Accessibility links

logo-print
”ახლა მთავარია ”ქართული ოცნებისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ადგილზე აქტიურად ვიმუშაოთ, რათა მოსახლეობამ დაინახოს, რომ სააკაშვილის ალტერნატივა რეალურად არსებობს”, - განუცხადა გაზეთ ”ვერსიას” ”თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა. იგი ფიქრობს, რომ საზოგადოება კაუჩუკის ბურთის მდგომარეობამდეა მისული და შესაკუმში სივრცე აღარ დარჩა. თეა წულუკიანის თანახმად, სამეგრელოში შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გაჟღერების მეორე დღესვე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებმა კერძო სახლებში განთავსებული ბანდფორმირებები დაშალეს და დისლოკაციის ადგილი შეუცვალეს. გამოქვეყნებული მისამართები დღეს უკვე შეცვლილია, თუმცა ამ პრობლემას ჩვენ ბოლომდე მივყვებით, - აღნიშნა ”ვერსიასთან” საუბარში თეა წულუკიანმა. გაზეთ ”რეზონანსის” ყურადღების ცენტრში კი, სხვა მიმდინარე თემებთან ერთად, დღეს ბათუმში აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებული ვნებათაღელვა მოხვდა. გაზეთის თანახმად, აზიზიეს მეჩეთის აშენების წინააღმდეგ 31 მარტს ბათუმში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ქალაქი მეჩეთის შესაძლო აშენებას აპროტესტებს. ამ თემას ეხმაურება გაზეთი ”ახალი თაობაც”. გაზეთის თანახმად, ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებისგან თურქეთთან გაფორმებული ხელშეკრულების განსაჯაროებასაც ითხოვს. ”თბილისსა და ანკარას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას რატომღაც გრიფით საიდუმლო ადევს. საზოგადოებაში სწორედ ეს იწვევს ყველაზე მეტ ეჭვს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლება რაღაცებს შემთხვევით არ ადებს საიდუმლო გრიფს”. ამავე სტატიაში ” ახალი თაობა” თურქეთთან გაფორმებული შეთანხმების განსაჯაროების შესახებ ”ქართული ოცნების” განცხადებას აქვეყნებს. დავუბრუნდეთ კვლავ გაზეთ „რეზონანსს“, რომლის ფურცლებზეც წაიკითხავთ ინტერვიუს რეჟისორ ქეთი დოლიძესთან. იგი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრიდან თანამშრომლების გათავისუფლებას სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირებს. ”ამდენი ადამიანის ერთდროულად გაშვება წარმოუდგენელია, თანაც ერთადერთი მიზეზით, იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა არ თქვეს ივანიშვილის დახმარებაზე უარი”, ამბობს ქეთი დოლიძე და დასძენს, რომ კულტურის პოლიტიკა დღეს სახელმწიფოს პოლიტიკაა და კულტურა საქართველოში დღეს ისე იმართება, როგორც არსად მსოფლიოში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ომბუდსმენის რეკომენდაციაზე რეაგირებს, -წაიკითხავთ გაზეთ ”24 საათში”. გაზეთის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს 25 თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის სხვადასხვა სახის დისციპლინური სახდელები დაეკისრა. თავის მხრივ კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თანამშრომლების საქმიანობა სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე შეისწავლა. გენერალური ინსპექციის მყისიერ და ადეკვატურ რეაგირებას კმაყოფილებით გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, - შენიშნავს „24 საათი“. გაზეთის ყოველკვირეულ დამატება ”ვიკენდში” კი სტატიაში „70 პროცენტს ”ქართული ოცნება” ეთანხმება, 47-10-ზე კი მოსახლეობაა დაშინებული” ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებისადმი კოალიცია ”ქართული ოცნების” დამოკიდებულებაზეა საუბარი. ” ‘NDI’-ის კვლევები, - ვკითხულობთ სტატიაში, - მეხის დაცემას ჰგავდა. მართალია, ეჭვი ხელისუფლების მაღალ რეიტინგზე კვლევის პირველი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა, მაგრამ ”ქართული ოცნების” 10 პროცენტს მაინც არავინ ელოდა”. სტატიის თანახმად, ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არავის აქვს, ამიტომ ზოგიერთისთვის გამოსავალია იმის მტკიცება, რომ მოსახლეობა დაშინებულია და, შესაბამისად, გამოკითხულები სოციოლოგებს სიმართლეს არ ეუბნებიან.
XS
SM
MD
LG