Accessibility links

logo-print
სირიის დედაქალაქში 19 მარტს, ღამით, მწვავე ბრძოლა დაიწყო მთავრობის ჯარსა და მეამბოხეთა რაზმებს შორის. ამავე დროს, სულ უფრო მძიმე ხდება ჰუმანიტარული ვითარება.

შარშან მარტში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყების შემდეგ, ასეთი მძაფრი ბრძოლები დედაქალაქ დამასკში არ ყოფილა, იტყობინებიან სირიელი აქტივისტები. მათ ცნობას ეყრდნობა გერმანული საინფორმაციო სააგენტო „დე-პე-ა“, რომელიც დახოცილთა რიცხვს - 80-ს - ასახელებს. ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო ჯგუფის თანახმად, ბრძოლაში დაიჭრა სამთავრობო ჯარის 18 სამხედრო. დედაქალაქ დამასკის ელ მეზედან იუწყებიან, რომ იქ არაერთი აფეთქება მოხდა. ამ რაიონში განთავსებულია არაერთი საელჩო და უსაფრთხოების ობიექტი. შეტაკებები სამთავრობო ჯარსა და მეამბოხეთა რაზმებს, ეგრეთ წოდებულ „სირიის თავისუფალი არმიას“ შორის დაიწყო დამასკსა და ალეპოში შაბათ-კვირას რამდენიმე ათეული პირის დახოცვის შემდეგ. კვირას ალეპოში მანქანის აფეთქებას შეეწირა ორი ადამიანი, დამასკში კი ორ მსგავს ინციდენტში 27 ადამიანი დაიღუპა. მთავრობა აცხადებს, რომ ამ აქტების უკან „ტერორისტები“ დგანან. აქტივისტების ვარაუდით, მთავრობა თვითონ აწყობს აფეთქებებს მეამბოხეთათვის ჩირქის მოცხების მიზნით.

ჩვენი შეფასებით, სამწუხაროდ, ჰუმანიტარული ვითარება სირიაში გაუარესდება ...
გაეროს დათვლით, შარშან მარტში გამოსვლების დაწყებიდან, სირიაში სულ, ორივე მხარეს, დაიხოცა რვა ათასი ადამიანი, ქვეყანა დატოვა 30 ათასმა მოქალაქემ. მათგან, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 16 ათასზე მეტმა თურქეთს შეაფარა თავი. ქვეყნის შიგნით იძულებით ადგილნაცვალ პირთა რაოდენობა 200 ათასია.

მიმდინარე ბრძოლების გამო, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაცია გაჭირვებაში მყოფთა დახმარებას ვერ ახერხებს. ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციისი ხელმძღვანელი იაკობ კელენბერგერი, რომელმაც თქვა, რომ ვითარება სირიაში გაუარესდება:

„ჩვენი შეფასებით, სამწუხაროდ, ჰუმანიტარული ვითარება სირიაში გაუარესდება. როგორც იცით, ჩვენ, სირიის „წითელ ნახევარმთვარესთან“ ერთად, ერთადერთი ორგანიზაცია ვართ, რომელიც იქ მუშაობს.“

„წითელი ჯვარი“ ცდილობს ორსაათიანი ცეცხლის შეწყვეტა იქნეს მიღწეული, რათა გაჭირვებაში მყოფთ დაეხმარონ, სამშვიდობოს გამოიყვანონ დაჭრილები. ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ კელენბერგერმა თქვა, რომ ლავროვმა მისი წინადადება მიიღო. კელენბერგერის ლავროვთან შეხვედრა სირიისა და რუსეთის ძველი მეგობრული ურთიერთობით აიხსნება. მოსკოვი, ჩინეთთან ერთად, არ ეთანხმება გაეროს რეზოლუციას, რომელიც სირიის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს და მის მიერ ამბოხის ჩახშობას გმობს. 19 მარტს სირიაში ჩავიდა გაეროსა და არაბთა ლიგის გაერთიანებული ჯუგფი, გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის მეთაურობით. ჯგუფის მიზანია მთავრობასთან მოლაპარაკება, ასევე ცეცხლის შეწყვეტისა და საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის დაშვების მიღწევა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG