Accessibility links

logo-print

ბრიტანეთში გამოაშკარავდა ახმედ ზაკაევის მოკვლის ფარული გეგმა


ახმედ ზაკაევი

ახმედ ზაკაევი

დიდი ბრიტანეთის მედიის ინფორმაციით, მას ხელთ ჩაუვარდა ამ ქვეყნის სპეცსამსახურების დოკუმენტი, რომელშიც ჩეჩენ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის, ლონდონში დევნილობაში მყოფი ახმედ ზაკაევის მოკვლის ფარულ გეგმაზეა საუბარი.

ბრიტანული გამოცემა „სანდეი ტელეგრაფი“ პირველ აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში ამტკიცებს, რომ მას ხელთ ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელსაც ბრიტანული დაზვერვის სამსახური ემ-5 ახმედ ზაკაევის მკვლელობის ფარულ გეგმას უწოდებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ გეგმის უკან ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ამჟამინდელი ლიდერი, მოსკოვის ფავორიტი რამზან კადიროვი უნდა იდგეს.

როგორც ზაკაევმა უთხრა რადიო თავისუფლებას, იგი ბრიტანული მედიის ცნობას არ გაუკვირვებია:

„ისინი რეგულარულად მაწვდიან ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ არსებობს გარკვეული საფრთხე, მირჩევენ როგორ უნდა მოვიქცე და რა გავაკეთო. ასე გრძელდება უკვე ბოლო 7-8 წლის განმავლობაში. ამიტომ ჩემთვის ეს არ ყოფილა ახალი ამბავი. ცხადია, ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთში არსებობს კრიმინალური რეჟიმი. ჩემთვის ეს უდავო ფაქტია.“
ეს არის აბსოლუტური როშვა და ტყუილი, ვინაიდან რუსეთში ზაკაევი არავის აინტერესებს ...

რამზან კადიროვმა, „სანდეი ტელეგრაფის“ პუბლიკაციის თანახმად, ზაკაევის მოკვლა დაავალა შუახნის მამაკაცს, რომელიც ცნობილია კოდური სახელით აგენტი „E1“. ბრიტანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შუამავალი ჯერ კიდევ 2010 წელს იქნა მიჩნეული საშიშროებად ეროვნული უსაფრთხოებისათვის, მაგრამ სასამართლომ მას დართო ნება ქვეყანაში დარჩენისა. ამ „E1“-ის სახელის მქონე აგენტის შესახებ ცნობილია შემდეგი: იგი 45 წლის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც 2003 წელს ოჯახთან ერთად ჩეჩნეთის ომს გამოექცა ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად.

ეჭვმიტანილს ჰყავს ექვსი შვილი და, როგორც ცნობილია, ჯარისკაცად მსახურობდა ჩეჩნეთის არმიაში. ზაკაევი ამბობს, რომ ეცნობა „E1“-ის მონაცემები, თუმცა არაფერს ამბობს დეტალებზე. რაც შეეხება ჩეჩნეთის პრომოსკოვურ ხელისუფლებას, რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის წარმომადგენელმა ალვი კარიმოვმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბრიტანული მედიის ინფორმაციას შეთითხნილი უწოდა:

„რაც შეეხება იმას, რომ რაღაც კვალი უნდა მიდიოდეს რუსეთში, მე უცენზურო გამოთქმებს არასოდეს ვიყენებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტური როშვა და ტყუილი, ვინაიდან რუსეთში ზაკაევი არავის აინტერესებს. ზაკაევი არც პოლიტიკოსია და, მით უფრო, არც სეპარატისტთა ლიდერი, ისევე როგორც არც სეპარატისტები არსებობენ.“

თუმცა ჩვენი კოლეგა, ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების ექსპერტი ანდრეი ბაბიცკი ამბობს, რომ ზაკაევი საზღვარგარეთ მყოფ იჩქერიის წარმომადგენელთა შემაკავშირებელ ფიგურად რჩება, რაც კადიროვს საშინლად უშლის ნერვებს. ზაკაევი, რომელიც საკუთარ თავს დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ლიდერს უწოდებს, 2001 წლიდან იძებნება რუსეთის ხელისუფლების მიერ ტერორიზმისა და ადამიანის მკვლელობების ბრალდების გამო. ბრიტანეთის სასამართლო კი უარს ამბობს გადასცეს ზაკაევი რუსეთის ხელისუფლებას.

გაზეთ „სანდეი ტელეგრაფის“ თანახმად, აგენტი „E1“ კადიროვის ყოფილი მცველის უმარ ისრაილოვის მკვლელობაში მონაწილეობდა. ისრაილოვი მკაცრად აკრიტიკებდა ჩეჩნეთის ლიდერს და რამზან კადიროვის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. იგი 2009 წელს ავსტრიის დედაქალაქის ქუჩაში მოკლეს შეიარაღებულმა პირებმა, სავარაუდოდ, ოთხმა ჩეჩენმა, რომლებიც ისრაილოვის შეპყრობას ცდილობდნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG