Accessibility links

logo-print

გამოკვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობის შესახებ


საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

”საზოგადოების განწყობა საქართველოში” - ასე ჰქვია გამოკვლევას, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. კვლევამ მთელი საქართველო მოიცვა და 3000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. საველე სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში - 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით - განხორციელდა. არის თუ არა გამოკვლევაში ურთიერთგამომრიცხავი შედეგები, რას ფიქრობს ხალხი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენასა და დემოკრატიაზე?

ეროვნული და ადგილობრივი საკითხები, დემოკრატია და რეფორმები, მიმდინარე მოვლენები, საგარეო ურთიერთობები და მედია - სქელტანიანი გამოკვლევა ”საქართველოში საზოგადოების განწყობის” შესახებ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს აერთიანებს. ერთი შეხედვით, შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ გამოკვლევის რიგი შედეგები ურთიერთგამომრიცხავია. მაგალითად, კითხვაზე, თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 70% მიუთითებს, რომ თავს არ მიიჩნევს დასაქმებულად, 47% კი ამბობს, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მათი ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისაკენ არ შეცვლილა. თუმცა ისევ გამოკითხულთა უმრავლესობა - 55% - აცხადებს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, მხოლოდ 4% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას. ლუის ნავარო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი, ამ შედეგს მოსახლეობის ოპტიმისტურ განწყობას უკავშირებს.

”შესაძლოა ხალხი დაუსაქმებელია, მაგრამ მათ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება იმ მიმართულებისადმი, რომლითაც ქვეყანა მიდის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თავს დასაქმებულად გრძნობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მომავლის იმედი აქვთ”, - ამბობს ნავარო.
ამას ამბობს იმიტომ, რომ მას არა აქვს დაცულობის განცდა, მას არა აქვს გარანტია, რომ თუკი განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს, ამის გამო არ დასჯიან...

რითი შეიძლება იყოს გამოწვეული გამოკვლევის ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შედეგი? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ ფსიქოლოგ მარინა ჩიტაშვილს მიმართა, რომელიც თავისი პასუხით ლოგიკურად დაუკავშირდა გამოკვლევის კიდევ ერთ თავს - დემოკრატიის შესახებ - და მასში აღმოჩენილ, ასე ვთქვათ, ურთიერთგამომრიცხავ შედეგს. რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი - 49 პროცენტი - მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. დემოკრატიის უპირველეს ნიშნულად ისინი სიტყვის თავისუფლებას და ადამიანთა უფლებებს ასახელებენ, თუმცა, პარალელურად, გამოკითხულთა 84 პროცენტი იმასაც ამბობს, რომ, მაგალითად, პოლიტიკის შესახებ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ოჯახში საუბრობენ.
მარინა ჩიტაშვილი

მარინა ჩიტაშვილი

”ეს არის ფორმალური კითხვა, რომელზე პასუხიც ყველას ერთნაირი უნდა ჰქონდეს - ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები ასე ფიქრობენ, და კიდევ ერთი: ამას ამბობს იმიტომ, რომ მას არა აქვს დაცულობის განცდა, მას არა აქვს გარანტია, რომ თუკი განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს, მას ამის გამო არ დასჯიან”, - ამბობს მარინა ჩიტაშვილი.

განსხვავებული მოსაზრება აქვს გამოკითხვის ურთიერთგამომრიცხავ შედეგებზე საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის თანადირექტორს ნანა სუმბაძეს. მისი თქმით, კითხვაზე, თუ როგორი მიმართულებით მიდის ქვეყანა, შესაძლოა რესპონდენტებმა ასეთ დროს საკითხს უფრო გლობალურად შეხედონ.
შესაძლოა გამოკითხულთა მდგომარეობა დიდად არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ ცხოვრება ხომ, ზოგადად, უკეთესი გახდა და ეს ყველაზე აისახება...

”ასეთ დროს აქცენტი შეიძლება საგარეო ურთიერთობებზე გაკეთდეს, თუმცა დღეს ცხოვრება რომ უკეთესია, ამას რად უნდა ლაპარაკი. საქმე მართლა გვაქვს ურთიერთგამომრიცხავ პასუხებთან. შესაძლოა გამოკითხულთა მდგომარეობა დიდად არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ ცხოვრება ხომ ზოგადად უკეთესი გახდა და ეს ყველაზე აისახება”, - მიაჩნია ნანა სუმბაძეს.

დასაქმება, ტერიტორიული მთლიანობა და ჯანდაცვა - ეს ის ეროვნული საკითხებია, რომლებიც ყველაზე დიდ პროცენტულ მაჩვენებელს აგროვებენ. თუმცა, თუკი კიდევ უფრო მეტი სიღრმეებისკენ წავალთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხი და ის 72 პროცენტი, რომელიც თბილისში ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადების ერთმანეთთან მიბმამ მოიხვეჭა.

გამოკვლევის კიდევ ერთი თავი - მიმდინარე მოვლენების შესახებ - ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა-აღდგენის კითხვებით იწყება. გამოკითხულთა 70 პროცენტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით 2011 წლის ოქტომბერში შეწყვეტილი მოქალაქეობა უნდა აღუდგეს.

მიიღებდით თუ არა მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, ის რომ ხვალ ტარდებოდეს, ანუ მოახლოებული არჩევნები - ეს არის გამოკვლევის კიდევ ერთი თემა. მოსახლეობის 64 პროცენტი ამ კითხვას დადებითად უპასუხებს. თუკი არჩევნების თემას გავაგრძელებთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია და პროექტი ”კარდაკარი”, რომლის განხორციელებასაც კომისია აპრილის ბოლოდან იწყებს. გამოკითხულთა 60 პროცენტმა ამ კომისიის შესახებ არაფერი იცის.

რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 70% უჭერს. არ მოსწონს რუსეთთან საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა გამოკითხული მოქალაქეების 88%-ს. და თუკი გამოკვლევის ბოლო თავზე - მედიაზე - შევაჩერებთ ჩვენს ყურადღებას, მაშინ უნდა ითქვას, რომ გამოკითხული მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი, გასული წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკვლევის მსგავსად, ნდობას კვლავ საპატრიარქოს ტელევიზიას უცხადებს, რომელსაც მოსდევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და „იმედი“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG