Accessibility links

logo-print

”ქართული ოცნება” განცხადებით გამოეხმაურა NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს


აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს განცხადებით გამოეხმაურა პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნება.” მან კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება აშშ-ის მთავრობის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული დახმარების, მათ შორის USAID-ის ეგიდით განხორცილებული მრავალრიცხოვანი პროგრამების გამო და პოლიტიკური პარტიებისთვის მნიშვნელოვანი უწოდა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ადგილობრივი ოფისების საქმიანობას. ”ამასთან, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ამ ორგანიზაციების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის, კერძოდ, სოციოლოგიური კვლევების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შეეხება, არა თუ ვერ ასრულებს დანიშნულებას, არამედ კონტრპროდუქტიული გახდა კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და მოქალაქეთა მიერ ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებისთვის” - ნათქვამია ”ქართული ოცნების” განცხადებაში. კოალიცია მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, ამ კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და მეორე მხრივ, მმართველი პარტიის მიერ შედეგებით მანიპულირებამ ნაციონალური ტელევიზიების გამოყენებით, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა. ”ქართული ოცნების” განცხადებით, ეს პრობლემები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა NDI-ს ბოლო კვლევამ და მისი ანალიზი და კომენტირება ყოველგვარ აზრს მოკლებულია. კოალიცია აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში აშშ-ის მთავრობას და შესაბამის ორგანიზაციებს წერილობით მიმართავს წინადადებებით, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებამდე ამ პრობლემების მოგვარებას შეეხება. NDI-ის კვლევის თანახმად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგები მნიშვნელოვნად აღემატება დანარჩენი პარტიების მაჩვენებლებს.
XS
SM
MD
LG