Accessibility links

logo-print

ფილიპ დიმიტროვი: მომავალი არჩევნები მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება


საქართველოსთვის დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მომავალი არჩევნები იქნება - ამის შესახებ 23 მარტს, თბილისში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა. მისივე შეფასებით, ინსტიტუციონალური მოწყობისთვის საქართველო ეფექტიანად მუშაობს, თუმცა გარკვეული სირთულეები აქვს. ამავე ფორუმზე ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ საქართველო ჩააბარებს არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარების გამოცდას, რადგან ქვეყნის მთავრობას შესაბამისი პასუხისმგებლობა აქვს ადგილობრივი და მსოფლიო საზოგადოების წინაშე. ბარამიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს განვითარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი წინაღობა რუსეთთან კონფლიქტია. ვიცე-პრემიერის განცხადებით, სამწუხარო რეალობაა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით განაგრძობს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, არ ასრულებს მის მიერვე ხელმოწერილ შეთანხმებებს და ცდილობს სამხედრო ძალების გამოყენებით ეთნიკური წმენდის დაკანონებას და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას. "ჩვენ გვსურს ვიხილოთ დემოკრატიული, სტაბილური და პასუხისმგებლობის მქონე რუსეთი, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რუსეთის წარმოდგენა ძნელია მისი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნოწმენდა, რაც მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მიმართულებით.
XS
SM
MD
LG