Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნება" კვლავაც მიიჩნევს, რომ ხელისუფლება უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის


საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა უარყოფის მიუხედავად, პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება" კვლავ მიიჩნევს, რომ ხელისუფლება დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის და ცდილობს მათ რეზერვის სახელი მიანიჭოს. 26 მარტს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის ირაკლი ალასანიას მიერ გადაცემულ მასალებში მითითებული იყო დისლოკაციის ადგილები და შეიარაღებული ფორმირებების კონკრეტული წევრები, რომელთა შორის არიან კრიმინალური წარსულის მქონე ნასამართლევი პირები. ფანჯიკიძის თქმით, არსებულ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ ალასანიას პირველივე განცხადების შემდეგ დაჩქარდა ნებაყოფლობითი რეზერვის კონცეფციის შემუშავება, რითიც ხელისუფლება ცდილობს უკანონობა დააკანონოს. ”ქართული ოცნების” პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოში არაფორმალური ჯგუფების შექმნა სიახლე არ არის და მათ ხელისუფლება სხვადასხვა დროს იყენებდა სხვადასხვა მიზნით, მათ შორის მოქალაქეების დარბევისა და დაშინებისთვის. მაია ფანჯიკიძის შეფასებით, 2007 და 2011 წლებში საპროტესტო აქციების დარბევისას სწორედ ასეთი ჯგუფები გამოიყენეს და მათი აქტივობა გამოვლინდა ბოლო პერიოდის ყველა არჩევნების დროსაც. ”იმ მიზნით, რომ ამჯერად მაინც დროულად იყოს აღკვეთილი უკანონობა და მოხდეს პრევენცია, ირაკლი ალასანიამ გადაწყვიტა უშიშროების საბჭოსთვის მიემართა" - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის წერილი უშიშროების საბჭომ საჯაროდ 23 მარტს გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას მიერ მიწოდებული მასალა რაიმე ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავს.
XS
SM
MD
LG