Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის შტაბ-ბინაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღო და შეაქო საქართველო მის მიერ ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულებისა და შიდა რეფორმების განხორციელების გამო. „ყველა მიმართულებით, საქართველო ალიანსთან პარტნიორობის, თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების მოდელია და მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ ეს გზა“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. თუმცა, რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველოს წინ დიდი გზა და მნიშვნელოვანი გამოცდების ჩაბარება ელოდება საპარლამენტო არჩევნების სახით. „ეს არის გრძელი გზა, და ყოველ ჯერზე მასზე ჩვენ თითო ნაბიჯს ვდგამთ. მაგრამ თქვენ უკვე გაქვთ კარგი პროგრესი. და მჯერა, რომ რაკი წლევანდელი არჩევნები გიახლოვდებათ, თქვენ აუცილებლად გააგრძელებთ პროგრესსა და რეფორმებს. ეს არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოს დემოკრატიისათვის და შანსი იმის ჩვენებისა, თუ რა შორს ხართ წასული“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ბრიუსელში 3 აპრილს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებაზე, კერძოდ გადაწყვეტილებაზე, გაზარდოს ქართული ქვედანაყოფის რაოდენობა ნატოს სარდლობით მოქმედ ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერ ოპერაციაში. „ვიცით, რომ აქ არის რისკი. მაგრამ ვიცით ისიც, რომ ეს გვაახლოებს ალიანსთან და ეთანადება საქართველოს ისტორიას, რომელიც ცივილიზებული, დიდი დასავლეთის, ამ შემთხვევაში დემოკრატიული, დიდი თანამეგობრობის შემადგენელი ნაწილის,“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG