Accessibility links

logo-print
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხებულმა კანდიდატებმა მეორე ტურში გასულებს გამარჯვება უკვე მიულოცეს. მაგრამ ცხინვალში ახლა მთავარ კითხვად ის რჩება, მედოევი და კოჩიევი რომელ კანდიდატს მიემხრობიან? ცნობისთვის: პირველ ტურში დიმიტრი მედოევმა ხმების თითქმის 24 პროცენტი აიღო, სტანისლავ კოჩიევმა კი - 5 პროცენტზე ოდნავ მეტი. საკუთარი 24 პროცენტით მედოევს შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს მეორე ტურზე, თუმცა ოსი დიპლომატი არ ჩქარობს და ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს პირდაპირ არ პასუხობს. მედოევი უკვე სამსახურს დაუბრუნდა და რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის ელჩის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ანალიტიკოსების აზრით, მისი სიმპათიები მეორე ადგილზე გასულ დავით სანაკოევისკენ იხრება, თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობს. ისიც აღსანიშნავია, რომ მედოევსა და თიბილოვს შორის წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ამიტომ, ლოგიკურად, მედოევი სანაკოევს უნდა უჭერდეს მხარს, თუმცა, ექსპერტების აზრით, ოსი დიპლომატი საკუთარ გამოცდილებას გამოიყენებს და ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებს, რადგან, თიბილოვის გამარჯვების შემთხვევაში, ეს ყველაფერი შესაძლოა მას თანამდებობის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მედოევი ბოლომდე ფრთხილი იქნება. ჩვენს რადიოსთან საუბარში იგი აცხადებს, რომ მისი ელექტორატი დამოუკიდებელი ადამიანებისგან შედგება და მათ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

განსხვავებული აზრისაა კომპარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი. იგი აცხადებს, რომ საკუთარ თანაპარტიელებთან კონსულტაციის შემდეგ აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას რომელ კანდიდატს მიემხროს. უახლოეს დღეებში კოჩიევი ამომრჩევლებისადმი მოწოდებით გამოვა. მისი თქმით, არჩევანს იმ კანდიდატზე შეაჩერებს, ვისაც ყოფილ ხელისუფლებასთან ნაკლები კონტაქტები აქვს.

ადგილობრივი ექსპერტების აზრით, კოჩიევმა უკვე მიანიშნა, რომ თიბილოვის მხარდაჭერას აპირებს, რადგან, როგორც ცნობილია, სწორედ თიბილოვი ჩამოაცილეს რამდენიმე წლის წინ კოკოითის ხელისუფლებას, დავით სანაკოევი კი კოკოითის პრეზიდენტობის დროს მუშაობდა ადამიანის უფლებათა საკითხებზე. მეორე ტურის წინ თითქმის ყველაფერი უკვე გარკვეულია. კოჩიევის 5 პროცენტი თუ თიბილოვისკენ წავა და მედოევი საკუთარ ამომრჩეველს არ მოუწოდებს სანაკოევის მხარდაჭერისკენ, გამოდის, რომ უშიშროების ყოფილ ხელმძღვანელს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტობამდე მხოლოდ რამდენიმე დღე აშორებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG