Accessibility links

logo-print

საფრანგეთი: მკვლელობებში ეჭვმიტანილი მოკლულია


მოჰამედ მერა

მოჰამედ მერა

პირი, რომელიც, ისლამისტური ექსტრემისტული კამპანიის ფარგლებში, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში 7 ადამიანის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, მოკლულია.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კლოდ გეანის განცხადებით, ეჭვმიტანილი - 23 წლის მოჰამედ მერა - დაიღუპა ქალაქ ტულუზაში ხუთშაბათს მოწყობილი რეიდის დროს, როცა მან სროლა დაუწყო პოლიციელებს და ფანჯრიდან გადახტა. მოგვიანებით პროკურორმა ფრანსუა მოლინსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სროლის დროს მერას თავში მოხვდა ტყვია.
როგორც იუწყებიან, რეიდისას ორი პოლიციელი დაიჭრა.

მოლინსმა ასევე განაცხადა, რომ მერას მიერ მოწყობილი სამივე თავდასხმა ვიდეოთი ჰქონდა გადაღებული და დაადასტურა, რომ ეს ვიდეო პოლიციის ხელშია. გენერალური პროკურორის თქმით, ალყაშემორტყმული სახლიდან პოლიციასთან 32 საათის განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებისას მერა აცხადებდა, რომ ვიდეო ინტერნეტში ჰქონდა განთავსებული, თუმცა ამის დადასტურება პოლიციამ ვერ შეძლო.

როგორც აცხადებენ, მერა ალჟირული წარმომავლობის საფრანგეთის მოქალაქე იყო. გავრცელებული ცნობებით, ის აცხადებდა, რომ ალ-ყაიდის ექსტრემისტულ ისლამისტურ ქსელთან ჰქონდა კავშირი.

პოლიციის ცნობით, მერამ პოლიციელებს უთხრა, რომ ის იდგა სამი ფრანგი ჯარისკაცის, რაბინის და საბი ებრაელი სკოლის მოწაფის მკვლელობების უკან. როგორც იუწყებიან, მერა აცხადებდა, რომ ამაყობდა ამ მკვლელობებით და იუწყებოდა, რომ კიდევ ჰქონდა დაგეგმილი თავდასხმების მოწყობა.
ჩვენს მუსულმან თანამოქალაქეებს არაფერი აქვთ საერთო ერთი ტერორისტის შეშლილ მოტივაციასთან ...

რეიდის შემდეგ გაკეთებულ მოკლე განცხადებაში პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ პოლიციელებს ოპერაციის ჩატარება მიულოცა - და აღწერა მცდელობა, რომელიც მერას ცოცხლად აყვანის მიზნით ხორციელდებოდა: „ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ მკვლელი მართლმსაჯულებისათვის გადაეცათ. მაგრამ დაუშვებელი იყო სხვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ამ მიზნის მისაღწევად. ისედაც მეტისმეტად ბევრი ადამიანია დაღუპული“ - თქვა მან.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ პოლიცია ახლა არკვევს, ჰყავდა თუ არა მერას დანაშაულში თანამონაწილეები.

სარკოზიმ - რომელიც აპრილში დანიშნულ კენჭისყრაზე ხელახალ არჩევას ესწრაფვის - განაცხადა, რომ ამ საქმის გამო, საფრანგეთის მთავრობა მომავალში ეცდება გაამკაცროს ზომები ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, რომელიც, მისი თქმით, რეგულარულად სტუმრობს „ტერორისტების მხარდამჭერ, ან სიძულვილის თუ ძალადობის მოწოდებების შემცველ ვებსაიტებს“.
ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არ არის, რომელი ვებსაიტები შეიძლება მოხვდეს ამ განსაზღვრების ქვეშ.

ამ განცხადებებთან ერთად, სარკოზი საზოგადოებრივი ერთიანობის მოწოდებით და მკვლელობების გამო არსებული აღშფოთების და სიბრაზის გადალახვის მოწოდებებითაც გამოვიდა. „ჩვენს მუსულმან თანამოქალაქეებს არაფერი აქვთ საერთო ერთი ტერორისტის შეშლილ მოტივაციასთანო“ - უთხრა მან საფრანგეთის ხალხს.

საფრანგეთის უშიშროების სტრუქტურებს უკვე აკრიტიკებენ იმის გამო, რომ, როგორც იუწყებიან, მერამ ინტერნეტით მუქარა გაავრცელა, რომელსაც ყურადღება არ მიაქციეს.

გავრცელებული ცნობებით, მერა სულ მცირე 15-ჯერ იყო ნასამართლევი, მათ შორის ძალადობრივი აქტებისთვის, და ავღანეთსა და პაკისტანში იყო ნამყოფი.
მერაც და მისი ძმაც საფრანგეთში რადიკალური იდეოლოგიის, სალაფიზმის მიმდევრებად იყვნენ დარეგისტრირებულნი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამთავრობო უწყებების მიერ გაწეული შრომა დაიცვა - განაცხადა, ბოლო ათწლეულის მანძილზე ისლამისტურ ექსტრემიზმში 700-მე ეჭვმიტანილი იქნა დაკავებული, დაახლოებით 60 „ტერორისტული ტენდენციების მქონე ისლამისტი“ კი ციხეში მოხვდაო.
XS
SM
MD
LG