Accessibility links

logo-print
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადების გამო, სამეგრელოს რეგიონში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების არსებობის შესახებ. აფხაზური მხარე მიიჩნევს, რომ ”საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს დაშინების და ტერორის პოლიტიკას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მოსაზღვრე გალის რაიონში.” დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისი მუდმივად იყენებდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს გალის რაიონში ვითარების დესტაბილიზაციისთვის და სავარაუდოდ, ამ ტაქტიკის გაგრძელებას აპირებს, რასაც რაიონში ბოლო ხანს მომხდარი და მსხვერპლით დასრულებული ინციდენტები ადასტურებს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს და საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას მოუწოდებს, ზეგავლენა მოახდინონ ქართულ მხარეზე, დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად. კოალიცია ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და საჭიროების შემთხვევაში ანგარიშსწორებისთვის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში 15 და 20 მარტს დაადანაშაულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებებზე აფხაზური მხარის რეაქციის კომენტირებას არ აპირებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თავად ვაშაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელთა ცილისწამებას ამომწურავი პასუხი თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ უკვე გასცა. "სჯობს ოპოზიციამ შიზოფრენიულ ბოდვას თავი დაანებოს, მით უმეტეს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს”, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG