Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატის დადგენილების წინააღმდეგ


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
სარჩელით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელით 26 მარტამდე შევა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოთხოვნილი იქნება კონტროლის პალატის 16 მარტის დადგენილების გაუქმება, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი, როგორც ფიზიკური პირი, დაახლოებით 3 მილიონი ლარით დაჯარიმდა. კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილს იმ პირთა ”უკანონო დაფინანსებაში” სდებს ბრალს, ”რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო” პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან, თუმცა კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვედრილი პირები ამტკიცებენ, რომ ანაზღაურება მათ სულ სხვა მომსახურებისთვის მიიღეს.

იმ პირთა შორის, რომელთა ”უკანონო დაფინანსების” გამოც კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი 2 725 970 ლარით დააჯარიმა, ადვოკატი არჩილ კბილაშვილიც გახლავთ. მართალია, ის ივანიშვილის სამომავლო პარტიის საინიციატივო ჯგუფშიც ირიცხება და მას არასოდეს დაუმალავს საკუთარი პოლიტიკური მიზნები, მაგრამ, არჩილ კბილაშვილის მტკიცებით, მან კონტროლის პალატის მიერ უკანონოდ მიჩნეული ანაზღაურება წმინდა საადვოკატო მომსახურებისთვის მიიღო.

ადვოკატი კბილაშვილი სვამს შეკითხვას: ვინ უნდა გადაუხადოს მას მომსახურების საფასური, თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, მაშინ როცა ის, მაგალითად, მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესში სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელით მონაწილეობს?
ადამიანებს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის არ უხდიდა ფულს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს თანხა გადახდილი იყო კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის, შრომის ანაზრაურების სახით ...
მანანა კობახიძე

”სხვამ რომ გადამიხადოს ფული, იმ სხვას ჩაუთვლიან უკანონო საგადასახადო ოპერაციად... ხოლო სულ რომ არ გამოვართვა საფასური, მაშინ მე ჩამითვლიან შემოწირულებად პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანისათვის... ღმერთმა კარგად ამყოფოს და, ვთქვათ, ხვალ რომ ოპერაცია გაიკეთოს ბიძინა ივანიშვილმა და ექიმს საზღაური გადაუხადოს ოპერაციისთვის, უნდა დავაჯარიმოთ, თუკი ეს ექიმი მისი პოლიტიკური გუნდის წევრი აღმოჩნდება? ეს ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას არჩილ კბილაშვილმა, რომლის განმარტებითაც, პოლიტიკური პარტიის წევრობა არავის უკრძალავს პროფესიული საქმიანობის შესრულებას და, მის მსგავსად, ანაზღაურება სწორედ ასეთი საქმიანობის შესაბამისად მიიღეს კონტროლის პალატის სიაში შეტანილმა სხვა პირებმაც.

ამ სიაში ვერ ვხვდებით, მაგალითად, ადვოკატსა და უფლებადამცველ მანანა კობახიძეს, რომელიც ასევე არის ბიძინა ივანიშვილის სამომავლო პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრი და რომელსაც ასევე არასოდეს დაუმალავს თავისი პოლიტიკური მიზნები. იმის დასტურად, რომ კონტროლის პალატის ქმედება არალეგიტიმურია, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მანანა კობახიძეს სწორედ საკუთარი მაგალითი მოჰყავს:

”გაცხადებული მქონდა აშკარა პოლიტიკური მიზანი, არჩევნებში მონაწილეობის ჩათვლით, მაგრამ ჩემთვის ამაში თანხა არავის გადაუხდია. ზუსტად ეს არის მაგალითი იმისა, რომ ადამიანებს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის არ უხდიდა ფულს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს თანხა გადახდილი იყო კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის, შრომის ანაზრაურების სახით.”

ადვოკატისა თუ პიარკონსულტანტის მომსახურებისთვის გადახდილ ანაზღაურებას უკანონოდ არც ეკა გიგაური მიიჩნევს, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი. თუმცა, მისი აზრით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაზუსტებული უნდა იყოს, თუ რა მიზნით მიიღო ესა თუ ის თანხა ამა თუ იმ პირმა.
ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მკაფიოდ წარმოვაჩინოთ კონტროლის პალატის დადგენილების უსაფუძვლობა ...
არჩილ კბილაშვილი

”ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ კონტროლის პალატა თავის ქმედებაში უნდა იყოს გამჭვირვალე, იმისათვის რომ ნაკლები კითხვის ნიშანი დაისვას ზოგადად მის ქმედებებთან დაკავშირებით”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკა გიგაურმა.

მისი არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო”, თებერვალში წამოწყებული კამპანიის ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში გაერთიანებულ სხვა ორგანიზაციებთან ერთად, აპირებს შეისწავლოს და საჯარო გახადოს კონტროლის პალატის ყველა ქმედება და ამ პროცესში სათანადო ყურადღება დაეთმობა ფიზიკური პირის, ბიძინა ივანიშვილის, დაჯარიმების ფაქტსაც, ხოლო, პარალელურად, ივანიშვილის ადვოკატები კონტროლის პალატის 16 მარტის დადგენილების გაუქმებას სასამართლოს დახმარებით შეეცდებიან.

”ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მკაფიოდ წარმოვაჩინოთ კონტროლის პალატის დადგენილების უსაფუძვლობა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG