Accessibility links

ირაკლი ალასანია: მიხეილ სააკაშვილი დასავლეთ საქართველოში შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის


პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ირაკლი ალასანიამ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დასავლეთ საქართველოში აქტიურად ქმნის შეიარაღებულ ფორმირებებს. ალასანიას თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ფორმირებების შექმნის მიზანია გაგრძელდეს განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკოსების და მათი მხარდამჭერების დევნა და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ფიზიკური ანგარიშსწორებაც. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა საზოგადოებას შეახსენა 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების ტრაგიკული შედეგები და აღნიშნა, რომ კოალიცია ”ქართული ოცნება” ცდილობს ქვეყანაში დაამყაროს ხელისუფლების სამართლიანი არჩევნებით შეცვლის პოლიტიკური კულტურა, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება არ იზიარებს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობენ რეგიონის პროკურორი როლანდ ახალაია და მისი ვაჟები, რომელთაგან ერთი თავდაცვის მინისტრია, მეორე კი შსს-ს ერთ-ერთ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს. ირაკლი ალასანიას თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა სწორედ ახალაიებს დაავალა. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა დაასახელა 10 კონკრეტული ადამიანი, რომლებიც მისივე განცხადებით, სამეგრელოში შეიარაღებულ დაჯგუფებებს აკონტროლებენ და აფინანსებენ. ”ჩვენ გაგვაჩნია გადამოწმებული და დეტალური ინფორმაცია მათი დისლოკაციის, შემადგენლობის, შეიარაღების და დაფინანსების შესახებ”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან ”ქართულ ოცნებას” აქვს პასუხისმგებლობა სახელმწიფო ინტერესების მიმართ და რადგან საქართველოს რუსეთთან პრაქტიკულად სამხედრო დაპირისპირება აქვს და ოკუპირებულია ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, დეტალურ ინფორმაციას საჯაროდ არ გამოაქვეყნებს და დღესვე უგზავის ეროვნული უშიშროების საბჭოს, დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის. ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეიარაღებული ფორმირებები, რომელზეც ის საუბრობს, არ წარმოადგენენ რეზერვისტების ჯგუფებს, როგორც ამას ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს.
XS
SM
MD
LG