Accessibility links

logo-print
გორის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართული შეხვედრა კამათში არაერთხელ გადაიზარდა. საკრებულოს თავმჯდომარეს, ზვიად ხმალაძეს, „ქართული პარტიის“ წევრი თემურ აფხაზაშვილი ღიად აკრიტიკებდა. საკრებულოს თავმჯდომარე „ჩართულობის ცენტრში“ კითხვებზე საპასუხოდ მივიდა. ცენტრის თანამშრომლებმა, საზოგადოების გამოკითხვის შედეგად, ხელისუფლებისთვის დასასმელი 10 კითხვა წინასწარ მოამზადეს. ამ შეხვედრას სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კითხვები ეხებოდა სოფლის მეურნეობის განვითარებას, ომით დაზარალებული სოფლების დახმარებას, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას, სოფლების გაზიფიცირებას, მოახლოებულ არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ასე შემდეგ. „ქართული პარტიის“ წევრი საკრებულოს თავმჯდომარის პასუხებით უკმაყოფილო იყო. თემურ აფხაზაშვილმა შეხვედრა დასრულებამდე დატოვა. მისი აზრით, ზვიად ხმალაძეს კითხვებზე პასუხები არ გააჩნდა და მის მიერ გამართული ლექციის ბოლომდე მოსმენას არ აპირებდა. აფხაზაშვილს ყველაზე მეტად ის აინტერესებდა, თუ რატომ აფინანსებს ადგილობრივი საკრებულო პოლიციას, რომელიც ისედაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აფხაზაშვილს ხმალაძის პასუხი აღარ მოუსმენია, საკრებულოს თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ პოლიციის დაფინანსებით კანონს არ არღვევს. ამ მცირეოდენ დაფინანსებას კი შედეგად ის მოსდევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის საფეხბურთო კლუბის განვითარებისთვის უფრო მეტ თანხას ხარჯავს.

ყველაზე დიდი კამათი სოფლის დახმარების პროგრამაში არსებულ ხარვეზებს მოჰყვა. ოპოზიციის აზრით, ამ პროგრამაში საზოგადოების ჩართულობა ნაკლებია. ხმალაძის აზრით კი, მენტალობის პრობლემაა, როცა ხალხი საქმის კეთებას მხოლოდ ხელისუფლებას აკისრებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები აუცილებელია, რადგან საზოგადოების წარმომადგენლებს ხელისუფლების პირველი პირებისთვის კითხვების პირდაპირ დასმის საშუალება ეძლევათ. მისი აზრით, სხვა საკითხია კითხვების შინაარსი და მათზე გაცემული პასუხები. ბებიაშვილის აზრით, საზოგადოების მენტალობის შეცვლაზე საუბარი ზედმეტია, როცა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენელმა ნათია ხაინდრავამ შეხვედრის ბოლოს აღნიშნა, რომ კითხვების შეგროვება მომავალშიც გაგრძელდება, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კი არსებობს დაპირება, რომ ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად ცენტრში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG