Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუტიზმი - ვიცოდეთ მის შესახებ


2 აპრილი - აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე - საქართველოში წელს მეორედ აღინიშნება. ინიციატორები და ორგანიზატორები „საქართველოს აუტიზმის საზოგადოება“ და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" არიან. საქართველოში აუტისტური სპექტრის აშლილობათა სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა: ყოველი 110 ბავშვიდან ერთს აუტიზმი აქვს. როგორც ექიმები ამბობენ, აუტიზმის სრული განკურნება დღეს შეუძლებელია, თუმცა ადრეულ ასაკში (3 წლამდე) დიაგნოსტიკა და მკურნალობა სიტუაციას აუმჯობესებს.

ბექა 10 წლის არის. ის ახლა სკოლაშიც დადის და ჭამაც ძალიან უყვარს. ორწლინახევრის იყო, ლაპარაკი რომ შეწყვიტა. მერე ჭამაზეც უარი თქვა. რამდენიმე თვის განმავლობაში ექიმებმა მისი ცვლილების მიზეზი ვერ გამოიცნეს. საქართველოსა თუ საზღვარგარეთ ჩატარებული ანალიზების პასუხებმა ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემები ვერ გამოავლინა. ბექა 3 წლის ხდებოდა, აუტიზმის დიაგნოზი რომ დაუსვეს. მისი განსხვავებული ქცევის მიზეზების ძიება პირველად დედამ, ნინო ბანძელაძემ, დაიწყო. ნინო ბექას ფოტოს მაჩვენებს. ბექას პორტრეტი ერთ-ერთია ფოტოგრაფ გიორგი ცაგარელის იმ ფოტოგამოფენიდან, რომელიც აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს - 2 აპრილს - მიეძღვნა:

”ნელ-ნელა შეამცირა სიტყვების რაოდენობა. ოთხსიტყვიანი წინადადებები სამამდე დაიყვანა, მერე ორამდე და, ბოლოს, სულ შეწყვიტა ლაპარაკი. შეეძლო საათობით ეტრიალებინა, მაგალითად, შარფი. დაიწყო ერთი და იმავე სათამაშოთი თამაში. ბიჭები მანქანებს აგორებენ და ისე თამაშობენ ხოლმე, მას კი ეჭირა ხელში მანქანა, ბორბალს ატრიალებდა და საათობით უყურებდა მას. ექიმებმა ვერაფერი გაიგეს”, - იხსენებს ნინო ბანძელაძე.
ამ ტესტების ჩატარება დღეს თბილისში შესაძლებელია ბავშვთა ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის ცენტრში და მეორე - იაშვილის სახელობის კლინიკის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში ...
მაია გაბუნია

მართალია, ბექა დღესაც არ ლაპარაკობს, მაგრამ, როგორც ნინო გვეუბნება, ის სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. მეგობრებთან და მასწავლებლებთან კონტაქტს წერის საშუალებით ამყარებს. როცა ბექას აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, მაშინ საქართველოში ბევრი არაფერი იცოდნენ ამ დაავადების შესახებ. ბევრი კითხვა აუტიზმთან დაკავშირებით დღემდე პასუხგაუცემელია როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ცნობილია საგანგაშო სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ყოველი 110 ბავშვიდან ერთს აუტიზმი აქვს. ცნობილია აუტიზმის პირველადი ნიშნებიც: სოციალური უნარ-ჩვევების, მეტყველების, ქცევის დარღვევა. სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ აუტიზმის ადრეული აღმოჩენა და დროულად დაწყებული მკურნალობა აუმჯობესებს ბავშვის სოციალიზაციას და დამოუკიდებლობას.

როგორც მაია გაბუნია, ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, გვიხნის, აუტიზმის დიაგნოსტიკა დღემდე გაძნელებულია, რადგან არ არსებობს, მაგალითად, ლაბორატორიული ან თავის ტვინის სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები, რომელიც აუტიზმს გამოავლენს. აუტიზმის დასადგენად ექიმები სპეციალურ ტესტებს მიმართავენ:

”გამოიყენება კითხვარები და ტესტები, რომელშიც ერთიანდება მშობელთან ინტერვიუ, ბავშვზე დაკვირვება. ეს ტესტები მსოფლიოში აპრობირებული ტესტებია და ითვლება იმ სტანდარტად, რომლითაც შესაძლებელია ბავშვის დიაგნოსტიკა. ამ ტესტების ჩატარება დღეს თბილისში შესაძლებელია ბავშვთა ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის ცენტრში და მეორე - იაშვილის სახელობის კლინიკის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში”, - ამბობს მაია გაბუნია.

რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკას აუტიზმთან დაკავშირებით, დღესდღეობით იაშვილის სახელობის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა უფასოდ ჩაუტარდეს პაციენტებს ტესტირება და დიაგნოსტიკა, თუმცა ყურადღების მიღმაა დარჩენილი მეორე ნაბიჯი, რომელიც უკვე დასმულ დიაგნოზს მოჰყვება, ანუ მკურნალობა. როგორც მაია გაბუნია ამბობს, საქართველოში წელიწადში აუტიზმის პრობლემის მქონე დახლოებით 500 ბავშვი ვლინდება, არსებული რეალობით კი, თბილისში მოქმედი რამდენიმე ცენტრი მაქსიმუმ 50 ბავშვის მკურნალობას სწვდება.

ერთ-ერთი ასეთი ცენტრია ”მწვანე სახლი”, რომელიც უკვე ექვსი წელია ფუნქციონირებს. მარინა ტარასაშვილი, ფსიქოლოგი და ”მწვანე სახლის” დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან იმ გზების ძიებაზე საუბრობს, რომლებიც ბავშვს დაეხმარება მდგომარეობიდან გამოვიდეს:

”მწვანე სახლი” მუშაობს ფსიქოთერაპიით, მუშაობს ოჯახთან და ბავშვთან ერთად. იქ, პირველ რიგში, ხდება ბავშვისა და მშობლის ისტორიის გაცნობა. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი იკეტება მაშინ, როცა, მაგალითად, დედა სამსახურს იწყებს, ან მაშინ, როცა დედა ბავშვის ძუძუთი კვებას წყვეტს. ჩვენ არაერთი მსგავსი შემთხვევა გვქონია. როგორც ყველა ბავშვს, ასეთ ბავშვსაც სჭირდება, რომ მას გაუგონ, რომ მის გვერდზე დადგეს ადამიანი, რომელიც გაუგებს მას, რა ემართება. ასეთი მიდგომით, შესაძლებელია, რომ ბავშვი მდგომარეობიდან გამოვიდეს”, - ამბობს მარინა ტარასაშვილი.

საქართველოს აუტიზმის ასოციაციის დირექტორი და დამფუძნებელი ნინო დარსაველიძე აუცილებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, აუტიზმის მქონე ადამიანებს შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირის სტატუსი მიენიჭებათ. მისი თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი პრობლემის გააზრებისა და აღიარებისაკენ და, კიდევ ერთი, ის მოუწოდებს მშობლებს არ დაუმალონ ეს ბავშვები საზოგადოებას:

”თქვენ ხედავთ კედელზე გაკრულ ფოტოებს. ეს არის ფოტოგამოფენა ”აუტიზმის სახეები”. მიმაჩნია, რომ ეს უკვე დიდი მიღწევაა, როდესაც მშობლები თანხმდებიან მათი შვილების სახეები გამოჩნდეს. გამოფენის მიზანია, გავაცნობიეროთ, რომ აუტიზმს, როგორც სიტყვას და როგორც დიაგნოზს, აქვს თავისი სახე... თქვენ ხედავთ ფანტასტიკურ სახეებს”
XS
SM
MD
LG