Accessibility links

logo-print
სიამოვნებაც ეს იყო თუ იყო - ვეტერანმა ჯეოსტარელებმა ახალი სიმღერა შეასრულეს ჯეოსელის მცირედ დალტონიკურ იუბილეზე: "ეს გაზაფხული მოტყვანილია, ეს გაზაფხული აწ თქვენ გეკუტყვნით!"

"სიმღერის დაწერის იმპულსი პრეზიდენტის ტელეგამოსვლამ მომცა, - ბრძანებს კომპოზიტორი ლალი ლაშქარაშვილი, - მან ისე მუსიკალურად აამეტყვნელა პოლიტიკური რეალობა, რომ მაშინათვე მივუჯექი ფორტეპიანოს..."

ისტორიას სულ რამდენიმე დიდებული პოლიტიკური გამოსვლა შემორჩა. თავი დაგვამახსოვრეს იულიუს კეისარმა, ჩერჩილმა, განდმა (როგორც ერთმა რიგითმა ჟურნალისტმა ბრძანა), კენედმა (თქვა ისევ იმავემ) და როლანდ რეიგანმა (როგორც ე. შევარდნაძე ამბობდა). მაგრამ, ვფიქრობ, ისტორია (უფრო ზუსტად კი, ფსიქოანალიზის ისტორია) არც ჩვენი პრეზიდენტის ერთ-ერთ ბოლო "სიტყვას" დატოვებს უყურადღებოდ...

ოჰ, რა დაგვავიწყებს გაზაფხულის მომტყვანელი სტუდენტების სახეს...

საინტერესოა, ნეტავ რა ედო თავში ამ უაღრესად სასიცოცხლო ნეოლოგიზმის ავტორს!

ვიღაცამ ცხონებული ზიგმუნდ ფროიდიც ახსენა, მაგრამ რატომღაც არა მგონია, რომ აქ წამოცდენასთან გვქონოდა საქმე, - ჩემი აზრით, პრეზიდენტმა განზრახ ჩაჩხირა ამ სიტყვაში ასოები "ტ" და, უკაცრავად, "ყ". კრიმინალური მენტალიტეტის დამარცხებამ, მოგეხსენებათ, სრულიად უსარგებლო გახადა კრიმინალური აზროვნებისთვის დამახასიათებელი ლექსიკაც, ჰოდა, შესაბამისად, გაქრობის საფრთხე დაემუქრა ისტორიულად უგვან ტყ-იან ტერმინებსაც, რაც თავისთავად მორალურად სულაც არ გახლავთ ცუდი, მაგრამ ლინგვისტურად, პირიქით, საზიანოა. გინება (ნებისმიერი ბრუნვით) და ძველბიჭობა 2005-08 წლებში აღიგავა პირისაგან მიწისა, ამ ზნეობრივ აღგვას კი ძირძველი ქართული ასოთშეთანხმებების ნიველირება-მივიწყებაც მოჰყვა, რაც პირდაპირ დანაშაულია ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ; ისედაც ცოტა სიტყვა გვაქვს სახმარად და ასოთშეთანხმებათა დაკარგვა კიდევ უფრო შეგვიზღუდავს ყოფით მწირ ლექსიკონს... ამიტომ პრეზიდენტმა, ჩემი აზრით, მენტალურ-ლინგვისტურ ოინს მიმართა: ტრადიციულად უზნეო და უხამს ასოთწყვილეულს ამორალური კონოტაცია გამოაცალა და ჩვეულ ტყ-ს უჩვეულო სიწმინდე და სათნოება შესძინა...

ასე რომ, პრეზიდენტი გვასწავლის: ნუ დავკარგავთ ნურც ტყ-ს, ნურც ყლ-ს და ნურც მტყვნლ-ს (ვიმეორებ, ისედაც ცოტა სიტყვა გვაქვს), ოღონდ ვიხმაროთ ესენი მხოლოდ ზრდილ და არაუხამს კონტექსტში! თამამად გააბნიეთ ეს ტყ-ები, რადგან დასაკარგი "ტყ" თუ "ყლ" ოთხმილიონიან ერს ნამდვილად არა გვაქვს... და გპირდებით, როგორც მივიტყვანეთ ეს გაზაფხული, ისევე ღირსეულად წავიტყვანთ!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG