Accessibility links

დამხმარე სამხედრო რეზერვის ექსპერიმენტი


ქართველი რეზერვისტები გორში. 2008 წლის 9 აგვისტო

ქართველი რეზერვისტები გორში. 2008 წლის 9 აგვისტო

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას სკანდალური განცხადების პასუხად, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ აღმოაჩინა რეზერვს ამოფარებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებების კვალი დასავლეთ საქართველოში. სამაგიეროდ, საზოგადოებაში ახალი იმპულსი მიეცა მსჯელობას სამხედრო რეზერვზე, რომელმაც, 7-წლიანი მძიმე დაფინანსების მიუხედავად, ვერ მიიღო დასრულებული, ორგანიზებული სახე. სამხედრო რეზერვის მომზადების არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, რომელიც სამხედრო რეზერვის მომზადების ახალი კონცეფციის ერთ-ერთი ავტორია.

სულ ერთი თვეც და სამხედრო რეზერვის კონცეფცია დასრულებულ სახეს მიიღებს და საქართველოს გადასახადის გადამხდელებს, ბოლოს და ბოლოს, ეცოდინებათ, თუ რა ტიპის სამხედრო რეზერვს მოხმარდება მათი ფული. კონცეფციის თანაავტორის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნოდარ ხარშილაძის ინფორმაციით, საუბარია საარმიო, ანუ აქტიურ რეზერვსა და რეზერვის მხარდამჭერ კომპონენტზე. აქტიური რეზერვი დაკომპლექტდება ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისაგან და იგი ომის დროს კონკრეტული სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობას ჩაანაცვლებს. მეორე ტიპის რეზერვი კი დაკომპლექტდება სამხედრო გამოცდილების უქონელი მოქალაქეებისაგან და მისი ფუნქციაც შერეული - სამხედრო-სამოქალაქო - იქნება.

„და არის მეორე - მხარდაჭერითი -კომპონენტი რეზერვის. ის შედგება იმ ხალხისაგან, რომელსაც არ მიუღია ცხოვრებაში აქტიური სამხედრო განათლება ანდა გამოცდილება, მაგრამ შეიძლება გამოყენებული იქნეს მხარდამჭერ როლში სხვადასხვა ოპერაციის დროს. რაც შეეხება აქტიურ რეზერვს, ეს არის საარმიო რეზერვი, რომელიც ყალიბდება ყოფილი სამხედროებისაგან და მისი ძირითადი ფუნქციაა ჩანაცვლებითი როლი ითამაშოს ომის შემთხვევაში.“

რეზერვის ტიპები განსაზღვრავს პასუხისმგებელ სტრუქტურებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნოდარ ხარშილაძის თქმით, მხარდამჭერ რეზერვში მოქალაქეთა გაწვევას ახდენენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ხოლო პირველი კატეგორიის რეზერვისტების მომზადებას ხელმძღვანელობს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი. რაც შეეხება არმიულ - ანუ აქტიურ - რეზერვს, მისი პირადი შემადგენლობის გაწვევას და მომზადებას ხელმძღვანელობს სახმელეთო ჯარების სარდლობა.

„სახმელეთო სარდლობა დღეს, ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, გაყოფილია ორ ნაწილად, დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებად, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და რელიეფის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, აღმოსავლეთ საქართველოში ამას ხელმძღვანელობს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის შტაბი, დასავლეთ მიმართულებას - არმიის დასავლეთი შტაბი. ესენი, ისევ და ისევ, არ არიან დღეს და გუშინ შექმნილი სტრუქტურები, მაგრამ რაკი ახლა ჩვენ დავიწყეთ ამ საწყისი ნებაყოფლობითი რეზერვის პროგრამა, მათ კიდევ ნებაყოფლობითი რეზერვის კოორდინაციის ფუნქციაც დაემატათ.“

ნებაყოფლობით რეზერვში მოქალაქეთა გაწვევა ერთი წლის წინ დაიწყო. აქტიური რეზერვისგან განსხვავებით, ნებაყოფლობით რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა ასაკი არ არის მკაცრად განსაზღვრული, რადგან მომზადება სულ ექვს დღეს გრძელდება და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას. თუმცა ნებაყოფლობითი რეზერვის ეფექტურობა მრავალ შეკითხვას აღძრავს. ნებაყოფლობით რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეებისათვის მოქმედებს მხოლოდ მომზადების ექვსდღიანი პროგრამა, რაც, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სტერეოტიპს, რომ ყველა ქართველი დაბადებიდან უბადლო მეომარია, ნორმალურ ქვეყანაში საკმარისია მხოლოდ სამხედრო ფორმისა და იარაღის მისაღებად, ადაპტაციისათვის, საბრძოლო მომზადების თეორიული კურსის გასავლელად და პოლიგონზე ერთი-ორი გასროლისათვის. სწორედ ნებაყოფლობით რეზერვში დაინახეს ოპონენტებმა ხელისუფლების შეფარული მცდელობა, შექმნას და შეაიარაღოს ისეთი ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან „არ მისცენ მოქალაქეებს თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება არჩევნებზე.”

ასეთი ჯგუფების არსებობას უარყოფს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე, რომელიც არც იმ მოსაზრებას ეთანხმება, რომ ექვსდღიანი სარეზერვო მომზადება დროისა და ენერგიის ფუჭი ხარჯვა იყოს:

„ახალი ტიპის ნებაყოფლობით-ტერიტორიული რეზერვის ფუნქცია არ არის სამხედრო ფუნქცია. ეს არის მხარდაჭერის ფუნქცია. ჩვენ ვცდილობთ ადგილებზე - რეგიონებში - ხალხს ავუხსნათ და ვასწავლოთ ის ელემენტარული, რაც საჭირო იქნება მტრის აგრესიის შემთხვევაში, რათა კოორდინირებულად დაეხმარონ შეიარაღებულ ძალებს და მის აქტიურ კომპონენტს ქვეყნის თავდაცვაში.“

ნებაყოფლობითი რეზერვის პროგრამით საქართველოში რამდენიმე ათასმა რეზერვისტმა გაიარა მომზადება ქვეყნის ყველა რეგიონში შექმნილ საწვრთნელ ბაზებზე. განსხვავებით რეზერვის შვეიცარიული მოდელისგან, ქართველი რეზერვისტები შეკრების შემდეგ იარაღს და სამხედრო ფორმას იმ სამხედრო ნაწილში ტოვებენ, რომლებზეც მიწერილნი არიან. ნოდარ ხარშილაძის თქმით, საპილოტე ეტაპმა სამხედრო ხელმძღვანელობას კარგი გაკვეთილი მისცა:

„მაგალითი და ნასწავლი გაკვეთილი ამ პროცესიდან არის ის, რომ ორივე სახის რეზერვიდან - როგორც ნებაყოფლობითი, ისე არანებაყოფლობითი რეზერვიდან - გარკვეული კატეგორიის ხალხი ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად გამოვიყენოთ კრიზისების დროსაც, ანუ როგორც ბუნებრივი კატასტროფების დროს ადგილობრივი ხელისუფლების დასახმარებლად, ასევე ძალიან კარგად შეიძლება მათი ინტეგრირება მთლიანად თავდაცვის სისტემაში, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ამ ხალხმა ერთხელ მაინც გაიაროს სამხედრო სამსახური, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება, გავაკეთოთ გარკვეული შერჩევა.“

ნოდარ ხარშილაძის თქმით, საწყისი ნებაყოფლობითი რეზერვის მომზადების პირველი ეტაპის ბოლოს სამხედრო ხელმძღვანელობა მოახდენს ე.წ. პროფილური ანუ ლოგისტიკური და სამედიცინო სარეზერვო ჯგუფების მომზადებას. მიღებული გამოცდილება თავს მოიყრის უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ სამხედრო რეზერვის ახალ კონცეფციაში, რომელიც ერთ თვეში გამოქვეყნდება. მასში, ნოდარ ხარშილაძის თქმით, კიდევ უფრო მკაფიოდ გაიმიჯნება ტერიტორიული რეზერვისა და მხარდამჭერი რეზერვის ფუნქციები, მოხდება ზოგიერთი პროგრამის ინტენსიფიკაცია და შესაძლებელია გაიზარდოს ნებაყოფლობით რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა ასაკი. ერთი რამ, რაც არ გადაიხედება, არის თავად სახელმწიფო მიდგომა: ქვეყანას, რომელსაც ჰყავს არმია, აუცილებლად უნდა ჰყავდეს მომზადებული რეზერვი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG