Accessibility links

logo-print
შიდა ქართლში რეგისტრატორების ტრენინგები დასრულდა. რეგიონში 800 მსურველიდან 718 ადამიანი შეირჩა, რომლებიც კარდაკარ ივლიან და საარჩევნო სიას დააზუსტებენ. შერჩეულ კადრებს თითქმის ერთი თვის განმავლობაში სპეციალურად ამზადებდნენ - ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა მიეღოთ კონკრეტული ოჯახიდან იქ მცხოვრები პირების შესახებ ინფორმაცია. მომზადებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც ამ პროცესში ჩართულ ადამიანებს სამუშაოს შეუმსუბუქებს. რეგისტრატორები 20 აპრილიდან კარდაკარ სიარულს დაიწყებენ და მაისის ბოლომდე ინფორმაციის შეგროვებას დაასრულებენ. ივნისიდან აგვისტომდე მიღებული შედეგების გადამოწმება მოხდება, აგვისტოში კი ამომრჩეველთა საბოლოო სია დაიდება. საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის შიდა ქართლის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სოსო ბორცვაძე ამომრჩევლებს მოუწოდებს რეგისტრატორებთან ურთიერთობაში მაქსიმალურად გახსნილები იყვნენ.

რეგისტრატორთა სამუშაო ანაზღაურდება. თითოეული მათგანი 100–200 ლარამდე მიიღებს. კონკურსის გამოცხადების შემდეგ, მასობრივი უმუშევრობის გამო, კომისიას კადრების შერჩევა არ გასჭირვებია. რეგისტრატორებად ყველა ასაკის ადამიანები იმუშავებენ, უპირატესობა კი იმ კადრებს მიენიჭათ, რომლებსაც სიების დაზუსტების პროცესში ადრეც მიუღიათ მონაწილეობა. სოსო ბორცვაძის განცხადებით, სიების დაზუსტების კომისიის ბოლო ეტაპის სამუშაო მონაცემების შესაბამის უწყებებთან გადამოწმება იქნება, მაგრამ იგი დღესვე აცხადებს, რომ არსებულ საარჩევნო სიაში არაერთი დარღვევა უკვე აღმოჩენილია.

არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში გადადის. საოლქო კომისია უკვე ოფისის შესაცვლელად ემზადება. აქამდე კომისია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში იყო განთავსებული, მაგრამ ახალი კოდექსით ეს უკვე დაუშვებელია. საოლქო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი აცხადებს, რომ ახალი შენობა უკვე შერჩეულია.

საოლქო საარჩევნო კომისია სტალინის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ოფისში გადადის, „ნაციონალური მოძრაობა“ კი იქვე ახლოს ჭადრაკის სასახლის ყოფილ შენობას დაიკავებს. აქედან 200 მეტრში ცოტა ხნის წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისიც გაიხსნა. ასე რომ,კონკურენტებს ოფისიდან გაუსვლელად შეეძლებათ ერთმანეთზე დაკვირვება. აღსანიშნავია, რომ გორში ყველაზე პოლიტიკური ქუჩა სტალინის ქუჩაა, სადაც თითქმის ყველა პარტიის ოფისი მდებარეობს.
XS
SM
MD
LG