებს არ დანიშნავს. ”

ყველაფერი კი 20 მარტს გაირკვევა, როცა საპარლამენტო სესიაზე მთავრობის წევრთა ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.
XS
SM
MD
LG