Accessibility links

logo-print
დღევანდელი პრესა შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე წერს. სხვადასხვა გაზეთი განსხვავებულ აქცენტს სვამს. სათაურებს გაგაცნობთ: “რეზონანსი” – “მოქალაქეთა ნახევარზე მეტს არ სჯერა, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა”, “24 საათი” - ”ორიენტაცია ევროკავშირზე”, “ახალი თაობა” – “არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რიცხვმა მოიმატა”, “ალია” – “რა ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემებია “ენ-დი-აის” კვლევის შედეგებში?”.
“24 საათის” ავტორი შენიშნავს, რომ საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერის მიუხედავად, კვლევიდან ირკვევა, რომ „მოსახლეობის 59 პროცენტმა არ იცის, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებას”.

“ალია” წერს: “კი ბატონო, 53 პროცენტი უჭერს ნატოში შესვლას მხარს, მაგრამ 17 პროცენტი სრულიად უჭერს. აქ გაუგებარია, რას ნიშნავს სრულიად და არასრულიად, ანუ სანახევროდაც შეიძლება, რომ მიგვიღონ? ან იქნებ ამ შემთხვევაში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე მიღებაზეა ლაპარაკი?” - ასეთი კითხვები გაუჩნდა “ალიას” ავტორს.

ამავე გაზეთში დღეს რესპუბლიკელ თინა ხიდაშელთან ინტერვიუა. საუბრის ბოლოს მას ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ძმაზე ეუბნება: “...ამბობენ, რომ მისი ძმა - ივანე მაჭავარიანი - “ქართულ ოცნებაში” შემოსვლას ფიქრობს. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?”. თინა ხიდაშელის პასუხი: “...ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მეტის დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ. ამ ინფორმაციას არც უარვყოფ და არც ვადასტურებ...”.

“რესპუბლიკური პარტიის” კიდერვ ერთ ლიდერთან, ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუ “რეზონანსში” ქვეყნდება. ჟურნალისტი მას კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ მოქმედებაზე ეკითხება. ლევან ბერძენიშვილი ამბობს: “იოლი არ არის რევიზორებისა და ბუღალტრების მიერ ერთი ხელის დარტყმით ხალხის დაშინება. ახლა 21-ე საუკუნეა”. ბერძენიშვილი აგრეთვე აცხადებს: “მთელი მსოფლიო ფეხზე დგას იმ იდიოტიზმის გამო, რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება სჩადის. ეს ასე ადვილად არ დამთავრდება და მხოლოდ საყვედურს არ ეტყვიან, რომ “ეს არ მოგსვლიათ, ბიჭებო, კარგი საქმეო”, ეს ძალიან სერიოზულად გასცდება ქვეყნის ფარგლებს.”

“საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე სათაურია - “მივდივართ ჯოჯოხეთისკენ!”. ავტორი წერს: “ცხადზე უცხადესია, რომ სააკაშვილი დასავლეთიდან, უპირველეს ყოვლისა კი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დიდ მხარდაჭერას არ ელოდება და... ჩვეულებისამებრ, ანტისახელმწიფოებრივად, არადიპლომატიურად, ტრადიციულ სისულელეებს აფრქვევს.”

“ახალი თაობა” ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას მიერ პრეზიდენტის დედის ბიზნესზე გამართულ ბრიფინგს აშუქებს. “ჯონდი ბაღათურია: “პრეზიდენტის დედა ისლამისტური ფულის შემოსვლას შუამავლობს!” - ასეთია სტატიის სათაური.

“ახალ თაობას” აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე ელაპარაკება: “ადრეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ თაფლობის თვე მოსკოვსა და სოხუმს შორის დამთავრდა და საქმეზე გადასვლის დრო დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლი თავისი მზაკვრული იმპერიული ინტერესების განხორციელებას შეუდგა. საოკუპაციო ჯარი უკვე შეყვანილი ჰყავს აფხაზეთში, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს ამ ტერიტორიაზე.”

დასასრულ, ისევ “24 საათს” მივუბრუნდები. დღევანდელ ნომერში 25 ათასი სტუდენტის დასაქმებისთვის გამიზნული პროგრამის “Summer Job”-ის სპიკერ მაია საჯაიასთან ინტერვიუა. რესპონდენტი ამბობს: “ონლაინ რეგისტრაცია 20 მარტს 9:00 საათიდან დაიწყო და 20 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა საზაფხულო პროგრამაში დასაქმების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდი აღმოჩნდა. 21 მარტის მონაცემებით, დარეგისტრირებულია 24965 სტუდენტი.”
XS
SM
MD
LG