Accessibility links

logo-print

ომბუდსმენმა პარლამენტს გაუგზავნა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის თაობაზე 2011 წლის ანგარიში


საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს გაუგზავნა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მხრივ 2011 წელს არსებული ვითარების ამსახველი ანგარიში. მის განხილვას საპარლამენტო კომიტეტები მომავალი კვირიდან დაიწყებენ. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ანგარიში მოიცავს ადამიანის უფლებების და თავისუფლების ფართო სპექტრს და მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და რელიგიურ-კულტურული უფლებების დაცვის მდგომარეობას. ომბუდსმენის ანგარიში ასახავს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ სახელმწიფოში არსებულ ზოგად ტენდენციებს და მოქალაქეთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს. სახალხო დამცველის 600-გვერდიანი ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებას. ომბდუსმენის მოხსენების თანახმად, 2010 და 2011 წლებში პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა წინა წლებთან შედარებით მკვეთრად იმატა და პიკს მიაღწია, რაც საკმაოდ დამაფიქრებელი ფაქტია. სახალხო დამცველის ინფორმაციით, შარშან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარდაიცვალა 140 ადამიანი, რომელთაგან 40-ს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანება. რაც შეეხება მსჯავრდებულებისადმი არასათანადო მოპყრობას, გიორგი ტუღუშმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ პარლამენტის წინაშე ანგარიშით გამოსვლისას დაასახელებს თანამდებობის კონკრეტულ პირებს, რომლებსაც პატიმრები არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG