Accessibility links

logo-print
საბჭოთა კავშირის შემდეგ ბელორუსიამ, ყახაზეთმა და უკრაინამ უარი თქვეს მათ ხელთ არსებულ ბირთვულ იარაღზე და მალე სარფიანად მოიშორეს თავიდან საშიში მემკვიდრეობა, რაც ამ ქვეყნების უსაფრთხოებასაც წაადგა და ბიუჯეტსაც. თუმცა ამ ქვეყნების მაგალითი ჯერჯერობით სულაც არ არის გადამდები ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სხვა ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებსაც ან უკვე აქვთ, ანდა აპირებენ ბირთვული იარაღის შექმნას. საიტერესოა, რა მიიღეს ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა ბირთვულ იარაღზე უარის თქმის შედეგად.

გასულ კვირაში, სეულში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტის დროს, ყველაზე მეტი ქება წილად ხვდა ყაზახეთს, რადგან საერთაშორისო საზოგადოებისათვის ის იქცა ისეთი სახელმწიფოს ნიმუშად, რომელმაც უარი თქვა ბირთვულ არსენალსა და ამბიციებზე. ამიტომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომლის საგარეო პოლიტიკაში ბირთვულ განიარაღებას ცენტრალური ადგილი უჭირავს, ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს მადლობა გადაუხადა და ცენტრალური აზიის ქვეყნის, როგორც შესაძლო მოდელის, მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურაღება:

“ოცი წლის წინ ყახაზეთმა უარი თქვა ბირთვულ იარაღზე და ამან ქვეყანას არა მხოლოდ განვითარება და კეთილდღეობა მოუტანა, არამედ მთელ მსოფლიოში შექმნა მოდელი ისეთი ბირთვული ნარჩენების ლიკვიდაციისა, რომელიც შეიძლებოდა უკეთურთა ხელში მოხვედრილიყო.“

პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ვაშინგტონის გული კიდევ უფრო მეტად მოიგო 25 მარტის „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატიით, რომელშიც მოუწოდა ირანს „მიბაძოს ყაზახეთს, რომელიც ბირთვულ იარაღზე უარის თქმით უფრო სტაბილური და წარმატებული ქვეყანა გახდა და მსოფლიოშიც მეტი მეგობრები შეიძინა.“
ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ჩვენ შევძელით წარმოგვეჩინა ყაზახეთი საუკეთესო მხრიდან, შეგვექმნა საინვესტიციო პირობები და მიგვეღო არა მხოლოდ კოლოსალური მოცულობა ინვესტიციებისა ...

ყაზახეთის ვეტერანი ლიდერი ამას მხოლოდ ნიშნის მოგებით არ ამბობდა. იმ სამი სახელმწიფოდან, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უეცრად ბირთვულ სახელმწიფოებად გადაიქცნენ, ყაზახეთმა ყველაზე უფრო მეტად იხეირა. ნაზარბაევის შორსმჭვრეტელური და მოქნილი პოლიტიკის წყალობით, ყაზახეთმა საშიში ნარჩენებისაგან გაწმინდა სემიპალატინსკის საცდელი ბირთვული პოლიგონი და ახლა ცდილობს მის ტერიტორიაზე დააბინაოს ბირთვული საწვავის საერთაშორისო ბანკი იმ ქვეყნების ელექტროსადგურების საწვავით მოსამარაგებლად, რომლებიც ატომის ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

ტულეჯინ ზუკიევი, ყაზახეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ამბობს, რომ ბირთვულ იარაღზე უარის თქმამ ყაზახეთი საერთაშორისო პოლიტიკის შუაგულში მოაქცია:

„ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ჩვენ შევძელით წარმოგვეჩინა ყაზახეთი საუკეთესო მხრიდან, შეგვექმნა საინვესტიციო პირობები და მიგვეღო არა მხოლოდ კოლოსალური მოცულობა ინვესტიციებისა, პირველ ყოვლისა, ნავთობისა და გაზის სფეროში, არამედ ასევე შევძელით შეგვექმნა სასურველი პირობები, რათა ყახაზეთი აღიარებული ყოფილიყო როგორც ძალიან პასუხისმგებელი ქვეყანა, შეგნებული სახელმწიფო ხელისუფლებით, რომელთანაც შესაძლებელია მოლაპარაკებების წარმოება.“

ყაზახეთის მსგავსად, საგრძნობი სარგებელი ნახა უკრაინამაც, კიდევ ერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, რომელსაც კავშირის დაშლის შემდეგ ასევე დარჩა ბირთვული შეიარაღება და ძალზე სახიფათო მემკვიდრეობა, ჩერნობილის დაზიანებული ატომური ელექტროსადგურის სახით. თავდაცვის საკითხების უკრაინელი ექსპერტის მიხაილო სამუსის აზრით, ბირთვულ არსენალზე უარის თქმით კიევმაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარება მიიღო:

ჩვენ არანაირ კომპენსაციაზე არ შევთანხმებულვართ, ჩვენ არანაირი პირდაპირი კომპენსაცია არ მიგვიღია ბირთვული იარაღის გადაცემისათვის და არ ვღებულობთ ამ კომპენსაციას არც ახლა ...
„ყველაზე დიდ პლუსად მე დავასახელებდი დახმარების მიღებას ჩერნობილის პრობლემის გადაჭრაში, კერძოდ იმას, რომ აშშ და ბირთვული კლუბის სხვა წევრები აგროვებენ აუცილებელ სახსრებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ისეთი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რომელმაც ეს სადგური უსაფრთხო უნდა გახადოს.“

გარდა ამისა, აშშ ეხმარება უკრაინას ქალაქ ხარკოვში უახლესი ნეიტრონული წყაროების გადამამუშავებელი ობიექტის მშენებლობაში, რაც უკრაინას შესაძლებლობას მისცემს აწარმოოს 50-ზე მეტი სახეობის საწარმო და სამედიცინო იზოტოპები.

ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე ნაკლები კომპენსაცია მემკვიდრეობით მიღებულ ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ ბელორუსიამ მიიღო. ამის მიზეზად ბელორუსიის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მეჩისლავ ჰრუბი ბელორუსიის ხელისუფლების არათანმიმდევრულ, დასავლეთისათვის მიუღებელ პოლიტიკას ასახელებს:

„ჩვენ არანაირ კომპენსაციაზე არ შევთანხმებულვართ, ჩვენ არანაირი პირდაპირი კომპენსაცია არ მიგვიღია ბირთვული იარაღის გადაცემისათვის და არ ვღებულობთ ამ კომპენსაციას არც ახლა. არ უარვყოფ, რომ რუსეთის მხრიდან ბელორუსია მუდმივად ღებულობდა დახმარებას, ასევე მუდმივად ეხმარებოდა ბელორუსიას აშშ-იც, მაგრამ ამ დახმარებას ამერიკიდან ბელორუსია ნან-ლუგარის კანონის შესრულებისათვის, ჩვეულებრივი შეიარაღების განადგურებისათვის ღებულობდა. პირდაპირ კომპენსაციას რაც შეეხება, ჩვენ უანგაროდ ვთქვით უარი ბირთვულ შეიარაღებაზე.“

თუმცა ყაზახეთმა, უკრაინამ და ბელორუსიამ ბირთვულ იარაღსა და ნარჩენებზე უარი თქვეს ბირთვული ეპოქისაგან მემკვიდრეობით მიღებული კიბოს დაავადებისა და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული შიშის გამო. რაც შეეხება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი და პოტენციურად ირანიც, ისინი საკუთარ თავს საერთაშორისო წესრიგის ისტორიულ მსხვერპლად მიიჩნევენ და საკუთარ ბირთვულ პროგრამებს პრესტიჟისა და უსაფრთხოების გამოხატულებად თვლიან.

თანაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზემოხსენებულ სახელმწიფოებს დარჩათ ბირთვული არსენალები, მაგრამ არ გააჩნდათ მისი შენახვის საშუალებები. ამიტომაც არ გასჭირვებიათ სახიფათო მემკვიდრეობაზე უარის თქმა. თუმცა დღემდე არ არსებობს არც ერთი მაგალითი, რომ ქვეყანას უკვე გადაელახოს ზღვარი, შეექმნას ბირთვული იარაღი და უარი ეთქვას მასზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG