Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" ითხოვს, NDI-იმ და IRI-იმ სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა შეწყვიტონ


პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" ითხოვს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა შეწყვიტონ. კოალიციამ საქართველოში აშშ-ის ელჩს ჯონ ბასს მიმართა ღია წერილით, რომელშიც გამოხატავს მადლიერებას აშშ-ის მთავრობის მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის მნიშვნელოვანს და სასარგებლოს უწოდებს NDI-ის და IRI-ის ადგილობრივი ოფისების საქმიანობას. ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების საჭიროებასა და ინიციატორთა კეთილ ზრახვებში ”ქართულ ოცნებას” ეჭვი არ ეპარება, თუმცა მიიჩნევს, რომ სოციოლოგიური კვლევების ჩატარებისა და შედეგების გამოქვეყნების მეთოდოლოგიამ და ფორმატმა და მმართველი პარტიის მიერ ამ შედეგებით მანიპულირებამ ნაციონალური ტელევიზიების გამოყენებით საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლევებისადმი ნდობა დააკარგვინა. ”ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პატივისცემას როგორც NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლების, ასევე კვლევების საკითხში მათი ზოგადი პოლიტიკისადმი, მაგრამ ვთვლით, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული მეთოდით კვლევების ჩატარება შეუწყობს არა მოქალაქეთა თავისუფალი ნების ფორმირებასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, არამედ ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის გაძლიერებას და სხვადასხვა მანიპულაციისთვის ამ ორგანიზაციების ბრენდების კიდევ უფრო მეტად გამოყენებას”, - ნათქვამია ”ქართული ოცნების” წერილში. კოალიცია მზად არის აშშ-ის ელჩს გააცნოს დამატებითი არგუმენტები და კონკრეტული ფაქტები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებამდე სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვის შეჩერების ინიციატივას განაპირობებს.
XS
SM
MD
LG