Accessibility links

logo-print
ალა ჯიოევას სახლში ისევ არ უშვებენ. მის ოჯახის წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ლიდერის საავადმყოფოდან გაწერა სამშაბათს მოხდებოდა, მაგრამ ამ თარიღმა ისევ გადაიწია. გუშინ ჯიოევას საავადმყოფოში მისი ყოფილი თანამებრძოლი, ამჟამად ბროვცევის მთავრობის წარმომადგენელი ჯემალ ჯიკაევი ეწვია, რომელმაც ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ ჯიოევას ანალიზების პასუხი არადამაკმაყოფილებელია და მას შაბათს გაწერენ. ჯიოევა თავს ხელისუფლების ტყვედ მიიჩნევს, რადგან მის პალატასთან შეიარაღებული პირები დგანან და, არაერთი თხოვნის მიუხედავად, სახლში არ უშვებენ. თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი მერაბ ჩიგოევი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ალა ჯიოევა საავადმყოფოში დაკავებული არ არის და იგი იქ მხოლოდ სამკურნალოდ იმყოფება.

კვირას დეფაქტო რესპუბლიკის ეგრეთწოდებული საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჯიოევას მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაუშვებენ სახლში. ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ხელისუფლებას საავადმყოფოში დაკავებული ოპოზიციის ლიდერის ისევ ეშინია, რადგან არ არის გამორიცხული, რომ მან ბოიკოტის შესახებ განცხადება გააკეთოს და მარტის არჩევნები ჩაშალოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯიოევას მომხრეები სხვადასხვა კანდიდატების ბანაკებში გადანაწილდნენ, თვითონ ოპოზიციის ლიდერი მოახლოებულ არჩევნებს არალეგიტიმურს და არაკანონიერს უწოდებს. პოლიტიკური მიმომხილველი იური ვაზაგოვი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ჯიოევას პოლიტიკური გავლენის შიში აღარ უნდა ჰქონდეს.

ოსი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დაბნეულია და არ იცის ჯიოევას რა მოუხერხოს. ალბოროვას აზრით, არც მისი გაშვება უნდათ და არც დაპატიმრება, რადგან ეს პროტესტს გამოიწვევს, ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს ჯიოევას საკითხის გარკვევა მომავალ პრეზიდენტს გადააბაროს.

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ კრემლის მოხელეებმა ყველაფერი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნეს და ჯიოევა მთავრობას იქ არსებული კორუფციული სქემების გამო არ გააკარეს.

თვითონ ჯიოევა მიიჩნევს, რომ მისი იძულებითი მკურნალობა გაურკვეველი პერიოდით გაგრძელდება, მაგრამ, ექსპერტების ვარაუდით, ოპოზიციის ლიდერის საავადმყოფოში პატიმრობა მალე დასრულდება.
XS
SM
MD
LG