Accessibility links

logo-print

ძვირად ღირებული და პოლიტიკურად მოტივირებული სტუდენტური დასაქმება


სტუდენტების აქცია

სტუდენტების აქცია

„სტუდენტთა უფლებების ლიგის“ წარმომადგენლებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მცირემასშტაბიანი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაში ის 4 სტუდენტიც მონაწილეობდა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ”სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამაში” რეგისტრაცია ვერ გაიარეს. „სტუდენტთა დასაქმების პროგრამა“ საზაფხულო არდადეგებზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უნდა განხორციელდეს და მასში სპეციალურ საიტზე - www.summerjob.ge - დარეგისტრიტებული 25 ათასი სტუდენტი შეძლებს მონაწილეობას. ისინი ზაფხულის ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისთვის 500-ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ. პროგრამას განათლების სამინისტრო ახორციელებს, დაფინანსებას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს. ანალიტიკოსები ახალ პროგრამას ხელისუფლების წინასაარჩევნო ინიციატივად აფასებენ.

სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი 19 წლის ლიკა ერთ-ერთია, ვინც - www.summerjob.ge-ზე დარეგისტრირება მოახერხა, მაგრამ ის განათლების სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე მაინც მივიდა იმ სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად, რომლებმაც ”სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამაში” მოხვედრა ვერ შეძლეს, რადგან რეგისტრაციისთვის განკუთვნილი საიტი გადაიტვირთა. აქციის მონაწილენი განათლების სამინისტროსთან ვებსაიტის ტექნიკური გაუმართაობის გამო სტუდენტთა უთანასწორო პირობებში ჩაყენებას აპროტესტებდნენ.
”სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამაში” რეგისტრაციისთვის განათლების სამინისტროს ერთთვიანი ვადა ჰქონდა გამოცხადებული - 20 მარტიდან 20 აპრილამდე, თუმცა გამოცხადების დღესვე, დილის 9 საათზე, ანუ რეგისტრაციის სტარტიდან რამდენიმე წუთში, ბევრი სტუდენტისთვის რეგისტრაცია შეუძლებელი გახდა:
ჩემმა ძალიან ბევრმა მეგობარმა უნივერსიტეტიდან ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა. ეს არის ჩვენი პროტესტის მიზეზი. ვფიქრობ, სტუდენტები ყველანი თანაბარუფლებიანები უნდა ვიყოთ...

”დილის 9 საათზე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო საიტზე შესვლა: როდესაც მეოთხე ნაბიჯამდე მივდიოდით, როდესაც რეგისტრაცია დასრულებულად უნდა გამოცხადებულიყო, აღარ გადადიოდა მეოთხე ნაბიჯზე და წერდა server error და 1 საათისთვის ჩემმა ძალიან ბევრმა მეგობარმა, უნივერსიტეტიდან, ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა. ეს არის ჩვენი პროტესტის მიზეზი. ვფიქრობ, სტუდენტები ყველანი თანაბარუფლებიანები უნდა ვიყოთ.”

ლიკამ ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში არსებული ვაკანსია აირჩია. თუ მას გაუმართლებს, ის ზაფხულში - 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით - 500-ლარიან გასამრჯელოს მიიღებს. როგორც ის ამბობს, ამ თანხით სწავლის საფასურის ნაწილს დაფარავს.
მიუხედავად იმისა, რომ 25 ათასი სტუდენტი კონკრეტულ სარგებელს ნახავს, თავად პროგრამა ბევრ კითხვას უჩენს ექსპერტს შრომისა და დასაქმების საკითხებში ციური ანთაძეს. რამდენად შეესაბამება პროგრამა ბაზრის მოთხოვნებს? გვაქვს თუ არა ქვეყანაში ერთდროულად იმდენი ვაკანსია, რომ 25 ათასი სტუდენტი დასაქმდეს? და თუ ქვეყანაში ამდენი ვაკანსია არსებობდა, რატომ არ ჩანდა აქამდე? - ეს არის კითხვები, რომელთაც ციური ანთაძე სვამს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივას კამპანიური ხასიათი აქვს, რაც ბაზრის რეალური მოთხოვნების საფუძველსაა მოკლებული, მაგრამ მას მხარს მაინც უჭერს კერძო და სახელმწიფო სექტორი. რაც მთავარია, სახელმწიფოს ეს პროგრამა ძალიან ძვირად დაუჯდება:

”დიდ ეკონომიკურ ეფექტს და დასაქმების თვალსაზრისით არსებით პოზიტიურ შედეგს ნამდვილად არ ველოდები, გარდა იმისა, რომ სტუდენტთა გარკვეული კატეგორია მიიღებს ამ თანხას, თუმცა სახელმწიფოს ეს ძალიან ძვირი უჯდება და, სავარაუდოდ, ამ პროექტის ღირებულება 14-15 მილიონ ლარამდე ადის, სულ ცოტა, და რამდენად მართებულია ერთთვიანი კამპანიისთვის ასეთი სოლიდური თანხის გაღება, ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს, მით უფრო, რომ ამ თანხის წარმართვა მეტად ეფექტიანად შეიძლებოდა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში გაგვეზარდა უფრო მომზადებული, კონკურენტუნარიანი კადრები, კერძოდ, პროფესიული სწავლებისთვის დაგვეჭირა უფრო მეტად მხარი, იმიტომ რომ ქვეყანაში პროფესიული კადრების საკმაოდ დიდი დეფიციტია.”

ციური ანთაძე იხსენებს 2007-2008 წლებში განხორციელებულ ადგილზე სწავლებისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამას და ამბობს, რომ ის არ აღმოჩნდა დიდად წარმატებული და ძალიან ცოტა ადამიანმა მოახერხა სამუშაო ადგილებზე თავის დამკვიდრება.

პროგრამაში მონაწილე სტუდენტების ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება, თუმცა, როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი ამბობს, 2012 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მსგავსი პროექტების დაფინანსება გათვალისწინებული არ იყო. ახლა ორგანიზაცია ხაზინიდან ითხოვს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელი ბრძანებულებებით მოხდა ბიუჯეტის კორექცია და კიდევ სხვა რა პროექტებზე მიიმართება საბიუჯეტო სახსრები. ამასთან, ნინა ხატისკაცი სტუდენტური დასაქმების პროგრამის ინგლისურენოვან ლოგოზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ”ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს ხედავს:

” როდესაც ხელისუფლება ახორციელებს პროექტს და ამაზე ბიუჯეტიდან მილიონები იხარჯება, და როდესაც პროექტის ლოგო და დიზაინი ძალიან გვაგონებს მმართველი პარტიის ნომერს და მმართველი პარტიის ლოგოს, აქ არის ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ეს აღქმული იყოს როგორც მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტი.”

თუმცა წინასაარჩევნო კამპანია, ჩვეულებრივ, არჩევნებამდე 2 თვით ადრე იწყება, ფაქტობრივად, ის უკვე დაწყებულია და, ამასთან, ადვილად შესამჩნევია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები. მაგრამ იმის გამო, რომ ფორმალურად წინასაარჩევნო კამპანია არ დაწყებულა, იურიდიულად ასეთი ტიპის ქმედებები არ ისჯება, ამბობს ნინა ხატისკაცი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გვაქვს საარჩევნო წელიწადი და ამ პროგრამის განხორციელება უნდა მოხდეს ზაფხულში, მე მგონი, ამ შემთხვევაში პირდაპირ შეიძლება მივუთითოთ, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით ჩატარებული აქცია...

თუ ხელისუფლებას წინასაარჩევნო პოლიტიკური კამპანიისთვის არ სჭირდება სტუდენტთა დასაქმების პროექტის განხორციელება, მაშინ რატომ ვერ ახერხებს ის კვალიფიკაციის მიხედვით საკუთარი მოქალაქეების დასაქმებას სხვა დროს? ის, რომ დასაქმება ხდება შერჩევითი პრინციპით და ისიც პოლიტიკურად ყველაზე ინერტული ჯგუფის, როგორიც სტუდენტობაა, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მარინა ჩიტაშვილს, პოლიტიკური ქვეტექსტის ძიებისკენ უბიძგებს:

”როდესაც ტარდება ნებისმიერი სხვა ტიპის პოლიტიკა, ყოველთვის ისმება კითხვა, რა მიზეზით ხდება ეს? ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ გვაქვს საარჩევნო წელიწადი და ამ პროგრამის განხორციელება უნდა მოხდეს ზაფხულში, მე მგონი, ამ შემთხვევაში პირდაპირ შეიძლება მივუთითოთ, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით ჩატარებული აქცია.”

სტუდენტურ თვითმმართველობათა წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ შესაძლოა დასაქმების ასეთი პროექტები გარკვეულ პოლიტიკურ შინაარსს ატარებდეს, მაგრამ სტუდენტები ზრდასრული ადამიანები არიან და ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხედვა აქვთ, რასაც ერთთვიანი დასაქმების პროგრამა ვერ შეუცვლით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG