Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 26 მარტი, 2012


ჟურნალ ”ტაბულის” დღევანდელ ნომერში კახა ბენდუქიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ”ეკონომიკას თუ ავითარებ, გზა უნდა მისცე კერძო ინიციატივას, თუ გინდა ეკონომიკა ჩამყაყდეს, მაშინ - სახელმწიფო ინიციატივას”. ხელისუფლების კრიტიკოსთა მიერ ელიტური კორუფციის არსებობაზე კომენტარების პასუხად ბენდუქიძე ამბობს: ”ელიტური კორუფცია ისე, როგორც ეს წარმოუდგენია ზოგიერთ ოპოზიციურ ძალას, იგივეა, რომ მე გითხრათ, რომ აი, ამ ოთახში არის ძალიან ბევრი ნიანგი, მაგრამ ჩვენი ეშინიათ და არ ჩნდებიანო”. დღევანდელ ”ტაბულაში” პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველ თამარ კოვზირიძესთან ინტერვიუს დიდი ნაწილი ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს ეთმობა: ”გულახდილად ვიტყვი - ახალი რეგულირება ხარჯებთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვადები, არამედ მასშტაბურობაც. ევროკავშირში არსებული პრაქტიკის მიხედვით, დანერგვისთვის მაქსიმალური ვადა 10 წელია. ამ ფარგლებში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და განსაკუთრებით ვფრთხილობთ იქ, სადაც ბიზნესი სენსიტიურია”.

”ბანაობა გინდა? - ევროსასამართლომ დაგბანოს” - ეს ”რეზონანსის” სათაურია. სტატიაში წაიკითხავთ: ”ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” გამგეობის თავმჯდომარის თამარ გაბისონიას განცხადებით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ პატიმრებს ევროსასამართლოში მიმართვის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები საქმის წარმოებაზე უარის თქმის სანაცვლოდ სასჯელისგან გათავისუფლებას ჰპირდებიან”.

”რეზონანსში” პოლიტოლოგ გია ნოდიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: ”ხელისუფლების შეცდომა იყო ის, რომ უფრო ადრე და უფრო ადვილად უნდა დაებრუნებინათ ივანიშვილისთვის მოქალაქეობა და მისთვის ეს სალაპარაკო თემა ვეღარ იქნებოდა... ... მეორე შეცდომა იყო ეს მოქმედებები რეგიონებში და დაკითხვები. ამანაც უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ქართულ საზოგადოებაზე”.

”კვირის პალიტრაში” ლადო პაპავასთან ინტერვიუს წაიკითხავთ. ის ამბობს: ”ვაშინგტონის ინტერესია, რომ მას ჰყავდეს სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით ირანთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მას სჭირდება რაც შეიძლება მეტი მომხრე ჰყავდეს. მაგრამ თუკი ხედავს, რომ პროცესები მიდის არადემოკრატიულად და, ხშირ შემთხვევაში, ანტიდემოკრატიულადაც, ამ ინტერესებს ვალდებულებები გადაფარავს და ვაშინგტონი პარტნიორი მთავრობის ნაცვლად პარტნიორი ქვეყნის დამოკრატიას დაიცავს.”

”... არჩევნების შემდეგ, რაც არ უნდა პატიოსნად მოიგოს ხელისუფლებამ, ოპოზიცია ქუჩაში აუცილებლად გამოვა”, - ეუბნება ვახტანგ რჩეულიშვილი ”ვერსიას”. ამავე გაზეთში ირაკლი მელაშვილთან ინტერვიუსაც გაეცნობით: ”ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა, დღევანდელი მოცემულობით, შეუძლებელია”, - ამბობს ის.

”კვირის ქრონიკა” წერს, რომ ”საზოგადოებრივი მოძრაობის ”ემსახურე საქართველოს” თავმჯდომარე მურმან დუმბაძე აჭარაში ბიძინა ივანიშვილის პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბებას უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან 24 მარტს პირისპირ შეხვედრაზე მიიღეს”. ”კვირის ქრონიკას” ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეუბნება, რომ, მისი თქმით, ”გადამოწმებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან მიდის და თუ რაღაც სასწაული არ მოხდა, უკვე ფაქტობრივად დასრულებულია მოლაპარაკებები მიშას ევროკავშირის უმაღლეს სტრუქტურაში გადაყვანასთან დაკავშირებით”. ხაჭაპურიძე აზუსტებს და სააკაშვილს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს უწინასწარმეტყველებს.

”ასავალ-დასავალს” გოგა ხაინდრავა ეუბნება: ””ნაცმოძრაობის” დაშლის დაწყება კვირების საკითხია და სულ მალე გავხდებით მოწმენი პირველი ფაქტისა, როგორ დატოვებს ”ნაცმოძრაობას” მისი რომელიმე ცნობილი წევრი.”

”24 საათი” წერს, რომ უახლოეს პერიოდში სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში მორიგი ცვლილებები შევა. ”კანონპროექტის მიხედვით, დანაშაულის ჩადენისას რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის.”

”ახალი თაობის” პირველი გვერდი:”მერაბ კოსტავას სახლს არაბები ყიდულობენ”. გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს ადამიანის უფლებათა დამცველ გიორგი თევზაძესთან: ”ეროვნული ძალების წარმომადგენლები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კოსტავას სახლ-კარი და ეზო არ გაიყიდოს, იქ ე.წ. ინვესტორებმა არ იბოგინონ.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG