Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისია: თიბილოვს ხმათა 47 პროცენტამდე აქვს


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დასრულდა განმეორებითი საპრეზიენტო არჩევნები. წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების ყოფილი უფროსი, ლეონიდ თიბილოვი. „ინტერფაქსი“ დე-ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მას ხმათა 47 პროცენტამდე აქვს. მეორე ადგილზე გადის დმიტრი მედოევი, სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენელი რუსეთში. იმ შემთხვევაში, თუ ხმათა 50 პროცენტზე მეტი არც ერთ კანდიდატს არ ექნება, მეორე ტური უნდა დაინიშნოს. ამორჩევლის აქტიურობა 66 პროცენტამდე იყო. არჩევნებს დე-ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებთა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. მათი უმრავლესობა ოპოზიციის ლიდერის, ალა ჯიოევას მომხრე იყო, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ეს შედეგი გაუქმებულ იქნა დე-ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ. ჯიოევამ ხელმეორე არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა - მისი აზრით, მონაწილეობა წინა კენჭისყრის გაუქმების კანონიერების აღიარების ტოლფასი იქნებოდა. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჯიოევამ განაცხადა, რომ ხელმეორე არჩევნების ობიექტურობის არ სჯერა. დღევანდელ არჩევნებში კენჭს ოთხი კანდიდატი იყრიდა. მათ შორის არ იყო არც ჯიოევას ყოფილი ძირითადი მეტოქე - ანატოლი ბიბილოვი, რომელსაც ნოემბრის არჩევნებზე კრემლი უჭერდა მხარს.
XS
SM
MD
LG