Accessibility links

logo-print

ლუკაშენკო სამართლიანად მიიჩნევს მეტროში აფეთქების მომწყობთა სასამართლო პროცესს


ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, მისივე თქმით, სჯერა, რომ მინსკის მეტროში აფეთქების მოწყობაში ბრალდებული ორი პირის სასამართლო პროცესი „გამჭვირვალე და სამართლიანი“ იყო. ვლადისლავ კოვალიოვი და დმიტრი კონოვალოვი, რომლებიც აფეთქების მოწყობაში დამნაშავედ სცნეს, რამდენიმე დღის წინ სიკვდილით დასაჯეს, რასაც ბელორუსიის ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. სიკვდილით დასჯის გაკრიტიკებასთან ერთად, გამოითქვა დაეჭვება სასამართლო პროცესის სამართლიანობით. აფეთქებამ, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ მოეწყო მინსკის მეტროში, 15 ადამიანი შეიწირა. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფეთქების გამოძიებაში მონაწილეობდნენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ისრაელის მოსადის და ინტერპოლის წარმომადგენლები და არავის დარჩენია ეჭვი, ან შეკითხვები გამოძიების რომელიმე ეტაპზე.
XS
SM
MD
LG