Accessibility links

logo-print
განვლილ კვირაში დასავლეთის პრესამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას - უფრო ზუსტად, სულ რამდენიმე ფრაზას, რომლებიც ობამამ და მედვედევმა გაცვალეს სამხრეთ კორეაში ვიზიტისას გამართულ მოლაპარაკებაზე, როცა მიკროფონი გამორთული ეგონათ. დღეს, უცხოეთის პრესის მიმოხილვაში ვისაუბრებთ ამ ინციდენტზე მედიის გამოხმაურების შესახებ, თუმცა დავიწყებთ სხვა თემით.

გერმანიის ავტორიტეტიანმა გამოცემა „შპიგელმა“ - საინტერნეტო ვერსია „შპიგელ-ონლაინმა“ - ამ კვირაში გამოაქვეყნა ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, როგორც პუბლიკაციაში ვკითხულობთ, ქართველ მილიარდერთან, რომელიც „პაექრობაში იწვევს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციური მოძრაობის“ შექმნით. ინტერვიუს შესავალში მოყვანილი ინფორმაციით, ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედ პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, აქვს 28-პროცენტიანი მხარდაჭერა.

ჟურნალისტი ბენიამინ ბიდერი არ აზუსტებს, რომელ გამოკითხვებს ეფუძნება ეს მაჩვენებელი, სამაგიეროდ მოშველიებულია შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ ჟურნალ ფორბსის მონაცემები, რომ ბიზნესმენი ივანიშვილი 5 მილიარდი დოლარის ქონების პატრონია.

გერმანელი ჟურნალისტის პირველი შეკითხვა ეხება იმ გარემოებას, რომ ბოლო დრომდე ივანიშვილი არ იძლეოდა ინტერვიუებს და საერთოდ, ნათქვამი აქვს, რომ არ უყვარს ყურადღების ცენტრში დგომა. საიდან გაგიჩნდათ ასე უცებ პოლიტიკური ამბიციებიო, ეკითხება ჟურნალისტი ივანიშვილს და შემდეგ პასუხს იღებს:

“ეს არის ჩემი ფილოსოფია. მირჩევნია, არ ვიდგე საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მიყვარს თავისუფლება. მაგრამ ბოლო წლებში ჩემზე სულ უფრო ძლიერი ზეწოლა ხორციელდებოდა. უნდა ამერჩია – ან უნდა წავსულიყავი ქვეყნიდან, სადაც ჩემთვის სახიფათო გახდა ცხოვრება, ან შეტევაზე გადავსულიყავი.“

შემდეგ შეკითხვას – თუ ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მოგწონთ, რატომ არ უწევთ მხარდაჭერას უკვე არსებულ რომელიმე პარტიასო, ივანიშვილი პასუხობს შეფასებით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ერთი-მეორის მიყოლებით აქვს ნაყიდი პარტიები და ისინი ფსევდო-ოპოზიციური პარტიები არიან. რაც შეეხება რამდენიმე პატიოსან პოლიტიკოსს, მათ დაკარგული აქვთ მოქალაქეების ნდობა. «მე უკანასკნელი თავისუფალი კაცი ვარ ამ ქვეყანაში», დასძენს ივანიშვილი. და ჟურნალისტის თხოვნით განმარტავს პოლიტიკურ გეგმებს.

„ევროპა არის ჩვენთვის მისაბაძი მოდელი, მიზანი და ბედისწერა. გვსურს, მისი ნაწილი გავხდეთ. გვინდა, ძალიან სწრაფად შევქმნათ ინსტიტუტები ევროპის მოდელით, გვინდა შევქმნათ თავისუფალი სამართლებრივი სისტემა და დამოუკიდებელი მედია. წელიწადნახევრის, ან ორი წლის შემდეგ, პოლიტიკიდან წავალ», ამბობს ბიძინა ივანიშვილი ვრცელ ინტერვიუში, რომელსაც „შპიგელ ონლაინი“ აქვეყნებს.

ახლა თემა, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ გაშუქდა დასავლეთის, უწინარეს ყოვლისა, შეერთებული შტატების მედიაში: რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან სეულში შეხვედრაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გაკეთებული დაპირება (როცა მას მიკროფონები გამორთული ეგონა), რომ შეერთებულ შტატებში მოახლოებული, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის (ობამა), არჩევის შემთხვევაში, უფრო „მოქნილი“ პოლიტიკის გატარებას შეძლებს მოსკოვთან შეიარაღების კონტროლის საკითხებზე მოსალაპარაკებლად, განსაკუთრებით რაც შეეხება ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების გეგმას. პასუხად მედვედევი ამბობს - „მესმის. ამ ინფორმაციას ვლადიმირს გადავცემო“.

ამ რამდენიმე ფრაზას ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

„ვაშინგტონ პოსტი“ 30 მარტის ნომერში ბეჭდავს ანალიტიკურ წერილს სათაურით „მოქნილობის დოქტრინა“. სტატიის ავტორი, ჩარლზ კრაუტჰამერი წერს: „ობამა რუსებს ეუბნება, ნუ იღელვებენ - როგორც კი ჩაივლის მისი „ბოლო არჩევნები“ და დღის წესრიგში აღარ იდგება ამომრჩევლისათვის ანგარიშის ჩაბარების აუცილებლობა, ის მეტ მოქნილებას გამოიჩენს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხში. ეს არის კიდევ ერთი დათმობა ობამასთვის ძვირფასი, რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის გასაგრძელებლად. რატომ? ნუთუ „გადატვირთვა“ აქამდეც საკმარისად წარუმატებელი არ იყო?“

აქ სტატიის ავტორი განმარტავს, რატომ მიიჩნევს გადატვირთვის (ანუ, რუსეთთან ურთიერთობის, ასე ვთქვათ, ცარიელი ფურცლიდან დაწყების) პოლიტიკას წარუმატებლად. არგუმენტებს შორის არის ბირთვული განიარაღების შესახებ ხელშეკრულებაზე, START-ზე ხელის მოწერა, რაa ავტორის რწმენით, მომგებიანია რუსებისათვის და არა ამერიკელებისათვის. ავტორი აკრიტიკებს ასევე ობამას ადმინისტრაციის მიერ თვალის დახუჭვას რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და დემოკრატიის დემონტაჟზე და, ყველაფერთან ერთად, პუტინისთვის გაყალბებულ არჩევნებში გამარჯვების მილოცვას.

საპასუხოდ მოსკოვს, კრაუტჰამერის აზრით, ბევრი არაფერი, ან არაფერი გაუკეთებია - ის ხელს უშლის, ან არბილებს ირანის წინააღმდეგ სანქციებს, იარაღს აწვდის სირიის პრეზიდენტს, ზეწოლას ახდენს აღმოსავლეთ ევროპაზე, ემუქრება საქართველოს.“ყველა ამ საკითხიდან - სირია, ირანი, აღმოსავლეთი ევროპა, საქართველო, ადამიანის უფლებები - რომელშია ობამა მზად, რომ პუტინს კიდევ უფრო მოქნილი პოლიტიკა შესთავაზოს, როგორც კი თავს გაართმევს თავის ბოლო არჩევნებს?”

ეს შეკითხვა, რომელსაც „უოლ სტრიტ ჯორნალში“ დაბეჭდილი ანალიტიკური სტატიის ავტორი სვამს, აქტუალურად მიაჩნია „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის ავტორს მარტინ პერესსაც - სტატიაში სათაურით „სად არის ჩართული მიკროფონი, როცა ის მართლა გვჭირდება“? გამოთქმულია შეფასება, რომ მესიჯი, რომელიც ობამამ მედვედევს გადასცა, სინამდვილეში ამერიკელებს ეხება.

„მესიჯია ის, რომ შეუძლებელია ამერიკელი ხალხის ნდობა, თუ პრეზიდენტი გულახდილად ილაპარაკებს იმაზე, რის შეთავაზებაც სურს. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ: ამერიკელ ხალხს არ ენდობა საკუთარი პრეზიდენტი. სხვაგვარად რომ იყოს, პრეზიდენტი გვეტყოდა თავისი გეგმების შესახებ. და აი, რა ხდება: პრეზიდენტი აღიარებს საკუთარი ხალხის მიმართ უნდობლობას და ამას ეუბნება სახიფათო უცხო მთავრობას, რომელიც ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩვენს მიზნებს ახლო აღმოსავლეთში და სხვაგანაც. პრეზიდენტი ობამა რუსეთის მმართველი რეჟიმის გვერდით დგას იმის წინააღმდეგ, რაც საფუძვლად უდევს ამერიკის პოლიტიკას“, წერს მარტინ პერესი.

ობამას განცხადებაზე სრულიად განსხვავებული - დადებითია გამოხმაურება ყოველდღიურ „ლოს ანჯელეს ტაიმსში“, ისევე როგორც „ნიუ იორკ ტაიმსში“, რომელშიც ვკითხულობთ: „იმის თქმა, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხში უფრო მოქნილი იქნება, არ ნიშნავს რომ ობამა უკან დაიხევს“. იქვე „ნიუ-იორკ ტაიმსი“ მკაცრად აკრიტიკებს ობამა-მედვედევის საუბარზე რესპუბლიკელი მიტ რომნის გამოხმაურებას. საქმე ისაა, რომ რომნიმ, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციის რეალური შანსი აქვს, რუსეთს უწოდა ამერიკის „ნომერი პირველი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე“. რომნის ეს შეფასება, „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაბეჭდილი კომენტარის ავტორის აზრით, ცხადყოფს "ან საერთაშორისო პოლიტიკის შოკისმომგვრელ უცოდინრობას, ან კიდევ ლაჩრულ პოლიტიკას".

მოკლედ, მწვავე განცხადებები კეთდება მას შემდეგ, რაც ობამას და მედვედევის შეხვედრისას მიკროფონები მოულოდნელად ჩართული აღმოჩნდა.

როგორც პოპულარული სატირული პროგრამის, „დეილი შოუს“ წამყვანი, ჯონ სტიურტი დაასკვნის (მისი პროგრამის ყურება ტელეკომპანია CNN-ზე არის შესაძლებელი), მთელ ამ ამბავს დადებითი მხარეცა აქვს: მედვედევმა „ვლადიმირს“ აღარ უნდა გადასცეს ის, რაც ობამამ დააბარა. ჩართული მიკროფონების წყალობთ, ვლადიმირიც ყველაფერს ტელევიზორში მოისმენდაო...
XS
SM
MD
LG