Accessibility links

logo-print

"ქართული ოცნება" კონტროლის პალატას ურჩევს, დაინტერესდეს მაღალჩინოსანთა ხელფასებით


კოალიცია ”ქართული ოცნება” კონტროლის პალატას ურჩევს, ბიძინა ივანიშვილის "ჯიბეში ქექვის" ნაცვლად დაინტერესდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ მიღებული ხელფასებითა და პრემიებით, რომლებიც ბევრად აღემატება კერძო ხელშეკრულებით "ქართული ოცნების" მიერ დაქირავებულთა ხელფასებს. თბილისში 19 მარტს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ გაუგებარია, რატომ აინტერესებს კონტროლის პალატას, რა თანხას უხდის კერძო პირი, ბიძინა ივანიშვილი თავის მრჩევლებსა და იურისტებს. მაია ფანჯიკიძის თქმით, კონტროლის პალატისთვის საინტერესო უნდა იყოს მაგალითად, ის 105 მილიონი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გასული ორი წლის განმავლობაში დახარჯა და თავს უფლება მისცა, არ ეთქვა – რისთვის. "შესაბამისად, ხელისუფლებისგან საერთაშორისო სტანდარტებსა და გამჭვირვალობაზე საუბარი სასაცილოა და უკვე აღარავის სჯერა"- განაცხადა ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა. გასულ კვირაში საქართველოს კონტროლის პალატამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობამ საერთო ჯამში 406 ათასი ლარი მიიღო ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან და რომ ეს სქემა ეწინააღმდეგება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის მოთხოვნებს. თავის მხრივ. ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა 19 მარტს განაცხადა, რომ კონტროლის პალატის მოქმედებები მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციის შელახვას.
XS
SM
MD
LG