Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო სოლიდარობის ჯაჭვური აქცია


თბილისის 6 სხვადასხვა მოედანზე 6 სხვადასხვა მოთხოვნით შეკრებილმა ადამიანებმა, სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში, ერთი მთლიანი ჯაჭვის 6 რგოლი შეკრეს. აქციები დღის 3 საათზე დაიწყო. სააკაძის მოედანზე შეკრებილები ადამიანის უფლებების დაცვას მოითხოვდნენ, მარჯანიშვილის მოედანზე - გარემოს დაცვას, ავლაბრის მოედანზე - თავისუფალი მედიის, ვაკის პარკთან - განათლების უფლების დაცვას, ხოლო მრგვალ ბაღთან - სამართლიანი არჩევანის უფლებას, თავისუფლების მოედანზე კი, აქცია ”გაამაგრე გუდიაშვილის” ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას ითხოვდნენ. 5 საათისთვის აქციების ჯაჭვი გუდიაშვილის სკვერში შეიკრა.

”მოითხოვე ადამიანის უფლებების დაცვა”, ”მოითხოვე გამოიძიონ წამების საქმეები, სისხლის სამართლის საქმეები” - ამ ლოზუნგით ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მოქალაქეები სააკაძის მოედანზე შეკრიბა. ხალხი არ იყო ბევრი, თუმცა საკმარისი იყო იმისათვის, რომ სააკაძის ძეგლის გარშემო ხელჩაკიდებულებს წრე შემოერტყათ.

როგორც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა ამბობს, აქციის მთავარი ადრესატები რიგითი მოქალაქეები არიან:

”მოვუწოდებთ მოქალაქეებს მოითხოვონ გამოიძიონ 7 ნოემბრის აქციის დარბევა, ასევე 26 მაისის აქციის დარბევა. მოვუწოდებთ მოქალაქეებს გამოვიდნენ, გამოხატონ თავისი პროტესტი წამების ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს რამდენიმე ტრანსპარანტი, რომელიც უშუალოდ სოლომონ ქიმერიძის საქმის გამოძიებას ეხება.”
თითოეული ადამიანის გასაკეთებელია ის, რომ ერთმანეთის მოთხოვნებისა და ერთმანეთის საჭიროებების მიმართ ვიყოთ სოლიდარულნი ...
ანი ჭანკოტაძე

თბილისის კიდევ 5 სხვადასხვა მოედანზე, სხვადასხვა მოთხოვნით, საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებდა ”თბილისის ჰამქარი”, ”მედიაკლუბი”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ”მწვანე ალტერნატივა”, ” სამართლიანი არჩევნები”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, სტუდენტების ჯგუფი. ვაკის პარკის წინ შეკრებილი ახლაგაზრდები - მათ შორის უმეტესობა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები - განათლების უფლებას ითხოვდნენ. ”ცოდნა გასაყიდი პროდუქტი არაა” - ასეთი იყო ერთ-ერთი ლოზუნგი, რომელიც ვაკის პარკის წინ მდებარე შადრევნის გარშემო ხელებჩაკიდებულ სტუდენტებს ჰქონდათ. ისინი მოითხოვდნენ სწავლის მაღალი საფასურის შესაბამისი ცოდნის მიღებას, უნივერსიტეტების რეალურ ავტონომიას. ანი ჭანკოტაძე, „ლაბორატორია 1918-ის“ წევრი, ამბობს, რომ სამოქალაქო სოლიდარობის მთავარი აზრია ერთი ადამიანი სხვა ადამიანების პრობლემის მიმართ სოლიდარული იყოს:

”ეს სამოქალაქო აქციები, ეს აქტიურობა არის ინსტრუმენტი და ჩვენ მოგვაჩნია, რომ თითოეული ადამიანის გასაკეთებელია ის, რომ ერთმანეთის მოთხოვნებისა და ერთმანეთის საჭიროებების მიმართ ვიყოთ სოლიდარულნი, რომ ცალკეული ჯგუფები მხოლოდ საკუთარი თავის ამარა არ დარჩნენ.”

ყველაზე მეტი ადამიანი მრგვალ ბაღში მივიდა, სადაც გაიმართა აქცია კამპანია ”ეს შენ გეხებას” ფარგლებში. მრგვალ ბაღში შეკრებილები არჩევანის თავისუფლებას მოითხოვდნენ. სხვა აქციებისგან განსხვავებით, აქ ორგანიზატორებს რიგითი ადამიანები სჭარბობდნენ. მაკა მდივანი ამბობს, რომ ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, მასაც ეხება:

”დაწყებული პატიმრების უფლებით და დამთავრებული იმით, რომ ყველაფერი, რაც ხდება, მართლაც შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანის სახლში მოვიდეს, რეალურად მართლაც ყველაფერი ჩვენ გვეხება. უნდა ამოვიღოთ როგორმე ხმა, არ უნდა ველოდოთ ვიღაცას, რომელიც ოლიმპოს მთაზე ზის და გაგვათავისუფლებს და გაგვაბედნიერებს.”

იქნება პრობლემა ზუგდიდში, ჩევნ წავალთ ზუგდიდში. იქნება პრობლემა თელავში, წავალთ თელავში. ეს არ არის თბილისის მასშტაბის აქცია, ეს ჯაჭვური რეაქციაა ...
ცირა ელისაშვილი
ავლაბრის მოედანზე შეკრებილები მედიის თავისუფლებას ითხოვდნენ, მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილები - გარემოს დაცვას, გუდიაშვილის მოედანზე -კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. იქ აქციის მონაწილეებს ხილის და ღვინის კოქტეილით უმასპინძლდებოდნენ. სოლიდარობის აქციის იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, ”თბილისის ჰამქრის” წარმომადგენელმა დათო გოგიშვილმა გვითხრა, რომ აქციით ამბობს: „ ადამიანები, რომელთაც რაღაც პრობლემების გადაჭრა სურთ, ერთმანეთის მიმართ სოლიდარულნი უნდა გახდნენ.” აქციის მთავარი ადრესატი კი, დათო გოგიშვილის სიტყვებით, მაინც ხელისუფლებაა:

”ხელისუფლება არის ადრესატი, რომელმაც ეს პრობლემები უნდა გადაჭრას თავისი მოქმედებით, მაგრამ, მეორე მხრივ, ადრესატები არიან მოქალაქეებიც, რომლებიც აღარ არიან აქტიურები, რომლებიც ძალიან იმედგაცრუებულნი არიან ხელისუფლების სხვადასხვა მოქმედებების გამო და, არსებითად, ოპოზიციის აქციებითა და არასწორი სტრატეგიითაც და, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, რომ ეს ნიჰილიზმი, ეს იმედგაცრუება მოვკლათ და აქტივიზმი გამოვიწვიოთ.”

საღამოს 5 საათზე გუდიაშვილის სკვერში ჯაჭვის 6 რგოლი გაერთიანდა და, როგორც ”თბილისის ჰამქრის” წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი ამბობს, ერთად შეკრული სამოქალაქო სოლიდარობის ჯაჭვი გამოჩნდება ყველგან, სადაც ამის აუცილებლობა წარმოიშვება:

”იქნება პრობლემა ზუგდიდში, ჩევნ წავალთ ზუგდიდში. იქნება პრობლემა თელავში, წავალთ თელავში. ეს არ არის თბილისის მასშტაბის აქცია, ეს ჯაჭვური რეაქციაა და ზუსტად ეს იყო მთავარი იდეა, რომ ეს რგოლები ერთიან ჯაჭვს ქმნის. ამ პრობლემებით, ჩვენი და ჩვენი მეგობარი არასამთავრობოების მხარდაჭერით, ამ ფრონტს გავხსნით მთელი საქართველოს მასშტაბით.”
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG