Accessibility links

logo-print
3 აპრილის ქართული პრესის მიმოხილვა ”ალიათი” დავიწყოთ. სკანდალური ”ინფორმაცია შვეიცარიდან! ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”- ასეთია გამოცემის მეწინავე სტატიის სათაური. სტატიაში წაიკითხავთ: ”მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საფრთხე ემუქრება და შეიძლება მაშინ განხორციელდეს, როცა ის რეგიონებს ესტუმრება”. ეს სკანდალური განცხადება საქართველოდან დევნილმა ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ საკუთარ ფეისბუკზე გამოაქვეყნაო, წერს „ალია“. გამოცემა დეტალების დასაზუსტებლად ვახტანგ კომახიძესაც დაჰკავშირებია. ვახტანგ კომახიძე „ალიასთან“ აზუსტებს, რომ ინფორმაცია ამის შესახებ წყარომ მიაწოდა და, მასთან კომუნიკაციის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებს უფრო მეტს ეტყვის: ”რა თქმა უნდა, პირადად ბიძინა ივანიშვილი ვერ შემხვდება, მაგრამ თუ მისი წარმომადგენელი შემხვდება, შემიძლია უფრო კონკრეტული დეტალები გავუმხილო”. „ალია“ წერს ,რომ ამ თემაზე კომენტარისთვის გამოცემა გია ხუხაშვილს დაუკავშირდა. ”ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და, სამწუხაროდ, ქვეყანაში ჩვენ ისეთი მძიმე გამოცდილება გვაქვს, რომ, რა თქმა უნდა, გამოსარიცხი არაფერი არ არის ”, პასუხობს გია ხუხაშვილი ”ალიას”.
გაზეთი ”ახალი თაობა” ახლად შექმნილი ორგანიზაციის, ”ამომრჩეველთა ლიგის” შესახებ წერს. სტატიაში ”ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკაში ბრუნდება” ნათქვამია, რომ ”რამდენიმეთვიანი გაუჩინარების შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა ლევან გაჩეჩილაძე... პრესაში ბოლო დროს აქტიურად საუბრობდნენ, რომ გაჩეჩილაძე მესამე ძალის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი გახდებოდა, ეს მესამე ძალა კი ნინო ბურჯანაძეს, „ეროვნულ ფორუმს“, კახა კუკავას და ძმებ გაჩეჩილაძეებს უნდა შეექმნათ”. ამ მესამე ძალის შექმნა,წერს „ახალი თაობა“ , ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში არ შედიოდა და სწორედ ამიტომ დათანხმა ის ”ეროვნული ფორუმის” საკუთარ რიგებში შეშვებაზე, ახლა კი, განაგრძობს „ახალი თაობა“, ”ოცნების კარი, სავარაუდოდ, ”ამომრჩეველთა ლიგისთვისაც“ გაიღება. ბოროტი ხმები ამბობენ , რომ ეს ლიგა იმიტომ შექმნეს, გაჩეჩილაძე ივანიშვილთან შეეპარებინათო”.

გაზეთი „24 საათი“ წერს, რომ საჯარო რეესტრს გარდაცვალების ცნობის ”არ სჯერა” და ორ მოწმეს ითხოვს. „24 საათის“ ავტორი თავისი მეგობრის დედის მაგალითზე წერს: ”ხანდაზმული ქალბატონი ცდილობს როგორმე სახელმწიფოს დაუმტკიცოს, რომ 4 წლის წინ გარდაცვლილი მისი მეუღლე ვერანაირად ვერ მოიხმარს წყალს და, შესაბამისად, გადასახადსაც ტყუილად იხდის. ჩემი მეგობრის დედა მარტო არ არის - ასეთი ადამიანები იმდენად ბევრნი არიან, საგანგებო სარკმელიც კი გამოუყვეს რაიონულ განყოფილებებში ”, ნათქვამია „24 საათის“ სტატიაში - ”მართალი, მაგრამ დაუჯერებელი ამბავი”. გამოცემა წერს:

"მას შემდეგ, რაც ნაგავი დენს მიაბეს და გადასახადებმა საგრძნობლად იმატა, ბუნებრივია, მოსახლეობის ნაწილს აღარ მოუნდა დამატებით იხადოს ფული გარდაცვლილი ოჯახის წევრების მაგივრადაც. საქმე ისაა, რომ სახელმწიფოს არ აკმაყოფილებს შესაბამის უწყებებში კანონის სრული დაცვით გაცემული გარდაცვალების ცნობა და რეესტრი 2 მოწმის მიყვანას ითხოვს“.
ამიტომ „24 საათის“ ავტორი სახელმწიფოს მიმართავს:

”ძვირფასო სახელმწიფოვ! თუ თქვენ მიერვე გაცემულ ცნობაში ეჭვი გეპარებათ და დარწმუნებული ხართ, რომ საიქიოდან სააქაოში ადამიანები მაინც ბრუნდებიან და ამ ცოდვილ მიწაზე, ასე ვთქვათ, არალეგალურად იმყოფებიან, მოწმეებს როგორღა ენდობით? განა ასე ძნელია მეზობელს ან მეგობარს გაურიგდე და იმათაც უპრობლემოდ დაადასტურონ, რომ, მართალია, მკვდრეთით აღმდგარი ოჯახის წევრები არჩევნებში კი იღებენ მონაწილეობას და წყალსაც მოიხმარენ, მაგრამ გადასახადების გადახდას თავს არიდებენ?"
XS
SM
MD
LG