Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 20 მარტი, 2012


”ივანიშვილის საწინააღმდეგო კანონს არბილებენ” – ”რეზონანსი” ვრცელი სტატიით ეხმაურება კამპანია ”ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შეთანხმების მიღწევას. ავტორი წერს იმ მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც პარლამენტში 21 მარტს იქნება ინიცირებული.

”24 საათი” კი წერს 19 მარტს, დღის მეორე ნახევარში, პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების მიერ გამართულ ერთობლივ სხდომაზე, რომელზეც კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო მიწვეული. მას უთქვამს: ”ამ ორი თვის განმავლობაში დავაფიქსირეთ 6-7 შემთხვევა, როდესაც კანონის გვერდის ავლით ”ქართულ ოცნებაში” ფული ჩაირიცხა. არ ვიცი, ეს რამ გამოიწვია - ამ პირებმა არ იციან კანონი თუ ”ქართული ოცნება“ ეძებს ალტერნატიულ გზებს კანონის გვერდის ავლით ფულის მისაღებად”. სტატიის სათაურია - ”ბრძოლა პოლიტიკური ფულის ”გამპრავებლებთან”. სტატიაში გაეცნობით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის აკაკი მინაშვილის ასეთ განცხადებასაც: ”ოპონენტებს უკვირთ, თუ რატომ არა აქვს ”ნაციონალურ მოძრაობას” ბევრი დარღვევა ამ მიმართულებით. პასუხი მარტივია - ”ნაციონალური მოძრაობის” მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის კორუფციასთან ბრძოლა იყო. კორუფციას, პირველო რიგში, საკუთარ თავში ვებრძვით.”

”გილაურის ხელფასი 126 ათასია, ზღულაძის - 107 ათასი, კუბლაშვილის - 127 ათასი” – ”ახალი თაობის” პირველ გვერდზე ნახავთ ამ სათაურს. გაზეთი ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის ორშაბათის ბრიფინგს ეხმაურება.

”ახალ თაობაში” ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილთან ინტერვიუც ქვეყნდება. ის ამბობს: ”მერაბიშვილიც და ადეიშვილიც ოფიციალური მილიარდერები არიან. აკონტროლებენ არაერთ მსხვილ ბიზნესს. მთელი საწვავი და ბენზინით ვაჭრობა ვანო მერაბიშვილისაა. ამ ბიზნესშია დამნაშავე კეზერაშვილიც. კახეთში მთელი ბიზნესი ადეიშვილისაა და მისი ოჯახის წევრების. ოფშორულ ზონაში აქვთ გადატანილი ძალიან დიდი ფული, ძირითადად - პანამაში”.

”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება ამავე თემაზე სტატია, სათაურით ”ღარიბი ქვეყნის მდიდარი ლიდერები”. ამავე გაზეთში წაიკითხავთ: ”შესაძლოა, საქართველოდან გაგზავნილი კიდევ ერთი საქმე აღმოჩნდეს სტრასბურგში - საქმე, რომელსაც ქართული საზოგადოება ”ყინწვისის სპეცოპერაციის” სახელით იცნობს, თუმცა აღმოჩნდა, რომ მას ყინწვისთან არანაირი საერთო არა აქვს”.

”ალია” წერს, რომ 27 აპრილს საქართველოში მსოფლიო ადვოკატთა საგამოძიებო ჯგუფი ჩამოდის ადვოკატების ინსტიტუციონალური დევნის ფაქტების შესასწავლად. ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი ამბობს: ”მე ყველანაირად ვცდილობ დავადასტურო, რომ სააკაშვილი არის სამოქალაქო საზოგადოების მტერი. ამისთვის ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაციის დასკვნა მჭირდება. ზოგიერთი ოპოზიციონერივით ქუჩაში ვერ დავდგები და დიქტატორი ხარ, წადი-მეთქი, ვერ დავიწყებ. ვიცი სამართლებრივად მიშა როგორ უდნა გამოცხადდეს ქვეყნის და ხალხის მტრად და მეც ასე ვიქცევი. უნდა დავამტკიცო, რომ ეს არის ლუკაშენკოზე უარესი”.

”ბიზნეს-რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, თუ როგორია ”სიღარიბის გეოგრაფია” საქართველოში და ამისთვის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ერთიანი ბაზის მონაცემები გამოიყენა. გაზეთი ადგენს, რომ 2012 წელს ყველაზე ღარიბი რეგიონები რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო-სვანეთია.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG