Accessibility links

logo-print
”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევა და შესაბამისი კანონპროექტი, სავარაუდოდ, 21 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული, - ასეთია შედეგი შეხვედრისა, რომელიც არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 19 მარტს გაიმართა. მე-3 სექტორი კმაყოფილია შედეგებით, რომელთა მიღწევაც შესაძლებელი გახდა მასშტაბური კამპანიის - ”ეს შენ გეხებას” - ფარგლებში. აქვეა იმედი, რომ საკანონმდებლო ცვლილებები კონტროლის პალატის მუშაობის გამჭვირვალობასაც უზრუნველყოფს.

19 მარტს არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს და სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ისევ შეიცვლება გასული წლის დეკემბრის ბოლოს დამტკიცებული კანონები. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, ცვლილებების მიზანია კანონმდებლობაში მეტი სიცხადის შეტანა და იმ ეჭვის გაბათილება, რომ ის რომელიმე კონკრეტული ძალის წინააღმდეგ არის მიმართული. ამავე დროს, პავლე კუბლაშვილის თქმით, უცვლელად დარჩება კანონის ”სულისკვეთება”, რომ გამჭვირვალე იყოს პარტიების დაფინანსება, შემოწირულებები, ხარჯები და რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა გვერდი აუაროს კანონის მოთხოვნებს.

”ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო და ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩვენ შევთანხმდით”, - უთხრა 19 მარტს რადიო თავისუფლებას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა:

”მაგალითად, იგივე (”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის) 26-ე პრიმა მუხლი, სადაც ეგრეთ წოდებულ ”დაკავშირებულ პირებზე” ვსაუბრობდით, უფრო გამართული, უფრო მკაფიო გახდა და არანაირ ბუნდოვანებას აღარ ექნება ადგილი. იყო რამდენიმე მუხლი, რაზეც ჩვენ ვერ შევთანხმდით, თუმცა იქაც ნაწილობრივ გათვალისწინებული იყო ჩვენი მოსაზრებები და ესეც ძალიან კარგია...”

შერჩევითი დაკითხვა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სავარაუდო მხარდამჭერებისა, ბევრ შემთხვევაში გამოყენებული დაკითხვის მეთოდი ...

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, ალტერნატიული წინადადების სახით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისათვის“ პარლამენტში 17 თებერვალს შეიტანეს. მას თან ახლდა პეტიცია, რომელსაც, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწისა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 13 თებერვალს დაწყებული მასშტაბური კამპანიის - ”ეს შენ გეხებას” - ფარგლებში, რამდენიმე ასეული მედიასაშუალება, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ კერძო პირი აწერდა ხელს. კანონპროექტის ავტორ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის პირველი შეხვედრა 1 მარტს, ხოლო მეორე 14 მარტს გაიმართა.

პოზიტიურ შედეგებს, რომლებიც 19 მარტს გამართული მე-3 შეხვედრის მსვლელობისას გამოვლინდა, ეკა გიგაური კამპანია ”ეს შენ გეხებას” აქტიურობასა და იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერას მიაწერს, რომელიც, მისი თქმით, მუდმივად იგრძნობოდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი საელჩოების მხრიდან.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტში ასახული მეტი გარანტიების საფუძველზე წერტილი დაესმება იმ პროტესტსაც, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებების მისამართით აქვთ. საუბარია კონტროლის პალატის მიერ ”ქართული ოცნების” აქტივისტების, მხარდამჭერებისა თუ სავარაუდო გულშემატკივრების მასობრივი დაკითხვის ფაქტებთან მიმართებით გამოვლენილ მთელ რიგ დარღვევებზე, ანუ იმ პროცესზე, რომელსაც გასულ კვირაში შეშფოთებით გამოეხმაურა შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი.

გავიხსენოთ ასევე, რომ 16 მარტს საგანგებო განცხადება გაავრცელა ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ”ამნესტი ინტერნეშნალმა”, სადაც, მაგალითად, ვკითხულობთ:

”შერჩევითი დაკითხვა მხოლოდ ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სავარაუდო მხარდამჭერებისა, ბევრ შემთხვევაში გამოყენებული დაკითხვის მეთოდი, დასმული შეკითხვების დიდი ნაწილის შინაარსი და დაკითხვისთვის დაბარებული უამრავი ადამიანი მიანიშნებს იმაზე, რომ პროცესი პოლიტიკურად არის მოტივირებული და გამიზნულია ოპოზიციური პარტიის ამჟამინდელი და პოტენციური მხარდამჭერების დასაშინებლად.”

ბოლოდროინდელ ხმაურს ”უსაფუძვლო აჟიოტაჟს” უწოდებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი; თუმცა, ამავე დროს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის გადაცემა ”აქცენტებში” საუბრისას, 18 მარტს, მან ”საგულისხმოდ” მიიჩნია პროცესთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოხმაურება და არ უარყო ”პროცესში დანახული” პრობლემები:

”ეს პრობლემები მომავალში არ უნდა განმეორდეს... საჭიროა მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, საჭიროა მეტი კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საჭიროა, რომ მოქალაქეებმა წინასწარ იცოდნენ რა შემთხვევებში და რა საკითხების გარშემო მოუწევთ მათ ახსნა-განმარტების მიცემა.”

მართალია, ლევან ბეჟაშვილი არ აღიარებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბოლო ერთ თვეში დაკითხული მოქალაქეების უფლებების სხვადასხვა სახით უხეშად დარღვევის თაობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ, ხმაურის ფონზე, კონტროლის პალატამ გადაწყვიტა, რომ მეტი სიცხადე შეიტანოს საკუთარ საქმიანობაში. სწორედ ამ მიზნით, უწყება გამოდის ინიციატივით, რომ აუდიო ან ვიდეო ფორმატში ჩაიწეროს მოქალაქეთა ახსნა-განმარტებები, ხოლო სამოქმედო წესების შემუშავების პროცესში აქტიურად ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

სიცხადის საჭიროებაზე საუბარი კონტროლის პალატის ხელმძღვანელს 19 მარტს პარლამენტშიც მოუწია და ამავე კონტექსტში მას რჩევები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმაც მისცეს. საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მისი დაბარების ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის.

მე-3 სექტორი კონტროლის პალატის შეთავაზების ხორცშესხმას, ანუ უწყების გამჭვირვალე სამოქმედო წესების შემუშავებაში ჩართვას ელოდება და ასეთ ნაბიჯს გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევს. თუმცა, პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ იმასაც, რომ შესაბამისად უნდა იქნეს გამოკვლეული კანონდარღვევის ყველა ფაქტი, რომლებიც მათ მიერ აღირიცხა მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვის პროცესში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG