Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი სირიის საკითხზე მოსალაპარაკებად მოსკოვს და პეკინს ესტუმრება


სირიის კრიზისში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელი, კოფი ანანი, ამ კრიზისზე მოლაპარაკების გამართვის მიზნით მოსკოვს და პეკინს ესტუმრება. სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ოფისის განცხადებას - რომ პრეზიდენტი კოფი ანანს კვირას, მოსკოვში შეხვდება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პეკინში ანანის ვიზიტი სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ანანის მიერ მოსკოვში გამართული შეხვედრების მთავარი თემა იქნება „სირიის შიდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ანალიზი“. რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მოუწოდებდნენ შეეწყვიტა ოპონენტების წინააღმდეგ სისხლიანი რეპრესიები. მოსკოვი აცხადებდა, რომ რეზოლუციის პროექტებში სათანადოდ არ იყო გამოკვეთილი ოპოზიციის პასუხისმგებლობა სირიაში მიმდინარე ძალადობაში. როგორც ვარაუდობენ, ამ ძალადობას, რომელიც წელიწადზე დიდი ხანია გრძელდება, 8,000-ზე მეტი სიცოცხლე შეეწირა.
XS
SM
MD
LG