Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას სურს რუსეთთან ერთად ბირთვული იარაღი უფრო მეტად შეამციროს


ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა
აშშ-ის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ რუსეთთან ერთად ბირთვული იარაღის შემდგომ შემცირებას შეეცდება. ბარაკ ობამამ გააფრთხილა ირანი და ჩრდილოეთი კორეა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება ბირთვული იარაღის გავრცელებას.

ბარაკ ობამას თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ აშშ-სა და რუსეთს, რომლებმაც 2010 წელს შეიარაღების კონტროლის ისტორიულ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, შეუძლიათ კიდევ უფრო მეტად შეამცირონ მათ ხელთ არსებული ბირთვული იარაღის მარაგები.

აღნიშნული კომენტარი ობამამ გააკეთა სეულში, სადაც ბირთვული უსაფრთხოების ორდღიან სამიტში 50 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობდნენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, სტრატეგიული და ტაქტიკური იარაღის შემცირების საკითხებს რუსეთის მომავალ პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად მაისის თვეში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს.

„ვითარების გასაუმჯობესებლად, ჩვენ რუსეთთან ერთად შევეცდებით გავმართოთ დისკუსიები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, როგორიც აქამდე არ გადაგვიდგამს - შევამციროთ არა მხოლოდ სტრატეგიული ბირთვული ქობინები, არამედ ტაქტიკური იარაღი და ქობინების მარაგები. მოუთმენლად ველოდები მაისში ამ საკითხების თაობაზე მომავალ პრეზიდენტთან - ვლადიმირ პუტინთან -დაგეგმილ შეხვედრას. დღის წესრიგში მოლაპარაკებისა, რომელიც, ჩემი აზრით, თანამშრომლობის და არა დაძაბულობის ასპარეზი გახდება, იქნება სარაკეტო თავდაცვაც.“
იცოდეთ, რომ პროვოკაციებისათვის შეღავათი აღარ იქნება. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ფხენიანის ლიდერების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ არჩევანი თქვენზეა და თქვენვე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება...
ბარაკ ობამა

სეულის სამიტი მიზნად ისახავდა გლობალური თანამშრომლობის გაფართოებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ბირთვული იარაღის ტერორისტების ხელში მოხვედრის რისკი. სამიტის მონაწილეებმა, კონფერენციის ფარგლებში, ისაუბრეს ასევე ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების გარშემო შექმნილ ჩიხურ ვითარებაზე. სამიტამდე გაკეთებულ განცხადებაში ბარაკ ობამამ მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას შეაჩეროს ბირთვულ პროგრამა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შემდგომი იზოლაცია ემუქრება:

„იცოდეთ, რომ პროვოკაციებისათვის შეღავათი აღარ იქნება. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. ფხენიანის ლიდერების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ არჩევანი თქვენზეა და თქვენვე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ ვეუბნებით ფხენიანს: მოიკრიბე მამაცობა და აირჩიე მშვიდობა, უკეთესი ცხოვრება მოუტანე ჩრდილოეთ კორეის ხალხს.“

თეთრი სახლის თანახმად, ბარაკ ობამამ და ჩინეთის პრეზიდენტმა ხუ ძინ ტაომ, რომლებიც სეულის სამიტის დაწყებამდე შეხვდნენ ერთმანეთს, მოილაპარაკეს მჭიდროდ ითანამშრომლონ ჩრდილოეთ კორეისაგან მომდინარე „პოტენციური პროვოკაციის“ პასუხად. რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, ბარაკ ობამამ გააფრთხილა ირანი, რომ სულ უფრო მცირე დრო რჩება პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისათვის. ობამას დაწვრილებით არ უთქვამს, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი დიპლომატიური მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას არ გამორიცხავს ისრაელი, აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირე.
საერთაშორისო საზოგადოება და აშშ კვლავ და კვლავ სთავაზობენ ირანს დახმარებას მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის შექმნისათვის...
ბარაკ ობამა

ბარაკ ობამამ სეულში კიდევ ერთხელ გაკიცხა ირანი, რომელიც „თვითიზოლაციის, მოტყუებისა და სიყალბის გზას დაადგა“:

„ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების თანახმად, ირანს აქვს მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის გამოყენების უფლება. საერთაშორისო საზოგადოება და აშშ კვლავ და კვლავ სთავაზობენ ირანს დახმარებას მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის შექმნისათვის, მაგრამ ირანი კვლავინდებურად უარს ამბობს და ამის ნაცვლად თვითიზოლაციის, მოტყუებისა და სიყალბის გზას ირჩევს.“

ირანის ისლამური რესპუბლიკა უარყოფს ბირთვული იარაღის პროგრამის არსებობას და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო ენერგიის წარმოებას ისახავს მიზნად. სეულის სამიტის დაწყებამდე ბარაკ ობამა შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს და შეაქო ყაზახეთი და უკრაინა, რომლებმაც, სხვა სახელმწიფოების მსგავსად, მათ ხელთ არსებული ბირთვული ნარჩენები უფრო უსაფრთხო ადგილებში გადაიტანეს. ოფიციალური ინფორმაციით, ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ კოორდინირებული ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, განვლილ შაბათ-კვირას უკრაინიდან რუსეთში მაღალგამდიდრებული ურანის ნარჩენების მორიგი პარტია გადაიზიდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG