Accessibility links

საქართველოში ტურისტული მომსახურების გაუმჯობესებას ცდილობენ


თელავის რეკონსტრუქციის პროექტი

თელავის რეკონსტრუქციის პროექტი

საქართველოში კვლავ იზრდება დასასვენებლად თუ საქმიანი მიზნებით ჩამოსულ ტურისტთა რიცხვი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან დაახლოებით 40 პროცენტით მოიმატა საქართველოს სტუმართა რაოდენობამ. ამ მაჩვენებლების ზრდასთან ერთად სულ უფრო აქტუალობას იძენს ტურისტული მომსახურების ხარისხის პრობლემა.

ტურიზმი კვლავაც რჩება საქართველოს ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად. თუ გასულ წელს ქვეყანას დაახლოებით 3 მილიონი ტურისტი ესტუმრა, წელს გაცილებით მეტს მოელიან. ასეთი პროგნოზის გაკეთების საფუძველს 2012 წლის პირველი ორი თვის შედეგები იძლევა, რომლის მიხედვითაც, ვიზიტორების რიცხვმა 41 პროცენტით მოიმატა. ხელისუფლება ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად. წელს, სამთო სათხილამურო კურორტების განვითარებასთან ერთად, ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო კახეთის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.

ახალი სასტუმროებისა და რესტორნების მშენებლობის თუ სხვა კერძო თუ სახელმწიფო პროექტების განხორციელების მიუხედავად, ჯერჯერობით ბევრი არაფერი შეცვლილა ტურისტული სერვისის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ეს თავად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა მარტის შუა რიცხვებში ტურიზმის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში სტუმრობისას:
მთელ რიგ ადგილებში ზაფხულში, მაგალითად, იგივე ზღვაზე გაჭირდა, იმიტომ რომ ფასი და ხარისხი არ შეესაბამება ერთმანეთს ...
”სამწუხაროდ, ჩვენი პერსონალი არ არის მომზადებული, ჩვენ ეს კარგად ვიცით. ვაღიაროთ, რომ კვალიფიკაცია არის ძალიან დაბალი. ბათუმში უკვე დღეს ინდუსები მუშაობენ, თურქები შემოვიდნენ და არ უნდა გაგვიკვირდეს, ასე მოხდება. ის ინდუსი ლაპარაკობს ინგლისურად და მომსახურება იცის და ეს არ არის კარგი, თუ უცხოელი შემოვა და დაიკავებს ჩვენს ადგილს. მე მირჩევნია, რომ ჩვენები ყველა დონეზე იყვნენ, მარტო პერსონალი კი არა, უნდა იყოს, პირველ რიგში, მფლობელი, ბიზნესები უნდა შექმნან ქართველებმა. და ყველა დონეზე, პირველ რიგში, დასაქმდეს ადგილობრივი მცხოვრები, ეს არის ჩვენი ამოცანა და ამისთვის ჩვენ გვჭირდება კვალიფიკაცია.”

ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ტურიზმის სასწავლებელში გააკეთა, რომლის სტუდენტები სასტუმროს მენეჯმენტის, მიმტანის, მზარეულის და სხვა ტურისტულ მომსახურებას ინგლისურ ენაზე ეუფლებიან. სახელმწიფო მათ 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერით ეხმარება. მაგრამ, როგორც თავად პრეზიდენტი აღნიშნავს, რთულად მიმდინარეობს სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ობიექტების იმაში დარწმუნება, რომ მათ პერსონალს გადამზადება ესაჭიროება. მიხეილ სააკაშვილი ტურისტული ბიზნესისადმი არასწორ მიდგომაზე საუბრობს:

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტურიზმის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტურიზმის საერთაშორისო სასწავლო ცენტრში

”მთელ რიგ ადგილებში ზაფხულში, მაგალითად, იგივე ზღვაზე გაჭირდა, იმიტომ რომ ფასი და ხარისხი არ შეესაბამება ერთმანეთს. ჰგონიათ, რომ რახან მაინც ბევრი [ტურისტი] ჩამოდის, ავწევ, მოდი, ფასს. თუ ხარისხიც არ ასწიე, ფასის აწევა ავტომატურად გაკარგვინებს - რამდენიც არ უნდა შემოვიდეს, შენთან მაინც არ მოვა. ამიტომ გვინდა მეტი ფიქრი ამ თემებზე.”

საქართველოს სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ობიექტების ფასისა და ხარისხის შეუსაბამობაზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძეც:

”ფასები ჯერჯერობით ისევ და ისევ არ არის შესაბამისობაში სერვისთან მიმართებაში. ამაზე პრეტენზიები ყოველთვის არსებობდა, რომ ფასები საკმაოდ მაღალია და არ შეესაბამება სტანდარტებს.”

თუ უფასოდ ვემსახურებით ჩვენს პირად სტუმრებს, რატომ არ უნდა მოვემსახუროთ ხარისხიანად კომერციულ სტუმარს ...
მომსახურების ხარისხისა და ფასის შეუსაბამობის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არაერთხელ განუცხადებიათ უცხოელ ტურისტებს.

ამ პრობლემის მიზეზს სასტუმროების მფლობელთა მენტალიტეტში ხედავს დავით სუჯაშვილი, ასოციაცია ”გლობალ სტარის” დირექტორი. მისი ორგანიზაცია სასტუმროებსა და რესტორნებს ხარისხის შესაბამის ვარსკვლავებს ანიჭებს:

”საყოველთაოდ ცნობილი არის, რომ ამბიცია გვაქვს სტუმარმასპინძლობაზე და თითოეული ადამიანი ოჯახში, მოგეხსენებათ, როგორ ხვდება თავის სტუმარს, თუმცაღა როდესაც გადადის ეს კომერციულ ჭრილში, იქ უკვე ეს ცოტა მოიკოჭლებს და ცოტა გვავიწყდება რატომღაც და... რატომ? თუ უფასოდ ვემსახურებით ჩვენს პირად სტუმრებს, რატომ არ უნდა მოვემსახუროთ ხარისხიანად კომერციულ სტუმარს, რომელიც ამაში გარკვეულ საზღაურს იხდის?”

ასეთი ვითარების მიუხედავად, ტურისტული ბიზნესით დაკავებული პირები აღნიშნავენ, რომ მომსახურების დონე წლითიწლობით უმჯობესდება და ეს ახალი სასტუმროების გახსნამ განაპირობა, სასტუმროებისა, რომელთა მენეჯმენტს საერთაშორისო კომპანიები ახორციელებენ.

მოელიან, რომ წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 3 მილიონს გადააჭარბებს. მთავრობის სურვილია უახლოეს წლებში საქართველოში 5 მილიონზე მეტი ტურისტი მოიზიდოს. ამიტომ, ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს სარეკლამო კამპანია ჯერჯერობით აუთვისებელ ბაზრებზე. წელს მთავარი მიმართულება პოლონეთია, საიდანაც ტურისტული ნაკადის თითქმის გაორმაგებას ვარაუდობენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG