Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღმერთების დაისი


მგონი, არ იქნება აღმოჩენა იმის თქმა, რომ არის ორი საქართველო. პირველში რამდენიმე ათასი პრივილეგირებული ადამიანი ცხოვრობს, მეორეში რამდენიმე მილიონი – ყოველგვარი პრივილეგიის გარეშე. ამ ორ ქვეყანას კი, პოეტს თუ დავესესხებით, „შუა უდევს დიდი მზღვარი“. იმის მიუხედავად, რომ ეს ქვეყნები ერთსა და იმავე დრო-სივრცეში არსებობენ და ერთი სახელმწიფო ენა აქვთ, მათ მოქალაქეებს ერთმანეთის არ ესმით. დრო-სივრცისა და ენის გარდა, ამ ქვეყნებს გერბიც ერთი აქვთ, ჰიმნიცა და ფულის ერთეულიც, თუმცა მათი მოქალაქეები ერთმანეთს თითქმის ვერ ხვდებიან. და თუ მაინც ხვდებიან ხოლმე, ვერ ცნობენ. ეს ვერცნობა ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო დეტალია პრუსტისა და პასტერნაკის რომანებში, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. რეალობა კი კიდევ უფრო პროზაულია, ვიდრე ნებისმიერი რომანი.

„მზღვარი“, ანუ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამ ორ საქართველოს შორის მათი მოქალაქეების სურვილები, მიზნები და მისწრაფებებია. უფრო ზუსტად, პირველ საქართველოს, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქვს მსუბუქად განვითარებული დემოკრატია და იმის შიში, რომ ეს დემოკრატია არ განვითარდეს. მეორე, რამდენიმემილიონიან საქართველოსაც აქვს მსუბუქად განვითარებული დემოკრატია და ასევე - მისი განვითარების სურვილი. კიდევ უფრო დავაზუსტოთ: პირველ საქართველოში, ასე თუ ისე, ესმით დემოკრატიის მნიშვნელობა და ამიტომაც არ უნდათ იგი. მეორე საქართველოში კი სრულიად არ ესმით ამ ტერმინის მნიშვნელობა, თუმცა კი ძალიან უნდათ იგი. ანუ: პირველმა იცის, რა არ უნდა, მეორემ არ იცის, რა უნდა. სამწუხაროდ, ეს სიტყვების თამაში არაა.

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ და სხვას ყველაფერს თავი გავანებოთ, ის მაინც ხომ ვიცით, რომ დემოკრატიის პირობებში იმუშავებს დამოუკიდებელი სასამართლო. რაც სრულიად არ აწყობს რამდენიმე ათას ადამიანს. დამოუკიდებელი სასამართლო იმას ნიშნავს, რომ ეს რამდენიმე ათასი კაცი, შესაძლოა, მალე ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს. შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი ამიტომაც არ იშურებს ძალისხმევას, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ განვითარდეს, მისი ერთგული მოქალაქეები არ გასამართლდნენ და, პირიქით, რამდენიმე ათასი მოქალაქე ძალისხმევას არ იშურებს, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება დიდხანს, თუნდაც სამუდამოდ, დარჩეს ქვეყნის სათავეში, რადგან ყოველი მათგანის უსაფრთხოების გარანტი სწორედ იგია. მეტიც, სააკაშვილი მათი ღმერთია.

მეორე საქართველო კი ამასობაში - და ტრადიციულად - მესიის მოლოდინშია. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მანამდე სრულიად უღმერთოდაა დარჩენილი, პარალელურად კი ყველა უბედურების სათავედ სააკაშვილს თვლის. ეს დიდი შეცდომაა. იმ უბრალო მიზეზით, რომ სააკაშვილი არაა იმდენად მაგარი, ყველა უბედურების სათავე იყოს. ძალიანაც მოინდომოს, ვერ შეძლებს. და კიდევ, მტერი და მოყვარე იმდენად სერიოზულად აღიქვამს სააკაშვილს, რომ ამ უკანასკნელმა მართლაც დაიჯერა საკუთარი სიდიადე. რაშიც იმდენად თვითონ არაა დამნაშავე, რამდენადაც ხალხი, ვინც მას ამაში ნებსით თუ უნებურად დაეხმარა, მტერიც და მოყვარეც. ამიტომ მაინტერესებს, როდის ვაპირებთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და არა სხვაზე გადატანას? ასეთი რა არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს? რატომ ვთვლით სხვას ჩვენზე სრულქმნილად? ან რატომ გვგონია, რომ სხვა ჩვენს ნაცვლად გაანძრევს ხელს? სწორედ ამიტომაა მუდამ დამნაშავე სხვა. ეს კი მანამდე არ მოიშლება, სანამ მესიის მოლოდინში ვიქნებით. მოლოდინის რეჟიმი კი, მოგეხსენებათ, არა ერთჯერადი, არამედ დაუსრულებელი აქტია. ამას გარდა, პარადოქსი კიდევ ისაა, რომ ჩვენთან ღმერთი იმათ ყავთ, ვისაც იგი არ წამს, მორწმუნენი კი სრულიად უღმერთოდ არიან დარჩენილნი.

დაბოლოს, ჩვენთან რამდენიმე მილიონი ადამიანი მუდამ ელოდება, რომ მოვა ახალი ძალა, რომელიც... სტოპ! და რას იზამს ეს ახალი ძალა? სააკაშვილიც ხომ უდიდესი პროცენტებით მოვიდა ქვეყნის სათავეში? მერედა, გაამართლა? ან რა გარანტია არსებობს, რომ ახალი ძალა მასზე უკეთესი გამოდგება? ვინ იტყვის დარწმუნებით, რომ ახალი ძალა კვლავაც არ გააჩენს პატარა, რამდენიმეათასიან საქართველოს, რომელშიც მხოლოდ პრივილეგირებულები იცხოვრებენ? იქნებ, ბოლოს და ბოლოს საარჩევნო პროგრამების არჩევა ვისწავლოთ და არა პიროვნებების, რომელთაც ტრადიციულად უთუოდ ვაღმერთებთ და ასევე უთუოდ შემდეგ ჯვარზე გავსვამთ ხოლმე? იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ყველაფერს სხვას ნუ გადავაბრალებთ? რა მნიშვნელობა აქვს, ღმერთს ზვიადი ერქმევა, ედუარდი, მიშა თუ ბიძინა? ჩემი მოკლე ჭკუით, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენთან ღმერთი არასდროს მოვა და როგორმე უმისოდ მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება. სხვა თუ არაფერი, ამ ტვირთის მოშორებით ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ, და სავარაუდოდ, ერთ ადგილზე აღარ ვიქნებით ჩაკირულნი. ყოველ შემთხვევაში, სიარული თუ ადგილზე დგომა უკვე ჩვენი არჩევანი იქნება და არა ბედისწერა. ნუ აღვიქვამთ ღმერთებს სერიოზულად; მით უფრო კი მათ, ვინც ღმერთობაზე აცხადებს პრეტენზიას. მთავარია შევიგნოთ, რომ დამნაშავენი იმდენად ღმერთები არ არიან, რამდენადაც მორწმუნენი. იმიტომ რომ ღმერთებს ისე არ მოეკითხებათ, როგორც მორწმუნეთ.

ჰოდა, ღმერთების დაისით ხომ არ დაგვეწყო?

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG