Accessibility links

logo-print
24 მარტს ეუთო აღნიშნავს 20 წლის გასვლას იმ დღიდან, რაც მიმდინარეობს დიპლომატიური მცდელობა მოგვარდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. ამ სფეროში მომუშავე ეუთოს გუნდს „მინსკის ჯგუფის“ სახელით ვიცნობთ. მეოცე წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით ამერიკელი დიპლომატი და „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარე რობერტ ბრატკე რადიო თავისუფლებას მიღწეულ წარმატებებსა თუ წარუმატებლობაზე ესაუბრა.

„მინსკის ჯგუფი“ უკვე 20 წელია ახორციელებს ინტენსიურ დიპლომატიურ სამუშაოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, რასაც თან ხშირად სირთულეები და იმედგაცრუებაც ახლავს. როგორ შეაჯამებდით მთავარ მიღწევებს? - ეს იყო პირველი შეკითხვა, რომელიც ამერიკელ დიპლომატს ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა, რიჩარდ სოლაშმა, ვაშინგტონში შეხვედრისას დაუსვა.

რობერტ ბრატკე: „ვფიქრობ, მინსკის ჯგუფს სამი მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს. პირველ რიგში, მან სტაბილურობას შეუწყო ხელი - დაძაბულობის განმუხტვას. ამასთან, მისი ხელშეწყობით მოხერხდა ახალი ომის დაწყების თავიდან აცილება. ხოლო როცა საზავო ხელშეკრულება ირღვევა, - და ეს 1994 წლის შემდეგ ბევრჯერ მოხდა, - ჯგუფი იმაზე მუშაობს, რომ ეს დარღვევები რაიმე უფრო სერიოზულში არ გადაიზარდოს. მეორე მიღწევა ის არის, რომ მინსკის ჯგუფი მხარეებს შორის კომუნიკაციის წყაროს წარმოადგენს. სხვა მხრივ მხარეებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ერთმანეთთან უშუალოდ დალაპარაკების საშუალება - ჩვენ კი როცა რეგიონში ჩავდივართ ან როცა რეგიონის გარეთ ვხვდებით ლიდერებს, მათ პოზიციებს ვეცნობით და შემდეგ ეს პოზიცია მეორე მხარესთან ჩაგვაქვს. ეს კი, შესაძლოა, მათ ერთმანეთის უკეთ გაგებაში ეხმარებოდეთ. მესამე ასპექტი, რომელიც ჩვენი მანდატის ნაწილია და რაც ამ პერიოდში გავაკეთეთ, მოლაპარაკებისთვის საერთო საფუძვლის შექმნა იყო. ამაზე კონცენტრაცია განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში მოვახდინეთ ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა იმ ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებისას, რომლის სახელწოდებაცაა „საბაზისო პრინციპები“ [დოკუმენტი ითვალისწინებს მთიანი ყარაბაღის მიმდებარე მიწების ბაქოსთვის დაბრუნებას; ლტოლვილების დაბრუნების უფლებას; მთიანი ყარაბაღისთვის შუალედური სტატუსის გამომუშავებას - უსაფრთხოების და თვითმმართველობის გარანტიებით; სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელ დერეფანს და შეთანხმებას, რომ ამ ტერიტორიას რაღაც დროს, მომავალში, საბოლოო სტატუსი დაუკანონდება]. ამ ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე მხარეებთან ბევრი ვიმუშავეთ. ჯერჯერობით წარმატებისთვის არ მიგვიღწევია. მაგრამ მე მიგითითებთ სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების განცხადებებზე, რომლებითაც მათ ამ დოკუმენტზე მუშაობის გასააქტიურებლად მზაობა გამოხატეს. ეს განცხადებები გაკეთდა წელს, იანვარში, სოჭში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევიც მონაწილეობდა.“

ამ მიღწევების შედეგად, როგორ ფიქრობთ, სომხეთი და აზერბაიჯანი ახლა უფრო ახლოს არიან კონფლიქტის გადაჭრის პერსპექტივასთან, ვიდრე 1992 წლის 24 მარტს? - ეს იყო შემდეგი შეკითხვა, რომლითაც რადიო თავისუფლებამ მინსკის ჯგუფის ამერიკელ თანათავმჯდომარეს მიმართა:

რობერტ ბრატკე: „ვფიქრობ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს - დიახ, ახლა ამ პერსპექტივასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე 20 წლის წინ. ვფიქრობ, ყველა მხარეს ესმის ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც კონფლიქტის გადაწყვეტამ უნდა მოიცვას. მათ და მათთან ერთად ჩვენ ეს ელემენტები ჩამოყალიბებული გვაქვს - ისინი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა [საფრანგეთმა, რუსეთმა და აშშ-მა] გამოთქვეს სამიტებზე, რომლებიც ლაკვილაში, მუსკოკაში და შარშან დოვილში გაიმართა. ვფიქრობ, ახლა ეს ელემენტები უფრო ცხადია, ვიდრე ოდესმე, ეს კი ნამდვილი პროგრესის ნიშანია იმ მდგომარეობასთან შედარებით, რომელშიც 1992 თუ 1994 წლებში - ზავის ამოქმედების დროს - ვიყავით.“

ბოლო შეკითხვა, რომელიც ჩვენმა კოლეგამ რესპონდენტს დაუსვა, შემდეგი იყო: როგორ გესახებათ სურათი კიდევ 20 წლის შემდეგ? როგორ ფიქრობთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მაშინ გადაწყვეტილი იქნება?

რობერტ ბრატკე: „როგორც ჩვენმა ლიდერებმა დოვილში განაცხადეს და როგორც მხარეებისთვის არაერთხელ გვითქვამს, ჩვენი აზრით, ამჟამინდელი სტატუს-კვო მიუღებელია. ამის გამო, ჩემი აზრით, 20 წლის მანძილზე ეს კონფლიქტი უნდა გადავჭრათ, მისი გადაწყვეტის პროცესში პროგრესს უნდა მივაღწიოთ. დაუშვებელია, რომ 20 წლის შემდეგ იგივე სიტუაცია გვქონდეს, რომელიც დღეს გვაქვს. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ მხარეები, სავარაუდოდ, შეთანხმებასთან იმაზე უფრო ახლოს არიან, ვიდრე თავად ჰგონიათ. ნდობის ნაკლებობის გამო, მათ ამის დანახვა უფრო უჭირთ. ჩემი გამოცდილებით, ყველა სამშვიდობო პროცესისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მხარეების მიერ ერთმანეთის პარტნიორებად აღქმაა - იმის გაცნობიერება, რომ პროგრესს ვერ მიაღწევენ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარეს არ აღიქვამენ ძალად, რომლის პრობლემების გადაჭრაშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ. ამოცანა არ უნდა იდგეს ასე: „როგორ მივიღო ყველაფერი, რაც მსურს, მან კი -არაფერი“. ასეთ მიდგომას პროგრესი არ მოჰყვება. ამის ნაცვლად, პროცესი ასე უნდა იყოს აღქმული: „მშვიდობა არ დამყარდება, თუ რაიმეს არ მიიღებს ის და რაიმეს არ მივიღებ მეც. რისი მიცემა შემიძლია მისთვის და რისი მოცემა შეუძლია მას ჩემთვის?“ ეს ადვილი არ არის. ჯერჯერობით ასეთი მიდგომისთვის არ მიგვიღწევია. ამიტომაც ვამბობ, მოვლენებს თუ დისტანციიდან, ობიექტურად შევხედავთ, მხარეები იმაზე ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე თავად ჰგონიათ. ამ პერიოდში - განსაკუთრებით მიმდინარე წელს - მშვიდობის მისაღწევად ამგვარი პარტნიორობის დამყარება და მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება თუ მოხერხდა, ამ მხრივ საქმეში წინსვლა თუ გვექნა, მაშინ, ჩემი აზრით, პროგრესის მოხდენასაც შევძლებთ.“
XS
SM
MD
LG