Accessibility links

logo-print

ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ


ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებას - Agile Spirit 2012, რომელიც ვაზიანის ბაზაზე მიმდინარეობს - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. მათთვის წვრთნის მონაწილეებმა საჩვენებელი ვარჯიში გამართეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი წვრთნის მიზანია აშშ-ისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის გაღრმავება და ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციების წარმოებისას საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გაზიარება. ვაზიანის ბაზაზე მყოფმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სწავლებამ დაადასტურა ქართველ სამხედროთა მომზადების მაღალი დონე და მათი შესაძლებლობა, ოპერაციები ამერიკელებთან ერთად ჩაატარონ. ხარშილაძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც ერთობლივ ქართულ-ამერიკულ სწავლებას პროვოკაცია უწოდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, წვრთნა არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის, განსხვავებით იმ სწავლებებისგან, რომლებსაც რუსეთი ატარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვაზიანის ბაზაზე მიმდინარე წვრთნას საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის ნაწილი უწოდა ელჩმა ჯონ ბასმა. მისი განცხადებით, აშშ დიდად აფასებს წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ავღანეთის რთულ მისიაში. ერთობლივ სწავლებაში, რომელიც 10 მარტს დაიწყო და 24 მარტს დასრულდება, 750 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG