Accessibility links

რუსეთში აშშ-ის ელჩს ტელეკომპანია „ენტევეს“ ჟურნალისტები აწუხებენ


მაიკლ მაკფოლი

მაიკლ მაკფოლი

რუსეთში აშშ-ის ელჩმა მაიკლ მაკფოლმა ხუთშაბათს ტვიტერით რამდენიმე შეკითხვა დასვა იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება, რომ რუსეთში მოქმედი სამაუწყებლო მედიის ნაწილმა თითქმის სრულად იცის მისი დღის განრიგი. მაკფოლი წერს, რომ სადაც კი მივა, ყველგან ხვდებიან გადამღები ჯგუფები ტელეკომპანია „ენტევედან“.

„მაინტერესებს, ვინ აძლევს მათ ჩემს კალენდარს? ამას არ მეუბნებიან. მაინტერესებს, ასეთი რამეების შესახებ აქ როგორი კანონები მოქმედებს?“ - წერს ელჩი.

მოგვიანებით მაკფოლმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა:

„მე ვცნობ პრესის უფლებას - სადაც უნდათ, იქ წავიდნენ და რომელსაც მოისურვებენ, ის შეკითხვა დასვან. მაგრამ მათ ჩემი იმეილების წაკითხვის და სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლებაც აქვთ?“

რუსი უფლებადამცველი ლევ პონომარიოვი ამბობს, რომ ხუთშაბათს მაკფოლი მის ორგანიზაციას ეწვია. პონომარიოვის თანახმად, ორგანიზაციის ოფისის გარეთ ხალხის ჯგუფი იდგა, რომლებმაც მაკფოლის მოსვლისას „თავი ჟურნალისტებად წარადგინეს“. უფლებადამცველის მონათხრობის თანახმად, მათ აშშ-ის ელჩი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გააჩერეს და შეკითხვები მიაყარეს.

ამასთან, პონომარიოვის თანახმად, მაკფოლმა თავის მანქანასთან დაბრუნება სცადა ქურთუკის ასაღებად, მაგრამ ჯგუფმა ამის საშუალება არ მისცა. უფლებადამცველი ჰყვება, მაკფოლმა ჟურნალისტებს ჰკითხა, საიდან იცოდით, რომ დღეს ამ ოფისში მოვიდოდიო, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. მოგვიანებთ მაკფოლმა თქვა, რომ „ენტევეს“ ჟურნალისტებმა მის ამ შეკითხვას არც სხვა დროს უპასუხეს - როცა ელჩი „როსნანოს“ შეფთან, ანატოლი ჩუბაისთან შესახვედრად მივიდა და ოფისის წინ კვლავ ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი იხილა.
მათ ჩემი იმეილების წაკითხვის და სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლებაც აქვთ? ...

პონომარიოვის აზრით, საქმე ინფორმაციის განზრახ მოპოვებას ეხება, ვინაიდან ელჩის პროგრამა წინასწარ არ ქვეყნდება. უფლებადამცველი აცხადებს, რომ მაკფოლთან მისი შეხვედრა ტელეფონით შეათანხმეს, და დასძენს, „100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ტელეფონი ისმინებაო“.

„ენტევემ“ თავის ვებსაიტზე ატვირთა პონომარიოვის ორგანიზაციის „ადამიანის უფლებებისთვის“ ოფისის წინ მაკფოლთან ჟურნალისტების შეხვედრის კადრები. ტელეკომპანია აცხადებს, რომ მასალის გამოქვეყნებისკენ მას პონომარიოვის განცხადებებმა უბიძგა.

„ენტევეს“ ჟურნალისტი მაკფოლს ეკითხება რის შესახებ აპირებს პომონარიოვთან საუბარს. მაკფოლი უპასუხებს, ჩვენ, უბრალოდ, ერთმანეთს ვხვდებითო, და დასძენს, რომ ის და პონომარიოვი რამდენიმე საკითხზე ისაუბრებენ. კადრებში ჩანს, რომ გარეთ მსუბუქად თოვს. მაკფოლი მოგვიანებთ ამბობს, რომ მას თავისუფლად გადაადგილება უჭირს - ისე, რომ საქმის კეთებისას არავინ შეაწუხოს, და „ენტევეს“ ჟურნალისტებს მიმართავს, თქვენ ყოველთვის იცით, სადაც ვარო. „არ გრცხვენიათ, ამას რომ აკეთებთ?“ - ეკითხება ელჩი ჟურნალისტებს.

„ენტევეს“ ჟურნალისტი განაგრძობს კითხვების დასმას - „ვის ემხრობით ოპოზიციიდანო“, ეკითხება მაკფოლს. ელჩი უპასუხებს: „გუშინწინ თქვენს პრეზიდენტს შევხვდი. მასაც ვემხრობი. ესაა თქვენი ლოგიკა? ვინმეს თუ ვხვდები, ეს ნიშნავს, რომ მას ვემხრობი?“

ტელეკომპანია „ენტევეს“ პრესსამდივნომ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ თავისი პერსპექტივა ასე აუხსნა: „ის, რომ „ენტევე“ ყველგან არის, იმით აიხსნება, რომ ინფორმაციის მიმწოდებლების ფართომასშტაბიანი ქსელი გვაქვს და ამ ქვეყანაში ეს ყველამ იცის“. „ენტევე“ დასძენს: „ჩვენ კადრებს ხშირად მიზნის გარეშე ვიღებთ. არქივებისთვის. იქნებ გადაღებული მასალა ერთ დღეს რამეში გამოგვადგეს.“
XS
SM
MD
LG