Accessibility links

logo-print

ვინ არის მოლდავეთის ახალი პრეზიდენტი


მოლდავთის პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი

მოლდავთის პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი

მოლდავეთში მრავალწლიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. 900 დღიანი ვაკუუმისა და ცხრა მცდელობის შემდეგ, ევროპის მეზობელი მოლდავეთის პარლამენტმა, ბოლოს და ბოლოს, აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. 15 მარტიდან ეს პოსტი დაიკავა ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა მოსამართლემ, ნიკოლაე ტიმოფტიმ, რომელიც განუხრელად ემხრობა ქვეყნის ევროპულ ინიციატივას და მოითხოვს, რომ რუსეთის ჯარებმა დატოვონ უკონტროლო დნესტრისპირეთის რეგიონი. თუმცა მოლდავეთის ახალ პრეზიდენტს და ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს კვლავაც არაერთი წინააღმდეგობა ელოდება ოპოზიციური კომუნისტური პარტიის სახით, რომელმაც ტიმოფტის არჩევას „არაკანონიერი“ უწოდა.

8 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მოლდავეთის მმართველმა „ევროპული ინტეგრაციის ალიანსმა“, როგორც იქნა, მოუყარა თავი 61 მხარდამჭერს პარლამენტში და პრეზიდენტის ვაკანტურ პოსტსაც მფლობელი გამოუჩნდა. ესაა 63 წლის ნიკოლაე ტიმოფტი, პროფესიით იურისტი, მშვიდი და გაწონასწორებული საზოგადო მოღვაწე, რომელმაც არჩევის შემდეგ პირობა დადო, რომ გაატარებს ფართომასშტაბიან რეფორმებს, შეინარჩუნებს მოლდავეთის ნეიტრალიტეტის პოლიტიკას და განაგრძობს ევროპული ინტეგრაციის კურსს:

„დარწმუნებული ვარ, რომ მოლდავეთს არა აქვს სხვა მომავალი, გარდა ევროპული მომავლისა. ჩვენ უნდ განვაგრძოთ ევროპისკენ მიმავალ იმ გზაზე სიარული, რომელიც ავირჩიეთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ყველა დონის ევროპულ სტრუქტურაში.“

1950 წელს მოლდავეთის სოფელ ჩუტულეშტში დაბადებულ ნიკოლაე ტიმოფტის ბიოგრაფია არაფრით განსხვავდება მისი თაობის საბჭოთა ნომენკლატურის სხვა წარმომადგენელთა წარსულისგან. მას დამთავრებული აქვს კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ორი წელი მსახურობდა საბჭოთა არმიაში, ხოლო 1976 წლიდან მოსამართლის კარიერა აირჩია. ტიმოფტი სხვადასხვა დროს იყო მოლდავეთის საბჭოთა რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დამოუკიდებლობის წლებში სათავეში ედგა სააპელაციო სასამართლოს, სულ ბოლოს კი - უმაღლეს მაგისტრატურას. ნიკოლაე ტიმოფტი პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა მოლდავეთის მმართველმა „ევროპული ინტეგრაციის ალიანსმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, მიხაი გიმპუ, მას „პროგრესულ“ მოღვაწეს უწოდებს:

„ეს არის პიროვნება, რომელიც ჩვენთან იყო მაშინ, როდესაც 1990-იან წლებში რეფორმები დავიწყეთ. ის არის პროგრესული ადამიანი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს მოლდავეთის რესპუბლიკისათვის.“

16 მარტს ტიმოფტის არჩევით დასრულდა სამწლიანი პოლიტიკური ჩიხი მოლდავეთში, რაც გამოწვეული იყო კომუნისტური პარტიის კანდიდატების ხანგრძლივი ბოიკოტით. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ტიმოფტის კანდიდატურას მხარი დაუჭირა კომუნისტთა რიგებიდან „ალიანსის“ ბანაკში გადაბარგებულმა სამმა კანდიდატმა. თუმცა მოლდაველი კომუნისტები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებენ. პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ კომუნისტური პარტიის ათასობით მომხრემ გააპროტესტა ტიმოფტის არჩევა, ხოლო ალექსეი ტოლბურემ, მოლდავეთის ყოფილმა ელჩმა გაეროში, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს კორუმპირებული სტრუქტურის ხელმძღვანელობა გაუხსენა:

„მე პირადად ვიცნობ მას მხოლოდ როგორც მაგისტრატურის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის განმავლობაში იქ არანაირი ცვლილება არ მომხდარა. მთელი სასამართლო სისტემა ღრმად კორუმპირებულია.“

თავად მოლდავეთის ახალი პრეზიდენტი არ მალავს ქვეყნის სასამართლო სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს. როგორც ტიმოფტიმ უთხრა რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურს, იგი, პრეზიდენტის რანგში, სასამართლო სისტემაში ფესვებგადგმულ კორუფციასთან ბრძოლას აპირებს:

„მოსამართლეთა უდიდესი უმრავლესობა კორუმპირებულია. ჩვენ ვიცით ვინ არიან ისინი და აუცილებლად გამოვძებნით გზებსა და მექანიზმებს, რომ გამოვასწოროთ ისინი ანდა საერთოდაც უარი ვთქვათ მათზე. სხვა გზა არ არსებობს, რადგან ისინი თავს გავიდნენ და მათი მოქმედება ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდებით შევცვალოთ ისინი. და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ამას მე ხელს შევუწყობ.“

რეფორმების განხორციელებისა და მოლდავეთის ევროპული არჩევანის უალტერნატივობაზე ნიკოლაე ტიმოფტიმ ხაზგასმით 19 მარტსაც ილაპარაკა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად ცნო ტიმოფტის საპრეზიდენტო უფლებამოსილება. ტიმოფტიმ იქვე ისიც დასძინა, რომ არ აპირებს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარე დაიჭიროს და ვერც ვერავინ მოახდენს მასზე გავლენას.

ეს, ალბათ, მოლდაველი კომუნისტების გასაგონად ითქვა, რომლებიც ტიმოფტის მმართველი კოალიციის „თოჯინას, არალეგიტიმური ორგანოს მიერ არჩეულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებენ. არტურ რეშეტნიკოვმა, კომუნისტური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ორშაბათის გადაწვეტილებას მმართველი ალიანსის „სამარცხვინო პოლიტიკური შოუს“ ბოლო აქტი უწოდა:

„საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ცხადყო, რომ იგი მოლდავეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისაგან საკუთარი თავის დისტანცირებას ახდენს.“

კომუნისტები იმუქრებიან, რომ დაიწყებენ პარლამენტის სხდომების ბოიკოტირებას, რაც საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი მოუწოდებს მოლდავეთის ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უთანხმოება და დაიწყონ დიალოგი, რაც ასე საჭიროა ქვეყანაში სტაბილურობისა და რეფორმებისათვის. ნიკოლაე ტიმოფტის ინაუგურაცია მოლდავეთში 40 დღეში უნდა გაიმართოს. ახლად არჩეული პრეზიდენტი კი, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG