Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”გლობალ TV”-ის აბონენტები ”რუსთავი 2”-ისა და ”იმედის” გარეშე


საკაბელო კომპანია „გლობალ TV“-ის ქსელიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაუწყებლობა 27 მარტიდან გაითიშება, 15 მარტიდან ”გლობალ TV“-ის აბონენტებს უკვე აღარ მიეწოდებათ ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობა. ორმა ნაციონალურმა არხმა საკაბელო კომპანიას მათი ეთერის რეტრანსლირების შეწყვეტის თაობაზე წერილობით აცნობა, მიზეზად კი ტელეკომპანიების პარტნიორ და ”გლობალ TV“-ის კონკურენტ საკაბელო ქსელში ჩართვა დაასახელა. საკაბელო კომპანია ”გლობალ TV“-ის ქსელში რამდენიმე ათეული ათასი აბონენტია ჩართული და ის თბილისსა და რეგიონებში ვრცელდება, კომპანიის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილია. ირღვევა თუ არა ტელეკომპანიების ამ ნაბიჯით მომხმარებელთა უფლებები და აქვს თუ არა ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ქვეტექსტი?

მიუხედავად იმისა, რომ „გლობალ TV“-ის მუშაობისათვის ხელის შეშლის ფაქტები ადრეც ყოფილა, რაც სხვადასხვა ტექნიკის დაზიანებით გამოიხატებოდა, ამბობს კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის სამსახურის დირექტორი ზურაბ ბაზლიძე, დროში ყველაფერი ერთ ფაქტს დაემთხვა: 9 მარტს „გლობალ TV“-იმ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას წერილობით აუწყა, რომ ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჩართვას აპირებდა თავის საკაბელო ქსელში. აქვე ვთქვთ, რომ „მე-9 არხის“ მფლობელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა და ამ ტელეკომპანიის ჩართვის სურვილი ჯერჯერობით „გლობალ TV“ -ის გარდა სხვა საკაბელო კომპანიებს არ გამოუთქვამთ. „გლობალ TV“ ერთ-ერთია იმ საკაბელო კომპანიებს შორის, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ რეტრანსლირებასაც ახდენს. რამდენიმე მსხვილი საკაბელო კომპანია „მაესტროს“ ჩართვაზეც უარს აცხადებს. სწორედ ამიტომ გაზეთ ”რეზონანსის” მთავარ რედაქტორს ლაშა ტუღუშს მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“-ისა და ”იმედის” ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელშეკრულება გაუწყვიტონ „გლობალ TV“-ის, პოლიტიკურ შინაარსს ატარებს: ერთი მხრივ, ამ ნაბიჯით აბონენტებს დაკარგავს „გლობალ TV“ და, მეორე მხრივ, მაყურებელთა ნაწილი არჩევანის წინაშე დგება - უყუროს ”რუსთავი 2”-ს და ”იმედს” თუ უყუროს ”მაესტროს” და მომავალში ”მე-9 არხს”:
მიზეზად დასახელებულია, რომ მას ჰყავს პარტნიორი კომპანია „ბლექ სი სატი“, რომელიც გეგმავს საკაბელო ტელევიზიის შექმნას და, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რომ მოხდეს მისი არხის რეტრანსლირება ...
ზურაბ ბაზლიძე

”მე არ მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ”იმედმა” ცალკე და მერე ”რუსთავი 2”-ს გაუხარდა, რა კარგიაო, და ამის შემდეგ მიიღო მანაც ეს გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც ერთობლივად მიიღეს და ასეთი გადაწყვეტილებების მთავარ როლში ყოველთვის არის ხოლმე ჩვენი პრეზიდენტი. ამიტომ მაინტერესებს ვისგან მივიღო პასუხი.”

ოფიციალურად კი, როგორც „გლობალ TV“ -ის განვითარებისა და მარკეტინგის სამსახურის დირექტორი ზურაბ ბაზლიძე ამბობს, ორმა ტელეკომპანიამ „გლობალ TV“ -ისთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზად შემდეგი არგუმენტი დაასახელა:

”მიზეზად დასახელებულია, რომ მას ჰყავს პარტნიორი კომპანია „ბლექ სი სატი“, რომელიც გეგმავს საკაბელო ტელევიზიის შექმნას და, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რომ მოხდეს მისი არხის რეტრანსლირება არაპარტნიორი და კონკურენტი საკაბელო კომპანიის მეშვეობით. ასეთი ფორმით მოგვმართა ”იმედმა”. „რუსთავი 2“-მა პარტნიორად დაასახელა რეალურად მოქმედი „კაუკასუს ტვ“, რომელიც არის IP ტელევიზია და ჩვენ ამასთან არავითარი შეხება არ გვაქვს. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი საკაბელო ქსელი, რომელიც მომსახურებას უწევს აბონენტებს.”

ზურაბ ბაზლიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „გლობალ TV“-ის საკუთარ პაკეტში აღარ ექნება ჩართული „რუსთავი 2“ და „იმედი“, მათ აბონენტებს მაინც ექნებათ ამ არხების ყურების შესაძლებლობა. ამისათვის კი ტელევიზორზე მხოლოდ ოთახის ანტენის მიერთებაა საჭირო. ტელეკომპანია ”იმედის” გათიშვიდან მეხუთე დღეს ზურაბ ბაზლიძე ამბობს, რომ აბონენტთა დაკარგვის საფრთხის წინაშე ჯერ არ დამდგარან და მხოლოდ ერთი განცხადებაა შესული მომსახურების შეწყვეტის მოთხოვნით.

შენ არ გაძლევ ჩემი სიგნალის რეტრანსლირების უფლებას, იმიტომ რომ შენ ჩემი პარტნიორის კონკურენტი ხარ, ამაში არის სწორედ საერთაშორისო - ყველგან აღიარებული - ანტიმონოპოლიური წესების დარღვევა ...
ალექსანდრე ბარამიძე
კერძო ტელეკომპანიებსა და ასევე კერძო საკაბელო არხს შორის ურთიერთობაში ჩარევას არ აპირებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. როგორც კომისიის პრეს-სპიკერი ხათია ყურაშვილი ამბობს, ამის უფლებას ორგანიზაციას კანონი არ აძლევს. საინტერესოა ვრცელდება თუ არა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილება მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ხატია ყურაშვილის თქმით, კომისიას შემუშავებული აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის და ეს რეგლამენტი ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულებაში სავალდებულო პუნქტებს, რითაც აბონენტების უფლებების დაცვა ხორციელდება:

”აბონენტებმა, იმ შემთხვევაში თუ თვლიან, რომ მათი უფლებები დაირღვა, ანუ ეს არ იყო გათვალისწინებული არხის რეტრანსლირების შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში ხელშეკრულებაში, იმის მიხედვით უნდა იმოქმედონ, თუ რა ედოთ ხელშეკრულებაში.”

რაც შეხება იურიდიულ ნაწილს, ჰქონდა თუ არა ორ ნაციონალურ არხს იურიდიული საფუძველი გაეწყვიტა საკაბელო კომპანიასთან ურთიერთობა, როგორც ადვოკატი, მედიასამართლის ექსპერტი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, ტელეკომპანიებს ამის უფლება ჰქონდათ, მაგრამ, მისივე სიტყვებით, რჩება მორალური პასუხისმგებლობა მაყურებლის მიმართ:

”როდესაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებ მეწარმე სუბიექტს - ამ შემთხვევაში „გლობალს“ - და ეუბნები მას, რომ შენ არ გაძლევ ჩემი სიგნალის რეტრანსლირების უფლებას, იმიტომ რომ შენ ჩემი პარტნიორის კონკურენტი ხარ, ამაში არის სწორედ საერთაშორისო - ყველგან აღიარებული - ანტიმონოპოლიური წესების დარღვევა. ჩვენ რომ არ გვაქვს ეს კანონმდებლობა და რომ გაუქმდა ანტიმონოპოლიური კანონი და ამ თვალსაზრისით სრული უკანონობის სიტუაციაში რომ ვიმყოფებით, ეს არის მთავარი პრობლემა.”
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG