Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დააწესა 10 მილიონი დოლარი ჯილდო ჰაფიზ საიდზე ინფორმაციისთვის


შეერთებულმა შტატებმა დააწესა 10 მილიონი დოლარი ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც პაკისტანში არსებული გასამხედროებული დაჯგუფების ”ლაშქარ-ე-ტაიბას” ერთ-ერთი დამფუძნებლის დაკავებას შეუწყობს ხელს. აშშ-ის მთავრობის ვებ-საიტზე ჰაფიზ მოჰამედ საიდი ”არაბული ენისა და ინჟინერიის ყოფილ პროფესორად” არის მოხსენიებული. აგრეთვე აღნიშნულია, რომ საიდი არის ისლამისტური ორგანიზაციის - ”ჯამაათ-უდ-დავასა” და მისი სამხედრო ფილიალის ”ლაშქარ-ე-ტაიბას” დამფუძნებელი წევრი. ამ ორგანიზაციის მიზანია ისლამისტური მმართველობა დაამყაროს ინდოეთისა და პაკისტანის ტერიტორიებზე. აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, საიდმა დაგეგმა ”ბევრი ტერორისტული აქტი”, მათ შორის 2008 წელს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მოწყობილი ტერაქტი, რომელსაც 165 მშვიდობიანი მოქალაქე და 9 თავდამსხმელი ემსხვერპლა. ჰაფიზ საიდზე ინფორმაციისთვის მაღალი ჯილდოა დაწესებული და ის ”თალიბანის” ლიდერ მულა ომარზე დაწესებულ ჯილდოს უტოლდება. ”ალ-ყაიდის” ლიდერ აიმან ალ-ზავაჰრიზე დაწესებული ჯილდო უფრო მაღალია და 25 მილიონ დოლარს შეადგენს. ”ლაშქარ-ე-ტაიბა” 1980 წელს დაფუძნდა პაკისტანის დაზვერვის უწყების ხელშეწყობით და მიზანი მტრულ ინდოეთზე ზეწოლა იყო, ქაშმირის ტერიტორიის გამო არსებულ დავაში. 2002 წელს აშშ-ის მხრიდან ზეწოლის გამო პაკისტანმა აკრძალა ”ლაშქარ-ე-ტაიბა”. ჰაფიზ საიდი კი განაგრძობდა პაკისტანში მოღვაწეობას და საჯარო გამოსვლებს. ”ფრანს პრესის” ცნობით, საიდმა 27 მარტს ისლამაბადში გამართულ მრავალათასიანი მიტინგის მონაწილეებს მიმართა. ინდოეთი მუმბაის თავდასხმებში ”ლაშქარ-ე-ტაიბას” სდებს ბრალს და ჰაფიზ საიდი ინდოეთის მიერ პაკისტანისთვის წარდგენილ ძებნილთა სიაში ლიდერობს. ინტერპოლს საიდზე დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. მუმბაიში თავდასხმების შემდეგ პაკისტანმა ჰაფიზ საიდს შინაპატიმრობა მიუსაჯა და მოგვიანებით ეს სასჯელიც მოუხსნა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.
XS
SM
MD
LG