Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი: საქართველო თავის მოქალაქეებს არსად მიატოვებს


საქართველო უკვე სახელმწიფოა და თავის მოქალაქეებს არსად მიატოვებს - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ნარკოტიკების უკანონოდ გადატანის ბრალდებით მალაიზიაში დაკავებული დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძის საქმის კომენტირებისას. პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფომ ძალიან ბევრი იმუშავა მალაიზიის ხელისუფლებასთან და დარეჯან კოხტაშვილს სიკვდილით დასჯა პრაქტიკულად, 4-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებითვე, გრძელდება მუშაობა, რათა ბაბუცა გორდაძესაც მსგავსი განაჩენი გამოუტანონ, შემდეგ კი მათ სასჯელი საქართველოში მოიხადონ. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ ვინც მალაიზიის ხელისუფლებასთან მუშაობდა და მათ შორის დაასახელა იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით საყვარელიძე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს გიორგი კარბელაშვილსაც და განაცხადა, რომ ”საოკუპაციო ხელისუფლებას გამოვგლიჯეთ მეზღვაურები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში მძევლად ჰყავდათ.” ოთხი ქართველი მეზღვაური, რომლებიც თურქული კომპანიის კუთვნილი გემით სოხუმის პორტში გასული წლის მაისიდან იმყოფებოდნენ, აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 31 მარტს გადაიყვანეს. მათ მძევლობას კატეგორიულად უარყოფს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება, რომლის განცხადებით, ქართველი მეზღვაურები სოხუმის დატოვებაზე უარს იმ იმედით ამბობდნენ, რომ თურქი გემთმფლობელი დანაპირებს შეუსრულებდა და რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანებას გაუსტუმრებდა.
XS
SM
MD
LG