Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Louis Prima – the Best!


ლუი პრიმა
ლუი პრიმა
ფორმანის „გუგულის ბუდიდან“ ბენჩინი თუ გახსოვთ? მუდამ დაღლილი იტალიელი კაცი, ხმაური რომ აფორიაქებს და სიმშვიდე ენატრება. ბოლო ხანია, თავს ზუსტად ეგრე ვგრძნობ - შფოთსა თუ ფორიაქს გავურბივარ. ბევრი მინახავს ჩემს დღეში, ამიტომ გადავწყვიტე დღეს მოვდუნდე და თქვენც დაგასვენოთ. გაზაფხულია, ბოლოსდაბოლოს. არანაირი ინტელექტუალური ჭინთვები და ინდური რაგები, არანაირი ჯაზავანგარდი ან თუნდაც არტროკული ძალადობა თუ ბლუზური მოთქმა-ვაება. მხოლოდ არხეინი და მხიარული მუსიკა. ბევრი კი მივკიბ-მოვკიბე, მაგრამ მაინც ჯობს, სათქმელი პირდაპირ ვთქვა: მოკლედ, მაიმუნობის ხასიათზე ვარ.



როცა დისნეის ეს ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, მაიმუნების მეფის სვინგაობამ ბევრი დააბნია - ლუი არმსტრონგი ახმოვანებსო. მსგავსი შეცდომა გასაგებიცაა, ჯერ ერთი, იმიტომ რომ ახალორლეანურ ყაიდაზე მღერა-როკვაში საჩმოს ბადალი არ ჰყავდა. მერე, მეორე, გაუგებრობის მიზეზსაც ლუი ერქვა და სეხნიასავით ახალი ორლეანიდან გახლდათ. და მესამეც, - ალბათ, ყველაზე მთავარი, - იტალიელი სცენაზე სულ საჩმოს ნირზე ირჯებოდა.

დიახ, ლუი პრიმას არასოდეს დაუმალავს, რომ არმსტრონგს ბაძავდა, უფრო სწორად - პაროდირებდა. ამის გამო ბევრი აფროამერიკელი ჯაზმენი ამრეზით უყურებდა, კრიტიკოსები კი საჩმოს უნიჭო კარიკატურად მოიხსენიებდნენ. ასეა თუ ისე, დღეს ყველანი ერთხმად აღიარებენ, რომ იტალიელი ემიგრანტების ოჯახიდან გამოსული ბიჭი როკენროლის ერთ-ერთი პირველი მერცხალი გახლდათ.

არადა, თავიდან, თურმე, ვიოლონოს აწვებოდა. ძმა ჰყავდა - ლეონი, სასულე ინსტრუმენტებზე უკრავდა ხოლმე. ლუიც ერთხელ ადგა და, შინაურულად რომ ვთქვათ, საყვირი აახია. ჰოდა, ამ გაწევ-გამოწევაში დაკვრაც შემოესწავლა. იმდენად კარგად, რომ 15 წლის ასაკში გაი ლომბარდოს სვინგ-ბენდშიც ამოყო თავი. The New Orleans Gang ერქვა იმ თავყრილობას, სადაც კლარნეტზე თავად პი ვი რასელი, კლავიშზე კლოდ ტორნჰილი და ტრომბონზე ჯორჯ ბრუნისი ბრძანდებოდნენ. ამ სახელოვანი მუსიკოსების წყალობით, წლები აგროვებდა ჯაზურ გამოცდილებას, თუმცა კოლეგებს ხშირად ხელიდან უსხლტებოდა ხოლმე და ხან მანჰეტენურ კლუბებში მღეროდა, ხანაც რომელიმე მიუზიკლში მოჰყვებოდა ტაკიმასხარაობას. 27 წლისამ კი, ალბათ, ყველაზე მაგარი სიმღერა შექმნა, რაც კი ოდესმე დაუწერია.



ამ ჰიტმა ლუი პრიმას საყოველთაო აღიარება მოუტანა. ლომბარდოს ბენდი მიაგდო და საკუთარი შეაკოწიწა. თავისი უნიკალური მუსიკალური ფორმაც შეიმუშავა, უფრო სწორად, პიცასავით გამოაცხო. რეცეპტი მარტივი გახლდათ: ცომზე, როგორც მთავარ ინგრედიენტზე, არ უწვალია, ახალორლეანური მუსიკალური ტრადიციის სახით უკვე მორთმეული ჰქონდა - ბადი ბოლდენს, ჯელი როლ მორტონსა და ჯოზეფ ოლივერს რა ხანია მოეზილათ, არმსტრონგის ხარჯზე კი გვარიანადაც აფუებულიყო. ზედ თავისი ვოკალური მონაცემები გადაუსვა ტომატის პასტასავით, გულსართში ე.წ. სკეტური მეტყველების მანერა მოაბნია, როგორც პამიდორი, ფარში და მწვანილ-წიწაკა. ყველიღა რჩებოდა, რომელიც, მოგეხსენებათ, რაც უფრო მეტია ხოლმე, კერძიც მით უფრო გემრიელი გამოდის. შესაბამისად, ერთგვარ „მოცარელად“ მომხიბლავი იტალიური აქცენტი გამოიყენა. რაღა რჩებოდა? ღუმელი და მაღალი ტემპერატურა. სცენაზე ცეცხლის დანთება კი ნამდვილად არ ესწავლებოდა.



ზემოთ ვახსენეთ, რომ მუსიკოსი არმსტრონგის პაროდირებისთვის ჰყავდათ ათვალწუნებული. თუმცა არსებობდა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდათ. ლუი პრიმას, ინტელექტუალი ჯაზმენების მსგავსად, სვინგისა თუ ბოპის ურთულეს ლაბირინთებში არ გაუვლია, არც ღამეები უთენებია ტვინის ჭყლეტაში - რამე ნოვაციური შეექმნა. მოკლედ, სერიოზულად არავინ აღიქვამდა - ჯამბაზს ეძახდნენ. შოუმენები იმ ეპოქის ჯაზში კი უხვად იყვნენ, მარტო „კოტონ კლაბის“ უსტაბაშის ქებ ქელოვეის ხსენებაც საკმარისია, მაგრამ ლუი პრიმასავით ასე მარტივად წარმატება ვერავინ მოიპოვა, არხეინად ცხოვრობდა და კოლეგებზე მდიდარიც გახლდათ.

ლუი პრიმას ოჯახისკაცობა სულ სხვა თემაა. ჯერ მომღერალი კილი სმითი ვახსენოთ, რომელიც, მეუღლის გარდა, მე რომ მკითხო, სცენაზეც დიდებული პარტნიორი ბრძანდებოდა. ამ ქალბატონს რომ გაეყარა, ერთი უცნაური რამ დასჩემდა. მეორე ნახევრის გვარებს რატომღაც აღარ იხსენიებდა, მარტივად ამბობდა ხოლმე: My Own (ჩემიაო). ასე მოექცა მეგრულ გვარზე კილი სმითი - კილი ჩემიად, შემდეგი ცოლი კი, ასევე მომღერალი ჯინი მაიონი, - ჯინი ჩემიად. ამ ჩემი ცოდვით სავსეს იმდენი „ჩემია“ ჰყავდა, მათ ანგარიშს რომ მოვყვეთ, ჩიხში შევალთ, ამიტომ ეს ორი მაგალითი ვიკმაროთ.



50-იან წლებში, როცა ჯაზურმა ბიგ-ბენდებმა სათქმელი ამოწურა, ლუი პრიმა მაინც არ წახდა. ვინაიდან მომხვეჭელობის უტყუარი ალღო გააჩნდა, ლას-ვეგასში გადაბარგდა, აზარტის ქალაქში, - ფულის სურნელი კილომეტრებზე რომ გიზგიზებს. აქ ტენორ-საქსოფონისტ სემ ბიუტერთან ერთად წლები გაატარა განცხრომასა და ნაყროვანებაში. თუმცა, საბოლოო ჯამში, მუსიკის ბუნებამ მაინც თავისი გაიტანა. 70-იანებში ჯაზსა თუ როკმუსიკაში დატრიალებულმა ქარტეხილებმა ლუი პრიმა მოაძველა და სცენიდან გამოაძევა. ისიც მშობლიურ ახალ ორლეანში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლო წლები ცნობისმოყვარე ტურისტებისთვის უკრავდა, როგორც სამუზეუმო ექსპონატი. 1978 წელს კი, თავის ტვინზე გადატანილი სერიოზული ოპერაციის შემდეგ, კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნილი გარდაიცვალა.

რამდენად სერიოზული და მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ ეს მხიარული იტალიელი კაცი მუსიკის ისტორიაში, ბუნებრივია, თქვენი გადასაწყვეტია. ჯაზური მუსიკის ზოგიერთი მოყვარულისთვის ლუი პრიმას ხსენება დღესაც კი ირონიულ ღიმილს იწვევს. ვიცნობ რამდენიმე ასეთ მანიაკს - ჯაზს მხოლოდ ფირფიტებზე რომ უსმენენ და მპ3 ფორმატში ტკბობას მკრეხელობად თვლიან. თუმცა ამგვარი პრანჭიაობა საჯაროდ ახასიათებთ ხოლმე. ჩუმად, მალულად კი არაერთგზის მოუსმენიათ, განსაკუთრებით მაშინ, მოჟამულ გუნებაზე რომ ბრძანდებიან და, დენიროს გმირის არ იყოს, წამოსცდენიათ კიდეც: Louis Prima – the best!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG