Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრონტის ორივე მხარეს მოკლული შვილების ოთხი დედა


ყანდაარელ ამა გულაჰსა და არკანზასელ ბეკი უეტსტოუნს მხოლოდ ის აქვთ საერთო, რომ შვილები მოუკლეს ომში, რომელიც მათ არ დაუწყიათ. ეს ორი დედა, ათეული ათასობით დედის მსგავსად, დასტირის შვილებს, რომლებიც ავღანეთსა და პაკისტანში დაიხოცნენ, ომში, რომელმაც, სამოქალაქო პირების ჩათვლით, 50 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ამა გულაჰს თავისი შვილიშვილების დარდი აქვს, ახლა ჯერ ცოცხალი ვარ, მაგრამ რამე რომ დამემართოს, ამათ ვინ მიხედავსო.

მისი დარდი უსაფუძვლო არ არის: ვაჟის სიკვდილის შემდეგ მის კისერზეა რძალი და სამი შვილიშვილი. ვაჟი, ბაყი, ავღანეთის არმიაში ირიცხებოდა. ის თალიბებმა მოკლეს ყალათში, ზაბულის პროვინციაში, რამადანის დროს. ბაყის სიკვდილის შემდეგ აღარც მისი ხელფასი, 170 დოლარი, შესდის ოჯახს. ამა გულაჰისთვის შვილის სიკვდილის ტრაგედიას შვილიშვილების მომავლის გამო დარდი ემატება:

„ძალიან მძიმე დღეში ვართ, საშინელ დღეში. ძალიან ძნელია. ჩემი ვაჟის ცოლი და სამი შვილი ჩემს კისერზე არიან, ჩემი სარჩენები არიან. ძალიან მეშინია, რა იქნება მომავალში“, ამბობს ის. თუმცა მისი რძალი მაინც სხვებზე უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან ბევრი ოჯახი ვაჟების დაღუპვის შემდეგ უარს ამბობს რძალსა და შვილიშვილებზე და არაფრით ეხმარება მათ. ამასაც უჭირს, მისთვის იოლი არაა დროგამოშვებით მოპოვებული სამუშაოთი ოჯახის შენახვა. ავღანეთის მთავრობა კი ვერ ახერხებს სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის პენსიის გადახდას.

დიდად განსხვავებულ მდგომარეობაში არ არიან დაღუპული სამხედროების ოჯახები ჰინდუკუშის მთებს გადაღმა, პაკისტანში.

ჩემი შვილი კარგი ადამიანი იყო. ისლამს ქადაგებდა. ის ბოროტმოქმედი არ იყო. დამნაშავე რომ ყოფილიყო, ჩვენც გვეცოდინებოდა ...
„ძალიან გვიჭირს. მისი ცოლიც ჩემთან ცხოვრობს, თავისი ხუთი შვილით. ის უდანაშაულო იყო და მომიკლესო“, ჩივის ბიბი ხანუმი, რომელიც თვლის, რომ მისი შვილის სიკვდილი შეიძლებოდა თავიდან ყოფილიყო აცილებული.
ბაჩარ ხანი პაკისტანის არმიის სასაზღვრო ნაწილში ირიცხებოდა, პაშტუნთა რაზმებში, რომლებიც ასზე მეტი წლის წინ ბრიტანელმა კოლონისტემა დააარსეს ავღანეთთან საზღვრის გასამაგრებლად. ბოლო წლებში ამ არეალებში პაკისტანის არმიას ბრძოლა აქვს თალიბანთან. სწორედ თალიბებმა გაიტაცეს ბაჩარ ხანი, რომლის სიკვდილში დედა მთავრობას ადანაშაულებს, საკმარისად არ იზრუნა გატაცების შემდეგო:

„მთავრობა არაფერს აკეთებს. რატომ არ ებრძვიან გამტაცებლებს? ბაჩარის იარაღი გამტაცებლებმა წაიღეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და წაიყვანეს. უიარაღოდ რა უნდა ექნა? ნეტა ბაჩარს დაეხოცა ისინი, ის ურჯულოები!“

ამ ომში, პაკისტანსა და ავღანეთში, თალიბებიც იხოცებიან და მათაც ჰყავთ დედები. ჩვენმა რადიომ შეძლო გასაუბრება ერთი თალიბის დედასთან, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი ვაჟი ასევე წაიყვანეს პაკისტანელმა პოლიციელებმა და შემდეგ მკვდარი დაუბრუნეს ოჯახს.
ღმერთს შევთხოვ, მშვიდობა იყოს. მე გულგატეხილი ვარ. არ მინდა, სხვა დედებიც ასე იყვნენ ...

„ჩემი შვილი კარგი ადამიანი იყო. ისლამს ქადაგებდა. ის ბოროტმოქმედი არ იყო. დამნაშავე რომ ყოფილიყო, ჩვენც გვეცოდინებოდა“, ამბობს დედა საიფულასი, რომელიც შარშან დააპატიმრეს როგორც ეჭვმიტანილი, თითქოს თალიბანთან ერთად იბრძოდა. დედამ გვითხრა, მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი შვილი ქაშმირში მისიონერობას ეწეოდაო:

„ჯანმრთელი და ლამაზი ბიჭი იყო. როცა წაიყვანეს, სრულიად ჯანმრთელი იყო, მაგრამ ჩხირივით გამხდარი დამიბრუნეს“, იხსენებს დედა.

საიფულამ ასევე ცოლი და ხუთი შვილი დატოვა, რომლებიც ახლა მის ოჯახში ცხოვრობენ. იმ ღამეს, როცა დედამ შვილის სიკვდილი შეიტყო, საიფულას ცოლმა კიდევ ერთი შვილი გააჩინა. საიფულას დედა ერთ რამეს ნატრობს მხოლოდ, დასრულდეს ეს ომი, რომელმაც ბოლო მოუღო მის ვაჟს:

„ღმერთს შევთხოვ, მშვიდობა იყოს. მე გულგატეხილი ვარ. არ მინდა, სხვა დედებიც ასე იყვნენ. მინდა ყველა მუსლიმი ჯანმრთელად იყოს, მინდა ყველაფერი ისე სტაბილური იყოს, როგორც ამ რამდენიმე წლის წინ იყო.“

რას მისტირის ეს პაკისტანელი ქალი, როგორი იყო ცხოვრება ომამდე, ვერ გეტყვით. თუმცა, გარკვეული სტაბილურობის მიუხედავად, უბედურება მაინც კარს მიადგა ამერიკის არკანზასის შტატის ლიტლ როკში მცხოვრებ ერთ ოჯახს. ბეკი უეტსტოუნი იხსენებს, წასული ვიყავი, აეროპორტში გაფრენას ველოდებოდი, როცა ქალიშვილმა დამირეკა და მითხრა, დედა, კართან ორი საზღვაო ქვეითია მოსულიო: „ჩანთა დავდე და კედელს მივეყუდე. მუხლები მომეკვეთა. ვიცოდი, მათ საშინელი ამბავი მოიტანეს“. ეს საშინელი ამბავი იყო ცნობა მათი ვაჟის, საზღვაო ქვეითის, კაპრალ ბენჯამინ უეტსტოუნ-შმიდტის დაღუპვის შესახებ. ის ავღანეთში სულ რაღაც ერთი თვის ჩასული იყო. ჰელმანდის პროვინციაში, სნაიპერების ნაწილში მსახურობდა. დედა იგონებს:

„მამამისს ველაპარაკე ტელეფონით და შევევედრე ეთქვა, რა დაემართა ბიჭს. მამამ მითხრა, ბრძოლაში დაიღუპა, ტყვია თავში მოხვედრია და ადგილზევე მოუკლავსო.“

მისულმა მაცნეებმა რაც არ უთხრეს ოჯახს მისი ვაჟის დაღუპვის შესახებ ის იყო, რომ ბენჯამინი თალიბანის ტყვიამ კი არა, ეგრეთ წოდებულმა მეგობრულმა ცეცხლმა იმსხვერპლა, ანუ მას მისმავე თანმებრძოლმა ესროლა. არმიამ, მართალია, მოგვინებით, ბოდიში მოუხადა ოჯახს. ცნობა ამ დეტალის თაობაზე „უოლ სტრიტ ჯორნალში“, მაიკლ ფილიპსის სტატიაში გამოქვეყნდა პირველად. ფილიპსი იქ იყო, როცა ბენჯამინი მოკლეს. ფილიპსმა ინციდენტიდან ორ კვირაში დაურეკა ოჯახს და ჰკითხა, როგორ უყურებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ვაჟი მისიანებმავე მოკლეს შემთხვევითო. დედა, ბეკი უეტსტოუნი, აღშფოთებული იყო, რომ მაცნეებმა მათ სიმართლე არ უთხრეს. ჩემი შვილის სიკვდილის ცნობა მაიკლ ფილიპსის სტატიაში ამოვიკითხეო, ამბობს ბეკი უეტსტოუნი, არკანზასელი ფსიქოლოგი და თერაპევტი, რომელიც ამ გამოცდილებამ, საკუთარი შვილის სიკვდილმა, მიიყვანა დასკვნამდე, რომ მხოლოდ მშვიდობა შეიძლება იყოს გამოსავალი:

„პირადად მე არასოდეს მესმოდა, რისთვისაა ომი საჭირო. ჩემმა ვაჟმა ეს საკუთარი გამოცდილებით გაიგო. ჩემთვის ერთი რამაა ცხადი: ამ სიგიჟეს ბოლო უნდა მოეღოს და უნდა მოვნახოთ პრობლემების მოგვარების სხვა გზა. მჯერა, რომ მშვიდობაა ერთადერთი გზა.“
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG