Accessibility links

logo-print
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების - ბედიისა და მოქვის - რესტავრაციის დასაწყებად რეკომენდაციების შემუშავება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს დაავალა. ინფორმაცია ამის შესახებ 20 მარტს გავრცელდა, რასაც თბილისში მოჰყვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადება, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში ქართული კვალის წასაშლელად სამუშაოები მიმდინარეობს და რომ ეს საკითხი ჟენევაში 28-29 მარტს მიმდინარე მოლაპარაკებების დროსაც დაისმება. ქართული ისტორიული მემკვიდრეობის საკითხი ჟენევაში მართლაც განიხილეს. შედეგზე საუბარს ქართული მხარე ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა გარკვეული წინსვლა მაინც შეინიშნება.

”ახლა წამოწყებული ეს კამპანია - რესტავრაციის, ასე ვთქვათ - არის კიდევ ერთი გამიზნული ნაბიჯი იმისათვის, რომ რაღაც დაზიანდეს, ყოველ შემთხვევაში, ამას გვასწავლის აფხაზური მხარის ადრე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები, რომ ყოველ ამ სამუშაოს მოჰყვება ქართული არტეფაქტის მოშლა.”

ამას ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გაგოშიძე. ის იხსენებს მე-11 საუკუნის ქართულ ძეგლს, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ თეთრად შეიღება და გუმბათი შეეცვალა - ახლა მას რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ბოლქვის ფორმის გუმბათი ადგას.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადება, რომ ”დღეს არსებობს შესაძლებლობა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციისა”, თბილისის მხრიდან მორიგი განგაშის ატეხის საფუძველი გახდა. საკითხი, როგორც მოსალოდნელი იყო, ჟენევის დისკუსიის მე-19 რაუნდის ფარგლებში პირველ - ასევე მეორე - სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილეს.
ბედიის მონასტერში რამდენიმე წლის წინ ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები, რის დროსაც დაზიანდა ფრესკული მხატვრობა, მართლაც უნიკალური კედლის მხატვრობა ...

ქართული მხარის მთავარი იმედი ამ საკითხის თაობაზე უკვე დიდი ხანია UNESCO-ს უკავშირდება, თუმცა ფაქტია, რომ, საქართველოს მთავრობის არაერთი მიმართვის მიუხედავად, იუნესკომ ბოლო წლებში პრაქტიკულად ვერ მოახერხა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა. ერთადერთი, რაც ამ პერიოდის განმავლობაში მოხერხდა, ეს გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია ”იკომის” (ICOM) რუსეთის წარმომადგენლების სტუმრობა აფხაზეთის ტერიტორიაზე. 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში რუსმა ექსპერტებმა ბედიის მონასტრის მდგომარეობაც შეისწავლეს და ანგარიში იუნესკოს გადაუგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ანგარიშს ზედაპირულს უწოდებენ, ის მაინც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა. ”იკომის” საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა ინგა ქარაიამ რამდენიმე თვის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ ბედიის ტაძარში სამხრეთის კედლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ ჩამოიშალა ბაგრატ მესამის ფრესკული გამოსახულება, თუმცა ინგა ქარაია ”იკომის” დასკვანზე დაყრდნობით ამბობს, რომ ვითარების გამოსწორება შესაძლებელია:

”ბედიის მონასტერში რამდენიმე წლის წინ ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები, რის დროსაც დაზიანდა ფრესკული მხატვრობა, მართლაც უნიკალური კედლის მხატვრობა. მაგრამ ჩამოცვენილი ნაწილები, ანუ ფრესკული მხატვრობის ნაშთები, შენახულია და ტაძარშია დაცული. ასე რომ, შესაძლებელია რესტავრაცია.”

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ აფხაზურ ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქმე ამჯერად იმდენად ბედიისა და მოქვის ტაძრების რესტავრაციას არ შეეხება, რამდენადაც მათ კონსერვაციას და რომ ამ საკითხში იუნესკოს ჩართვის წინააღმდეგი არ არის - მათ შორის, უარს არც მატერიალურ დახმარებაზე იტყოდა. თუმცა საქმე ისაა, რომ აქამდე გაკეთებულ ყველა განცხადებაში დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერები იუნესკოს დელეგაციის შესვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსეთის მხრიდან მიიჩნევდნენ შესაძლებლად. 28 მარტს კი ვიაჩესლავ ჩირიკბამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში არ გამორიცხა, რომ იუნესკოს დელეგაცია აფხაზეთში ენგურის გავლითაც მიიღონ. თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩირიკბა ამბობს, რომ იუნესკოსთან მოლაპარაკებები ქართული მხარის პრეროგატივაა:

”იუნესკო ჩვენ არ გვაღიარებს, როგორც ქვეყანას, და ამიტომ ჩვენ ერთმანეთთან არა გვაქვს კონტაქტი, მაგრამ თუკი ქართველები მოელაპარაკებიან და იუნესკოს მისია ჩამოვა ჩვენთან, დეე ჩამოვიდნენ, ნახონ და გვითხრან, როგორ დავეხმაროთ ძეგლებს.”

კატეგორიულად მოსთხოვოს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს და აფხაზეთის მარიონეტულ მმართველობას შეწყდეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოები ...
ვიაჩესლავ ჩირიკბას ამ განცხადების კომენტირებას თავს არიდებს ჟენევის დისკუსიის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე და ამბობს, რომ ერთი არის რიტორიკა და მეორეა ის, თუ რა იქნება რეალურად. მთავარია არ მოხდეს საკითხის პოლიტიზირება. 28 მარტს სერგი კაპანაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იუნესკოს დელეგაციის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის საკითხი ჯერჯერობით მრავალი დეტალის დაზუსტებას მოითხოვს:

”ეს დეტალიზაციის ის დონეა, რომლისგანაც ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, შორს ვართ. ახლა საუბარია პრინციპულ შეთანხებაზე, პრინციპულ მიდგომაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცეთ საშუალება მონიტორინგი განახორციელონ. უშუალოდ ვინ მიიღებს მონაწილეობას, ეს მოლაპარაკების საგანია და ახლა ჯერ ადრეა საუბარი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, რომ ობიექტურად მივიღოთ ინფორმაცია და რაც შეიძლება მეტი კონტროლის საშუალება გვქონდეს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროდ, ეს დეტალიზაციის ის დონეა, რომელზეც ჯერ ადრეა საუბარი”,- უთხრა სერგი კაპანაძემ რადიო თავისუფლებას ჟენევიდან.

ბედიისა და მოქვის დაგეგმილი რესტავრაციისა და იქ ქართული კვალის წაშლის საშიშროებიდან გამომდინარე, 30 მარტს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კანდელაკმა პლენარულ სხდომაზე განცხადების ტექსტი წაიკითხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარე მზადაა საკუთარი სპეციალისტები ჩართოს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ შესაძლო რესტავრაციაში და, აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს თხოვნით:

”კატეგორიულად მოსთხოვოს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს და აფხაზეთის მარიონეტულ მმართველობას შეწყდეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოები და მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას, რათა ძეგლების მდგომარეობის შესასწავლად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაშვებულ იქნენ იუნესკოს და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები.”

გიორგი კანდელაკის მიერ წაკითხულ ამ განცხადებას 98-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG