Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზი: დაპატიმრებულია ექსტრემიზმში 19 ეჭვმიტანილი


საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ ქვეყნის პოლიციამ ისლამისტურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილებზე რეიდი მოაწყო და რამდენიმე ქალაქში სულ მცირე 19 ადამიანი დააპატიმრა.

საფრანგეთის რადიოთი გაკეთებულ განცხადებაში სარკოზიმ თქვა, რომ პარასკევის რეიდების დროს ამოიღეს შეიარაღება, მათ შორის ა კა 47 ტიპის საბრძოლო იარაღი. პრეზიდენტის თქმით, ექსტრემისტული ქსელების წინააღმდეგ კიდევ იგეგმება ოპერაციები.

გავრცელებული ცნობებით, რეიდები ტულუზასა და სხვა ქალაქებში განხორციელდა. ტულუზის რეგიონში მიმდინარე თვეში ახალგაზრდა კაცმა, მოჰამად მერამ, რომელიც თავს ისლამისტ ექსტრემისტად აცხადებდა, როგორც ვარაუდობენ, მოკლა სამი ფრანგი ჯარისკაცი, სამი ებრაელი ბავშვი და რაბინი, სხვადასხვა ინციდენტების დროს.

უპირველესი მოვალეობაა“ ფრანგი ხალხის დაცვაო, განაცხადა: „ჩვენი მოვალეობაა ფრანგი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ არჩევანი არა გვაქვს ...
ნიკოლა სარკოზი
თავად მერა 22 მარტს მოკლეს, პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად. მერა, რომელიც ალჟირული წარმოშობის იყო, ხუთშაბათს დაასაფლავეს საფრანგეთში.
სარკოზის განცხადებით, თავდასხმები, რომელთა მოწყობაშიც მერა იყო ეჭვმიტანილი, საფრანგეთისთვის „ღრმა ტრავმას“ წარმოადგენს. მისი თქმით, სისხლისღვრის მიერ საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენა ცოტათი ჩამოჰგავდა ტრავმას, რომელიც აშშ-ს 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულმა ტერაქტებმა მიაყენეს. თუმცა სარკოზიმ დასძინა, რომ სისხლისღვრის მასშტაბის ერთმანეთთან შედარება შეუძლებელია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პარასკევს განხორციელებულ რეიდებს კანონთან სრულ შესაბამისობაში არსებული უწოდა.

ნიკოლა სარკოზი ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. ის მეორე ვადით არჩევისთვის იბრძოლებს კენჭისყრაში, რომელიც 22 აპრილს უნდა დაიწყოს.
რადიოგამოსვლაში მას არ დაუკონკრეტებია მაინც რაში არიან ეჭვმიტანილი ის პირები, რომლებიც პარასკევს დააკავეს. სახელმწიფოს მეთაურის „უპირველესი მოვალეობაა“ ფრანგი ხალხის დაცვაო, განაცხადა: „ჩვენი მოვალეობაა ფრანგი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ არჩევანი არა გვაქვს. ეს აუცილებელია. სახელმწიფოს მეთაურის უპირველესი მოვალეობაა ფრანგი ხალხის დაცვა.“

ტულუზის რეგიონში მომხდარმა თავდასხმებმა გაზარდა შეშფოთება შინნაზარდი ტერორისტების ირგვლივ.

თავდასხმების შემდეგ სარკოზიმ პოლიციას უბრძანა კიდევ ერთხელ გააანალიზოს ის საფრთხეები, რომელსაც შესაძლოა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებთან კავშირში ეჭვმიტანილები ქმნიდნენ.

სარკოზიმ ასევე თქვა, უკანონო უნდა გახდეს ისლამისტური ექსტრემიზმისკენ მოწოდებების შემცველი ვებსაიტების ხშირი და რეგულარული სტუმრობაო.
პოლიციის განცხადებით, პარასკევს განხორციელებულ რეიდებს პირდაპირი კავშირი არ ჰქონია მკვლელობებთან, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, მუჰამედ მერამ ჩაიდინა.

თავად მერამ სიკვდილამდე პოლიციას უთხრა, რომ თავდასხმები განახორციელა პალესტინელი ბავშვების ტანჯვაზე შურისძიებისა და საფრანგეთის არმიის უცხოეთში ინტერვენციების გამო დასჯის მიზნით.

ხუთშაბათს საფრანგეთმა თავისი საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა რამდენიმე ცნობილ მუსულმან სასულირო პირს, რომლებსაც ისლამურ კონფერენციაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერენ, რომ ეს სასულიერო პირები „სიძულვილსა და ძალადობას ქადაგებენ“ და საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს.
ისლამური კონფერენციის ორგანიზატორებმა ეს უარყვეს და განაცხადეს, რომ მათი სარანგეთში შეუშვებლობა აღრმავებს მუსულმანთა საპასუხო რეაქციის საფრთხეს.
XS
SM
MD
LG