Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში Wilton Park-ის ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა


დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით თბილისში გაიხსნა Wilton Park-ის ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე ”სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება.” რეგიონის სამი ქვეყნის ექსპერტები და მთავრობების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსჯელობენ ენერგოუსაფრთხოებისა და დემოკრატიზაციის საკითხებსა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ხელშესაწყობად საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის ჯუდით გოფის განცხადებით, კონფერენციის სადისკუსიო ფორმატი მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განიხილონ სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობები და გამოწვევები და დასახონ სამომავლო სტრატეგია რეგიონში უსაფრთხოების პრობლემათა მოსაგვარებლად. პრესისთვის დახურული კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების განმტკიცების ერთ-ერთი ინსტრუმენტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციაა. ვაშაძის თქმით, კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიაში არსებულ კონფლიქტებზე, საქართველოს ოკუპაციასა და გზებზე, რომლებითაც შეიძლება კონფლიქტების მოგვარება და უსაფრთხოების განტკიცება. ”ეს არის საერთაშორისო სამართლის და ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და დემოკრატიზაცია, რადგან თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება ყოველთვის ირჩევს მშვიდობას”, - განაცხადა ვაშაძემ.
XS
SM
MD
LG